Monday, January 16, 2012

ცოცხალია თუარა ჰაკიმულლა?!

 ჰაკიმულლაჰ მეჰსუდი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაცია ამჯერად დასავლურმა სააგენტოებმა, პაკისტანურ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელეს. ბოლო მონაცემებით პაკისტანის შეიარაღებული ძალების დაზვერვის დეპარტამენტმა "თალიბების" სატელეფონო საუბრების ჩანაწერო მოიპოვა, სადაც ისინი 12 იანვარს, ლიდერის გარდაცვალების შესახებ საუბრობენ.


აღნიშნული ინფორმაცია უკვე უარყო მოძრაობა თალიბანმა. მათი განცხადებით ინფორმაცია ჰაკიმულლას გარდაცვალების შესახებ მტკნარი სიცრუე და დასავლური სპეცსამსახურების მორიგი პიარ-კამპანიაა.  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტერორისტის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აქამდე რამდენჯერმე არასწორი აღმოჩნდა.


ჰაკიმულლას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პირველად 2010 წლის იანვარში გავრცელდა. 14 იანვარს ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ შახტოის რაიონის ერთ-ერთი აულის დაბომბვისას 18 ტერორისტი დაიღუპა, პაკისტანური  სააგენტოების ცნობით დაღუპულთა შორის ჰაკიმულლაც იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ ინფორმაციას თავად ჰაკიმულა გამოეხმაურა -"მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენი მებრძოლები ამერიკის უმსხვილეს ქალაქებს დაარტყამენ, თქვენ კი ამერიკის მოკავშირეებო, სჯობს უარი თქვათ მათთან თანამშრომლობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ალლაჰის მებრძოლები თქვენამდეც მოაღწევენ"




ჰაკიმულლა 1979 წელს, პაკისტანში დაიბადა. ის ტერორისტული მოძრაობა "თალიბანის" პაკისტანურ ფრთას 2009 წლის აგვისტოდან, ბაითულა მეჰსუდის დაღუპვის შემდეგ ხელმძღვანელობს. (პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის, რეხმან მალიკის ინფორმაციით, ბაითულა ზალპურ-რეაქტიული არტულერიის  დაბომბვის შედეგად, ცოლებთან და თანამებრძოლებთან ერთად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დაიღუპა)  ჰაკიმულლა ამ დრომდე ოსამა ბინ ლადენის იდეების მთავარ რეალიზატორად და თალიბთა ერთ-ერთ სასტიკ ემირად არჩება. მისი მებრძოლების კისერზე არაერთი თავდასხმა თუ ტერორისტული აქტია, მათ შორის პაკისტანისა და ავღანეთის ფარგლებს გარეთ. 




2010 წელს ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე პოლიციამ ტერაქტი აღკვეათა. საბრძოლო მასალის აფეთქებას, რომელიც გამნაღმველებმა დროულად გააუვნებელყვეს შესაძლოა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვრეპლი და ნგრევა გამოეწვია. მოგვიანებით ერთ-ერთმა ისლამისტურმა პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დაგეგმილი ტერაქტის უკან პაკისტანელი თალიბები იყვნენ. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით ტერაქტი სწორედ  ჰაკიმულლაჰ მეჰსუდის მებრძოლებმა დაგეგმეს.


 2010 წელსვე ამერიკამ ჰაკიმულლა მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტების სიაში შეიყვანა. მასზე დასავლური სპეცსამსახურები დღემდე ნადირობენ, თუმცა როგორც ჩანს არცთუ ისე წარმატებით. ამ დრომდე მისი ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული არაერთი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, პრესაში გამოქვეყნებულ თითოეულ ინფორმაციას პაკისტანელი ლიდერი თავადვე ეხმაურებაა და მსოფლიოს ახალი ტერაქტებით ემუქრება. საინტერესოა ამჯერად მაინც თუ შეესაბამება სიმართლეს მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

No comments:

Post a Comment