Wednesday, July 25, 2012

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებაში


საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაგჯგუფების ბაზაზე სპეციალური სწავლება გაიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დანაყოფი სრულიად საიდუმლოა, ფოტო მასალებში სამხედრო მოსამსახურეთა სახეები დაფარულია. მაგრამ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იამაყოს, რომ ქვეყანას ასეთი ელიტარული ქვედანაყოფი ჰყავს. დღეს, სპეციალურ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. სპეციალური ოპერაციების დანაყოფის სამხედროებმა სხვადასხვა სასწავლო უბანზე რამედენიმე ტიპის ამოცანა შეასრულეს, სადაც ჩართული იყო საცეცხლე მომზადებისა და ტაქტიკური მომზადების ელემენტები. თავდაცვის სამინისტროს ახალი 3 T-ს კონცეფციაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტოტალური თავდაცვაა. ამ მიმართულებით კი სპეციალური ოპერაციების დანაყოფს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. 

სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების ბაზა აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და აპარატურით. ტერიტორიაზე არსებობს მაღალი ხარისხის სავარჯიშო ცენტრი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა. სამხედრო ბაზაზე მუდმივად ხორციელდება სპეციალური ვარჯიშები, რისთვისაც ბაზას საკუთარი სასროლეთი და სხვადასხვა სასწავლო უბანი გააჩნია. მეცადინეობები ტარდება, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კუთხით. სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების ყველა სამხედრო მოსამსახურეს გავლილი აქვს საფუძვლიანი სამედიცინო დახმარების კურსი. თითოეულ მათგანს შეუძლია დაჭრილ თანამებრძოლს შესაბამისი დახმარება ოპერატიულად აღმოუჩინოს და ბრძოლის ველზე არ მიატოვოს. სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების სამხედროები აღჭურვილნი არიან უახლესი შეიარაღებითა და აღჭურვილობით. 



ინფორმაციის წყარო http://mod.gov.ge/ge/news/1470

Thursday, July 12, 2012

"შეშლილი სერჟანტის" საქმე


ამერიკის შეერთებულ შტატებში სერჟანტ რობერტ ბეილსის სასამართლო პროცესი დაიწყო. მას ბრალი ავღანეთის 16 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში ედება. მოკლულთა შორის 9 ბავშვია და 4 ქალია.
არმიის სტაფ სერჟანტი ბეილსი ავღანეთში, ყანდაღარის პროვინციის ერთ–ერთ ბაზაზე მსახურობდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით 2012 წლის 11 მარტს 38 წლის ბეილსმა ბაზის ტერიტორია დატოვა, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი შაშხანით ახლომდებარე აულში შევიდა და ადგილობრივებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის დროს სერჟანტის ნასროლმა ტყვიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა, რომელთა ნაწილიც არასრულწლოვანი იყო. ამის შემდეგ მან აულის ტერიტორია დატოვა და ბაზაზე დაბრუნდა სადაც ის დააკავეს. 38 წლის სერჟანტი, ავთანეთიდან ქუვეითში, მოგვიანებით კი, ამერიკაში, ფორტ ლივენვორსის სამხედრო ციხეში გადაიყვანეს.  რამ უბიძგა სერჟანტ ბეილსს სამხედრო დანაშაულის ჩადენისკენ ჯერჯერობით უცნობია. თავად სერჟანტი აცხადებს, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკვლელობის დეტალები არ ახსოვს. არსებობს რამდენიმე ვერსია, რის გამოც მან მკვლელობა ჩაიდინა. ერთ–ერთ მოტივად მისი ოჯახური უსიამოვნება სახელდება, თუმცა მეორე ვერსიით მკვლელობას საფუძვლად შურისძიება უდევს,  მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ამავე ბაზაზე მყოფმა ერთ–ერთმა ჯარისკაცმა თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შემდეგ ფეხი დაკარგა, ამ ფაქტმა კი ბეილსს შურისძიებისკენ უბიძგა.ინციდენტმა ქაბულსა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა უფრო გაამწვავა. ავღანური მხარის მტკიცებით ამ ინციდენტში სერჟანტი ბეილსის გარდა სხვა ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ, რასაც კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური ვაშინგტონი. ფაქტს მოძრაობა თალიბანიც გამოეხმაურა –“ეს იყო წინასწარგანზრახული ქმედება და ჩვენ აუცილებლად ვიძიებთ შურს ყველა ამერიკელ სამხედროზე ავღანეთში, რადგან არ ვენდობით მსგავს სასამართლოებს” –განაცხადა თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.
 ოჯახებმა, რომელთაც ნათესავები დაკარგეს 11 მარტს ყანდაგარის პროვინციაში მომხდარი ინციდენტის დროს,ფულადი კომპენსაცია მიიღეს.ავღანეთის მთავრობის თქმით, თითოეულ მოკლულ ადამიანზე 29,000 ევრო, ხოლო დაჭრილზე-6,300 ევრო გაიცა.
 როგორც აღმოჩნდა, რობერტ ბეილსს კანონთან პრობლემა ადრეც ჰქონდა.  მას ბრალად ედებოდა ადამიანის ცემა და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობა. ორივე შემთხვევაში ბეილსმა ჯარიმა გადაიხადა და საკუთარი აგრესიული საქციელის გამო ფსიქოლოგიური კურსები გაიარა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არმიის  სტაფ სერჟანტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, თუმცა პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ბეილსი სიკვდილით დასაჯონ.