Tuesday, June 5, 2012

ყარაბახში სროლები განახლდა

დღეს, დილის 6:30 საათზე აზერბაიჯანის სოფელ აშაგთან სომეხ დივერსიულ ჯგუფთან შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ოთხი სამხედრო გარდაიცვალა.
 ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, კიდევ ერთი სამხედრო, ერთ-ერთ სიმაღლეზე, სომხების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. დაძაბული ვითარებაა დასავლეთ საზღვრის სხვა ნაწილებზეც, სადაც ინტენსიური სროლები მიმდინარეობს.  გუშინ სომხური მხარე იუწყებოდა, რომ ამ მიდამოებში ქვეყნის 3 სამხედრო მოკლეს და 5 დაჭრეს. სომხური მხარის ინფორმაციით გასულ ღამეს აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის სოფელ ჩინარის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დივერსია მოაწყო. აღნიშნულის შესახებ Tert.am-ს სოფლის მცხოვრებმა სამველ საგოიანმა აცნობა. საინფორმაციო პორტალის Tert.am-ის არაოფიციალური წყაროს ინფორმაციით, დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. სამინისტრო მოგვიანებით აპირებს განცხადების გაკეთებას. თვენახევრის წინ კი, მოვსეს-აიგეპარის გზაზე აზერბაიჯანელები სომეხ სამხედროებს დაესხნენ თავს.სოფელ ჩინარის ინციდენტი სომხეთში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტს დაემთხვა

რადიაცია ნაგავსაყრელზე


ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახლადამოქმედებული მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე აღმოჩენილ საეჭვო ნარჩენებში, რადიაციის შემცველობა დადასტურდა.როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, ბირთვული და რადიაციის დეპარტამენტის უფროსმა, ჯუმბერ მამასახლისმა განაცხადა, ნივთიერება, რომელიც ნაგავსაყრელზე დამონტაჟებულმა უსაფრთხოების დეტექტორმა დააფიქსირა, ძალიან მცირე ოდენობით რადიაციას შეიცავდა და სიცოცხლისთის სახიფათო არ იყო.მისი თქმით, უსაფრთხოების სისტემას მომატებული მგრძნობელობა აქვს და მცირე რადიაციის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი განგაშის სიგნალს რთავს. ამიტომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა დეტექტორმა განგაში ატეხა.„განგაში საბჭოთა დროს დამზადებულმა სამედიცინო დანიშნულების პატარა პლასტმასის ფირფიტამ გამოიწვია. მასში რადიაციის შემცველი ნივთიერება ინახებოდა. მედიცინაში რადიოგამოსხივებით მკურნალობა ხშირად გამოიყენება. მკურნალობის პროცესში ის რადიაცია ადამიანის ორგანიზმში ილექება და სხვადასხვა გზით გამოედინება, მათ შორის შარდით“, – განაცხადა ჯუმბერ მამასახლისმა.მისივე თქმით, გამოძიება უკვე დაწყებულია და სამართალდამცავი ორგანოები იმის დადგენას ცდილობენ, თუ როგორ მოხვდა ნაგვის კონტეინერში აღნიშნული პლასტმასის ფირფიტა და სად ინახებოდა ის იქ მოხვედრამდე.შეგახსენებთ, რომ დასუფთავების მანქანაზე საეჭვო ნივთიერება ნაგავსაყრელზე დამონტაჟებულმა დეტექტორმა 1 ივნისს დააფიქსირა.

Monday, June 4, 2012

შეხვედრა ამერიკულ დელეგაციასთან


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებს ჯოზეფ მაკმილანს და ბეტ მაკკორმიკს შეხვდა. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ შეხვედრაზე ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. “მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ის სამომავლო გეგმები, თუ რა მიმართულებით შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს თანამშრომლობა, რათა კვლავ გავაგრძელოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. ჩვენ ასევე შევეხეთ ხვალ დაგეგმილ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომას, რომელსაც პრემიერ მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კლინტონი უმასპინძლებენ,“ განაცხადა ჯოზეფ მაკმილანმა. „დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.  საუბრის ძირითადი თემა იყო ორი მნიშვნელოვანი საკითხი, ერთი ხვალინდელი სხდომის თაობაზე წინასწარი მოლაპარაკებები და ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარების გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, რაც ეხება საქართველოს უსაფრთხოების გარემოს განვითარებას, გაძლიერებას და ამ მიმართულებით გეგმების დალაგებას ჩვენს მეგობრებთნ ერთად“, განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შედგა, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან ფორმატს წარმოადგენს.