Wednesday, January 23, 2013

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სროლის ხმა ისმის

22 იანვარს დღის 14-დან 15 საათამდე, სროლის ხმა ისმოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ამ დროს ჩვენი გადამღები ჯგუფი გორის რაიონის სოფელ შინდისში იმყოფებოდა, რომელიც ცხინვალიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ სროლის ხმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან თითქმის ყოველდღე ისმის. სავარაუდოდ გასროლა 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან ხორციელდებოდა, რომელსაც მოქვიანებით მსხილკალიბრიანი ავტომატური ქვემეხების ხმაც დაერთო. სავარაუდოდ სროლის ხმა სოფელი ხეთაგუროვოდან ან სოფელი ხეითიდან მოდიოდა. ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის, რომ სწორედ ამ ტერიტორიებზე აქვთ მოწყობილი პოლიგონები რუს ოკუპანტებს და ოს სეპარატისტებს. ადგილობრივებისვე თქმით დეფაქტო "საზღვრის" პერიმეტრზე ხშირად პატრულირებენ საფრენი აპარატები. შვეულმფრენები აქ ყოველ დილას და საღამოს დაფრინავენ, კვირაში რამდენჯერმე ისმის არტილერიის ხმაც, ალბათ ჰაუბიცების დახმარებით იმ ადგილებში, სადაც ზვავსაშიშროებაა თოვლის საფარს "ფერთხავენ". ამას წინათ რუსების ასეული ზვავში მოყოლილა, ზუსტად ა. ვიცით, მგონი მსხვერპლიც იყო - სოფელი შინდისის მცხოვრებლები. 

Saturday, January 19, 2013

ცხელი აფრიკა - ოპერაცია "საჰარა"

რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ მალის სამთავრობო ძალებმა, ფრანგი სამხედროების დახმარებით, სტრატეგიული ქალაქი კონა დაიკავეს. სამხედრო ოპერაციას მხარს ბრიტანეთი და კანადა უჭერდნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ოფიციალური პარიზი ვერ იქნება ტოლერანტული ტერორიზმის მიმართ. ამიტომ მალიში ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები კვლავ გაგრძელდება.
 ამასთან გაეროს დევნილთა სააგენტო იტყობინება, რომ კონფლიქტის ზონა, მომდევნო თვეებში, შესაძლოა 700 ათასამდე ადგილობრივმა დატოვოს. ამ დროისთვის, დევნილთა რაოდენობა 229 ათასს შეადგენს. ეგვიპტეში კი ისლამისტების ანტი-ფრანგული აქცია გაიმართა. ასობით მომიტინგე კაიროში საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბა. ისინი მალის კონფლიქტში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგებიან. დემონსტრაციას ალ-ქაიდას ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის ძმა მოჰამედ ალ-ზავაჰირიც შეუერთდა და მუსულმანებს მსოფლიოს მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა. არეულობის თავიდან აცილების მიზნით საელჩოს შენობას პოლიცია და სპეც-დანიშნულების ძალები  იცავს.
ალჟირში კი სამხედროებმა ალ-ქაიდას ექსტრემისტული დაჯგუფების სამი ლიდერი გაანადგურეს. მოკლულთა შორის ერთ-ერთი მავრიტანული წარმოშობის, მეორე კი ალჟირელი იყო. მესამე ტერორისტის ვინაუბა უცნობია.
 დაჯგუფება ,,სისხლით ხელმოწერილი”-ს წევრები ნავთობკომპანია ,,ბრითიშ პეტროლიუმის” ტერმინალს ორშაბათს დაესხნენ თავს და მძევლად უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები აიყვანეს. ისინი მალიდან უცხოელი ჯარისკაცების გაყვანას მოითხოვდნენ. გუშინ ტყვეობიდან 650 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა. თუმცა ათობით ადამიანი დაიღუპა. ტელეარხი ,,ალ-ჯაზირას” ინფორმაციით, ტერორისტებს მძევლად არა უმცირეს 30 ადამიანი ჰყავთ დატოვებული. ალჟირში ტერორიზმის გამოვლინება დაგმეს შეერთებლი შტატების სახელმწიფო მდივანმა და მისმა იაპონელმა კოლეგამ. ჰილარი კლინტონის თქმით, მძევლების დასაცავად საერთაშორისო საზოგადოება ყველანაირ ზომებს მიმართავს.

Tuesday, January 15, 2013

საფრანგეთი მალიში სამხედრო ოპერაციას იწყებს

გაერო მხარს უჭერს მალიში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციას. მალის ჩრდილოეთ ნაწილზე ისლამისტურმა დაჯგუფებებმა კონტროლი გასული წლის მარტში მოიპოვეს.
 შედეგად სახელმწიფო ორ ნაწილად გაიყო. ოფიციალურმა პარიზმა, მალის ხელისუფლების თხოვნით, გუშინ ავია იერიში მიიტანა ალ-ქაიდას მოკავშირე აფრიკული ტერორისტული დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე
მანამდე კი ფრანგულმა არმიამ დედაქალაქ ბამაკოში სპეციალური დანიშნულების ძალები და და უცხოური ლეგიონის ქვედანაყოფები გადასხა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორან ფაბიუსის განცხადებით, მალიში სამხედრო ოპერაცია მანამ გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, თუმცა კონფლიქტის ზონაში მშვიდობის ერთადერთი გარანტის როლს საკუთარ თავზე არ აიღებს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მალის თანამშრომლობის ხელი გაუწოდა ალჟირმაც. ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლი ფრანგი ჯარისკაცების სამხედრო თვითმფრინავით ტრანსპორტირებას დროებით კანადა უზრუნველყოფს.



Monday, January 7, 2013

როდესაც უკან საქართველოა


კავკასიონის ცის კაბადონი
ეს შენი სახლი, შენი მდელოა
ლაღად ჩახედე სიკვდილს თვალებში
როდესაც უკან საქართველოა!

უთანასწორო ბრძოლისა შვილებს
სიმღერა გვესმის - ჩვენი რეროა
გასატანია ბურთი სხვა მხარეს,
როდესაც უკან საქართველოა!

როცა ამაყად გადაკვეთ მტრის ხაზს
ჩათვლას დაუდებ, იტყვით ლელოა!
არ დაუღუნო   არავის თავი
როდესაც უკან საქართველოა!

ნუ შეეჩვევი მონობის უღელს
ირბინე ლაღად, შენი მდელოა! 
იყავი შენივე ქვეყნისა ფარი
როდესაც უკან საქართველოა!