Thursday, November 22, 2012

ნაგორავები - ბრძოლა ხევის გადასარჩენად


ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ყველაფერი მართლა უჩვეულოა. ჯერ აღმართია. ასვლა რთულია, თუმცა სასიამოვნო. მთელი 7 კმ ფეხით, არაჩვეულებრივ ბუნებაში სადაც ერთმანეთს წიწვოვანი ტყის და ალპური ზონის სურნელი ერთვის. მოკლედ გერგეტი მოვილოცეთ, მყინვარწვერიდან მონაბერი ქარიც ჩავყლაპეთ და თავქვე დავეშვით. თავი ჩემი სამოგზაურო ისტორიებით რომ არ შეგაწყინოთ პირდაპირ ჩვენი სტატიის ძირითად თემაზე გადავალ.
რატომღაც ჩვენს დროში ყველა ნაკლებ ყურადღებას აქცევს პუნიკურ ომებს და ლოკალურ შეტაკებებს. არადა ჩვენში მართლა ბევრი ადგილია ისეთი, სადაც თუნდაც საბრძოლო თემასთან დაკავშირებული ისტორიული ექსკურსიების ჩატარებაა შესაძლებელი. მეტიც, თავისუფლად შეიძლება წარსულში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების იმიტირებული გაცოცხლება და ამ ყველაფრის სახალხო დღესასწაულად ქცევა.

 სოფელი გერგეტიდან სამხრეთ-დასავლეთით ერთი პატარა ხეობა შედის, სადაც გორაკზე აღმართული ციხე ჩანს. იქ ჩასული ტურისტებისთვის მთავარი ღირსშესანიშნაობა გერგეტის სამებაა, ამიტომაც ციხეს რატომღაც ყველა ნაკლებ ყურადღებას აქცევს. მთელი დღე მინდოდა ვინმესთვის მეკითხა რა ფუნქცია ჰქონდა ამ კოშკს და ბოლოს გამიმართლა. სამებიდან დაშვებულებს სოფლის ნაპირთან მოხუცი შეგხვდა. მივესალმეთ გამოვეცნაურეთ. ქისტაური იყო, სახელად ჯუმბერი. ჰოდა ვინ სხვა, თუარა 75  წელს გადაშორებული მახევე მეტყოდა კოშკის ამბავს. ამბავი კი ნამდვილად ღირდა იქ მოცდათ და მოსმენად. მეტიც, ჩვენ შეიძლება ამ კოშკის ამბავს თამამად ვუწოდოთ ამ ხეობაში ჩატარებული ჩვენივე ენაზე რომ ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეცოპერაცია.
ამ ადგილებში ოდესღაც თურმე თათრები სახლობდნენ (საუბარია მუსლიმურ ეთნიკურ ჯგუფზე, თუმცა ბატონმა ჯუმბერ ქისტაურმა ვერ გვითხრა თუ საიდან იყვნენ წარმოშობით ეს ხალხი, ჩრდილოკავკასიიდან თუ სხვა კუთხიდან) წლების განმავლობაში ისინი ლაღად და თავისუფლად თანაცხოვრებდნენ მოხევეებთან ერთად. თუმცა როცა მათი რაოდენობა გაიზარდა ამ ჯგუფის ბელადებმა უფლებების გაზრდაზეც იზრუნეს. მათ ჰქონდათ საუკეთესო საძოვარი და სათიბი ადგილები ამ კუთხეში, ჰყავდათ ბევრი საქონელი და ფლობდნენ საუკეთესო სახნავ მიწებს. თათრებმა წლების შემდეგ პრაქტიკულად გერგეტელების შევიწროვება დაიწყეს. მათი საქციელი ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. შეურაცყოფდნენ ქალებს, იპარავდნენ საქონელს და ცდილობდნენ დაეჩაგრათ მოხევეები.
მათი უზნეობით შეწუხებულმა გერგეტელებმა ხევის თემი შეკრიბეს. ხევისბერის და უხუცესების გადაწყვეტილება შეუვალი და ურყევი იყო, მათ ნებისმიერ ფასად უნდა მოეშორებინათ თავიდან მტრად ქცეული მეზობლები,  თუმცა დასაფიქრებელი იყო ერთი ფაქტორი, თათრები გერგეტელებს რიცხობრივად ბევრად აღემატებოდნენ და არც იარაღის ნაკლებობას უჩიოდნენ. სწორედ აქ იჩინა თავი ხევისბერების სიბრძნემ. უხუცესებს არ უნდოდათ კონფლიქტის უმიზეზოდ დაწყება, ამიტომაც უნდა დაეცადათ, სანამ საბაბი იქნებოდა.
გერგეტელები მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. მოხევეები დიდიან-პატარიანად გერგეტის სამებაზე მოილოცავდნენ, სადაც წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ დოღი იმართებოდა. სწორედ აქ უნდა დაწყებულიყო შეტევის ერთი ნაწილი. მანამდე კი მოხევეები ორ ჯგუფად გაიყვნენ. პირველი ჯგუფი სხვებისგან მალულად სოფელში დარჩა. ამ ჯგუფის ფუნქცია გორაკზე მდებარე თათრების ციხის აღება იყო, მეორე ჯგუფი კი შეტევას მთაზე იწყებდა. სოფელში დარჩენილი მოხევეების  ძირითადადი იარაღი ხმლები და მშვილ-ისარი იყო. შეტევას სწორედ ისინი იწყებდნენ. მთაზე ბრძოლა ციხის აღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო, რათა თათრებს უკან დახევის დროს გამაგრება ვერ მოეხერხებინათ. ციხის აღების ამბავს კი ტაძართან ასულებს მსტოვრები შეატყობინებდნენ.
პირველმა ჯგუფმა ციხეზე შეტევა მაშინ დაიწყო, როდესაც მთაზე თათრებმა და გერგეტელებმა დოღი გააჩაღეს. მახევეებმა თითქმის დაუცველი ციხე რამდენიმე წუთში აიღეს და ციხის თავზე ხევის დროშა გადმოკიდეს. რამდენიმე მოხევე ციხეშივე გამაგრდა. ციხის გარეთ დარჩენილ თათარს ეს ყოველივე ხუმრობა ეგონა, ჯერ შეეხვეწა მოხევეებს გაეღოთ მისთვის კარები, შემდეგ კი გაბრაზებულმა ნაჯახი შესტყორცნა ციხის თავზე გადმომდგარ გერგეტელებს. გერგეტელებმა კი საპასუხოდ მშვილდ-ისარი სტყორცნეს მომხვდურს და ადგილზე დააკლეს.
ამასობაში მსტოვრებმა ტაძართან შკრების სოფლელებს და ხევისბერს ციხის აღების შესახებ მოახსენეს. დოღში გამარჯვებულმა  თათარმა ერთ-ერთი მოხევის ცოლზე მიაგდო ცხენი, ქალს ხელი მოხვია და აკოცა. ამ ფაქტის შემდეგ მოხევეებმა ხმლები დააძრეს და თათრებს დაერივნენ. შეტევის დაწყება იმდენად მოულოდნელად მოხდა ზოგმა თათარმა ხმლის ამოღებაც ვერ მოასწრო. მათი მხრიდან დანაკარგი დიდი იყო. თათრებმა უკან, ციხისკენ დახევა დაიწყეს.

მოხევეებმა თათრების დიდი ნაწილი სწორედ უკან დახევისას ამოჟლიტეს. მთის ფერდობზე დაშვებულებს მოხევეები ზემოდან ადვილად უსწორდებოდნენ. გადარჩენილები სოფელში შევარდნენ და ციხისკენ გაიქცნენ, თუმცა იქ მისულებს ციხის კარი დაკეტილი დახვდათ. ციხესთან შეგროვილ თათრებს ადგილზე დარჩენილმა მოხევეებმა მეორე მხრიდან შეუტიეს, კოშკში გამაგრებულებმა კი ზემოდან ისრების წვიმა დაატეხა თავზე მტერს. ალყაში მოყოლილი დემორალიზებული და გულგახეთქილი თათრები კოშკის სამხრეთით გაიქცნენ. ერთადერთი გზა ციცაბო მთაზე გადიოდა, რომლის ავლა არათუ ფეხით, ცხენითაც კი ძნელია. ფერდობზე გაქცეულ თათრებს გერგეტელები ისრებით ცელავდნენ. გაქცეული ორმოცდაათამდე კაციდან მთაზე ასვლა რამდენიმემ შეძლო. დანარჩენები კი ისრით დაკოდილები მთიდან ხეობისკენ მოგორავდნენ.  ბრძოლის შემდეგ მახევეები ამ მთას ნაგორავებს უწოდებენ,  ასე ქვია მას დღემდე. როგორც ბატონმა ჯუმბერ ქისტაურმა გვითხრა მოხევეების მახვილს მხოლოდ ექვსი თათარი გადაურჩა. გადარჩენილებს მთის წვერზე, სათიბში ქვაზე ამოუკაწრავთ - „ბედად თქვენად გერგეტელნო მხოლოდ ექვსიღა დავრჩით“... ეს ქვა ბატონ ჯუმბერს თავად უნახავს ბავშვობაში, როცა მამას სათიბში დაყვებოდა, თუმცა როგორც თვითონ გვითხრა წლების შემდეგ ქვა უკვე მიწის ქვეშ მოექცა.
ნაგორავების ციხის ისტორია ნათლად მიუთითებს ქართველთა ნიჭიერებაზე სამხედრო საქმეში. მცირე ძალებით მტრის დიდი რაოდენობის განადგურება კი მაგალითია ქართველთა გამჭრიახობისა. მოხევეებმა ერთხელ და საბოლოოდ შეძლეს ხევიდან მტრის განდევნა პრაქტიკულად უდანაკარგოდ. მათ შეძლეს ოპერაციის უზუსტესი გათვლა. ბლიცკრიგული სისტემით იმოქმედა პირველმა ჯგუფმა ისე, რომ მტერს შეტევა ბოლო წუთამდე ხუმრობა ეგონა. ოპერატიულად იმოქმედა მსტოვართა ჯგუფმა, რომლებმას საჭირო დროს, საჭირო მომენტში შეატყობინა ციხის აღება მეორე შემტევ ჯგუფს, რომელიც სალოცავზე იყო და ბოლოს ალყა-გათვლა აქაც ზუსტი იყო, მოხევეებმა მტერს ერთადერთი გზა დაუტოვეს, გზა, სადაც თათრებს უფრო მარტივად გაანადგურებდნენ მშვილდ-ისრით და ხელჩართულ ბრძოლაში ნაკლებ დანაკარგს მიიღებდნენ თვითონ. ოპერაციის ასე დაგეგმარებას ჩვენს დროში ლამის რამდენიმე ჯგუფი სჭირდება მისი გეოლოგიური სამსახურით, საჰაერო დავერვით და საცეცხლე მხარდაჭერით, მოხევეებმა კი მსგავს გამარჯვებას მხოლოდ მშვილდ-ისრებით და მახვილებით მიაღწიეს, თან ისე, რომ სამჯერ უფრო მრავალრიცხოვანი მტრისგან მხოლოდ ექვსი კაცი გადარჩა.
და ბოლოს, თუ ვინმე ოდესმე მოხვდებით სტეფანწმინდაში და მოილოცავთ გერგეტის სამებას, უკან დაშვებისას სოფლის კიდესთან მდგარი ძველი ციხე აუცილებლად ნახეთ. სხვათაშორის ამ ციხეს დღემდე ატყვია ნაჯახის კვალი, რომელიც თათარმა ციხის თავზე გამაგრებულ მახევეებს სტყორცნა, რამდენიმე წუთში კი სულმოუთქმელად დავარდა იქვე, ქვის ღობესთან, ღობესთან სადაც სათავე დაედო ხევის გადარჩენის ისტორიას...  

Monday, November 19, 2012

ისრაელი "მტვრის სვეტი"-ს მოლოდინში

ისრაელის არმიის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ებრაულმა მხარემ სამხედრო დაჯგუფება ”ჰამასს” 36-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ღაზადან ისრაელის მისამართით ბალისტიკური რაკეტების სროლა არ შეწყდება, ისრაელი ოპერაცია ”მტვრის სვეტის” შემდგომ ეტაპზე გადავა, რაც სახმელეთო შეტევას გულისხმობს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისრაელმა ღაზაში არსებულ დაახლოებით 80 სამხედრო პუნქტი დაბომბა, ებრაული მხარის მიერ განხორციელებულ მასშტაბური საჰაერო იერიშების შედეგად 88 ადამიანი დაიღუპა, ასეულობით კი დაიჭრა. გუშინს მერე ღაზას სექტორიდან ისრაელის მისამართით რაკეტების სროლის სიხშირე მნიშვნელოვნად დაეცა, ხოლო ნასროლ რაკეტათა უმრავლესობა კი ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ - რკინის გუმბათმა ჰაერშივე გაანადგურა. რაც შეეხება ებრაული მხარის დანაკარგებს, ოპერაციის დაწყების დღიდან, ”ჰამასის” რაკეტებს ისრაელის 3 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.