Wednesday, January 11, 2012

გილად შალითი - ანუ 1= 1027


 ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის სასაზღვრო ზოლის მონაკვეთზე პატრულირებისას 2006 წელს, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" წევრებმა ისრაელის სატანკო ჯარების სერჟანტი გილად შალითი ტყვედ აიყვანეს. წლების განმავლობაში შალითის შესახებ ებრაული მხარე პრაქტიკულად არ ფლობდა ინფორმაციას, ტერორისტები კი მისი თავისუფლების სანაცვლოდ ისრაელის ციხეებში მყოფი "ჰამასის" ლიდერების გადაცემას მოითხოვდნენ, რომელთაც ადგილობრივი  კანონმდებლობის თანახმად სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
ოფიციალური თელავივი ამ შემოთავაზებაზე წლების განმავლობაში თავს იკავებდა, თუმცა საბოლოოდ ხუთწლიანი ყოყმანის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაკავებული სერჟანტის განთავისუფლების სანაცვლოდ ციხიდან ტერორისტები გამოეშვა.


ფაქტი იმისა, რომ სახელმწიფო საკუთარ ჯარისკაცზე ზრუნავს საკმაოდ შთამბეჭდავია, ეს დოგმაა და ასეც უნდა იყოს, თუმცა შალითის განთავისუფლებისას მსოფლიომ მორიგი შოკი მიიღო, ებრაულმა მხარემ საკუთარი ჯარისკაცის გამოსასყიდად ციხიდან 1027 (!) პალესტინელი გაანთავისუფლა, რომელთა აბსოლუტური უმეტესობაც ტერაქტებში, ლოკალურ თავდასხმებსა და ისრაელის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო  სადაზვერვო სამუშაოებში იყო ეჭვმიტანილი. გათავისუფლებულთა შორის 27 ქალბატონი იყო. მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდა ღაზას სექტორში ტყვედ მყოფი შალითი საკუთარ ოჯახს.

მოლაპარაკებებში მედიატორის როლს ეგვიპტე ასრულებდა.   "ჰამასის" წევრებმა ებრაელი ჯარისკაცი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რამალაში ჩასულ ეგვიპტის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს გადასცეს, ამის შემდეგ კი შალითი სამხედრო ვერტმფრენით ისრაელის მიმართულებით ცენტრალურ სამხედრო ავიაბაზა"ტელ ნოფზე"  გადააფრინეს.


გათავისუფლებულ ჯარისკაცს ბაზაზე ოჯახის წევრები, ისრაელის არმიის სპიკერი, გენერალი მორდეხაიმი და "ცახალის" მაღალჩინოსნები დახვდნენ.

თუმცა მას გაცილებით დიდი სურპრიზი ქალაქში ელოდა. სერჟანტის განთავისუფლება პომპეზურად აღნიშნეს ისრაელის ყველა დიდ ქალაქში.  "შალითი ნაციონალური გმირი" -  სკანდირებდა ქუჩაში შეკრებილი ებრაული მოსახლეობა. ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეციალურ გამოსვლაში  აღნიშნა, რომ თითოეული გათავისუფლებული პალესტინელი, რომელიც ტერორისტულ საქმიანობას დაუბრუნდება, სასამართლოს წინაშე კვლავ წარსდგება. ისრაელის ციხეებში ამ დროისთვის დაახლოებით 6 ათასამდე პალესტინელი იმყოფება.



ტყვეების გათავისუფლება ზარ-ზეიმით აღნიშნეს პალესტინელებმაც. ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებულებს ოფიციალური დახვედრა რამალას ცენტრალურ მოედანზე მოუწყვეს.  მებრძოლებს პირადად შეხვდა პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი. აბასი ოფიციალური თელავივის გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ პალესტინელი მებრძოლების გათავისუფლება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში.



„გვჯერა, რომ ჩვენ საკუთარი სახელმწიფო გვექნება და მათაც - თავისი. და ერთმანეთთან მშვიდობიან თანაცხოვრებას შევძლებთ“ - აღნიშნავდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.


ებრაელი ჯარისკაცი ამ დროისთვის საკუთარ საქმიანობას ისრაელში აგრძელებს. ხუთწლიანი ტყვეობის, შიმშილისა და დამცირების შემდეგ სერჟანტი შალითი თავს კარგად გრძნობს. მიმდინარე წლის დასაწყისში კი ებრაულმა და პალესტინურმა მხარეებმა მოლაპარაკებები განაახლეს. ასეთია ერთი ებრაელი ჯარისკაცის ისტორია, რომლის უფლებები და  სიცოცხლე ბოლომდე დაიცვა საკუთარმა ქვეყანამ.

No comments:

Post a Comment