Thursday, August 16, 2012

ქალაქის ბრძოლა-ფოტორეპორტაჟი ალეპოდან


ალეპო - ქალაქი რომლზეც სრული კონტროლი სირიის განმათავისუფლებელი არმიისთვის უდიდეს პოზიციურ გამარჯვებას, ხოლო ბაშარ ალ ასადისთვის რეჟიმის ხერხემლის გადამტვრევას აღნიშნავს. 8 აგვისტოს მონაცემებით სირიის რეგულარულმა არმიამ, რომელიც დღემდე ბაშარ ასადის ბრძანებებს ასრულებს,  ქალაქზე კონტროლი საკუთარ ხელში აიღეს, ამბოხებულებს კი, უკან დახევა მოუწიათ. მჭიდროდ დასახლებული რაიონებში გამოყენებული იქნა მძიმე არტილერია, რამაც მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც გამოიწვია. ალეპოს უტევს ავიაცია. მოიერიშეები ქალაქის სხვადასხვა კვარტლებში პრევენციულ დაბომბვებს ახორციელებენ, სამხედრო შვეულმფრენები  უშუალოდ ქალაქის ქუჩებში გამაგრებულ მეამბოხეებზე "ნადირობენ". თუმცა ოპოზიცია დათმობას არ აპირებს,  აღსანიაშნავია, რომ განმათავისუფლებელ არმიას შეიარაღებაში უკვე აქვს მობილური საზენიტო საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც დაბალ სიმაღლეზე მფრენი აპარატების განადგურებას შეძლებენ. 13 აგვისტოს ამბოხებულებმა სწორედ ასეთი მობილური-საზენიტო დანადგარით მოახერხეს სამთავრობო ძალების კუთვნილი  "მიგ-23"-ის ჩამოგდება. ცოტა ხნის წინ, ალეპოში ბრძოლები განახლდა, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ალეპოდან, რომელიც boston.com-მა გაავრცელა. ფოტოები შეიცავს ძალადობის ფაქტებ, რეკომენდირებულია არ არის 18 წლამდე პირებისთვის






















Tuesday, August 14, 2012

პანიკა - ნომერ პირველი მტერი!

მაშინ, როცა ქვეყანა ომის ზღვარზეა და ოკუპირებულ ტერიტორიებაზე დისლოცირებული მტერი კბილებს თბილისზე ილესავს ჩვენი პირველი მტერი არც მეტი, არც ნაკლები მისი აღმატებულება პანიკაა. 
პანიკა - panikos- ბერძნული სიტყვაა და ითარგმნება როგორც უეცარი შიში, ძრწოლა, თავზარი, რომელიც შეიპყრობს ადამიანთა ჯგუფს, ხალხს (ან ცალკეულ ადამიანს) ასეთი შიშით გამოწვეული საერთო მღელვარება და არეულობა. მსოფლიო ომების ისტორიაში სამხედრო ტრიბუნალი უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანებს, ან ადამიანთა ჯგუფს ასამართლებდა, რომლებიც საბოტაჟის საშუალებით, ნებისმიერი ხერხით საომარი მოქმედებების დროს მოსახლეობაში პანიკის დათესვას ცდილობდა. სამწუხაროდ ამ მეთოდით მოსახლეობის და შეიარაღებული ძალების დემორალიზებას ჩვენს დროშიც ცდილობენ, რის უკანაც არცთუისე ფარულად მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურები დგას... 
ის, რომ პანიკა საუკეთესო იარაღია შეტევამდე რუსეთის ფედერალური სამსახურის კაბინეტებში მოკალათებულ მაღალჩინოსნებს ალბათ კარგად აქვთ  შესისხლხორცებული. ამიტომაც ისინი ყოველთვის ეძებდნენ და ახლაც ეძებენ ჩვენს ქვეყანაში მყარ პლაცდარმას, რომლის საშუალებითაც მოსახლეობის "სულიერ დაცემაზე" იზრუნებენ. 
ჯერ კიდევ 4 წლის წინ, როცა რუსული ავიაცია ქართულ ქალაქებს ბომბავდა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კი საქართველოს სანაპიროებისკენ დაიძრა ეს მეთოდი მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა. 12 აგვისტოს, მაშინ როცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა, კონკრეტული სუბიექტები  ბათუმის ქუჩებში დადიოდა და მოსახლეობას შოკისმომგვრელ ინფრომაციას აწოდებდა. 12 აგვისტოს, საღამოს ქალაქში ხმა დაირხა, რომ რუსული სადესანტო ხომალდი ბათუმის აკვატორიას უახლოვდებოდა. ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, თუმცა ამან ხალხში საყოველთაო მღელვარება მაინც გამოიწვია. რამდენიმე წუთში კი ქალაქში ხმა დაირხა, თითქოს რუსული სპეცდანიშნულების რაზმი  პორტის ტერიტორიაზე შევიდა, მანამდე კი ტერიტორია თანამშრომლებმა დატოვეს. ინფორმაცია, რომელიც მაშინ გულგახეთქილი მოხუცისგან გავიგეთ რამდენიმე წუთში გადავამოწმეთ - სიცრუის თეორიამ კარგად იმუშავა, ხალხზე ამ ინფორმაციამ საზარლად იმოქმედა. ის რომ ვიღაც არამზადები ქალაქის დაპანიკებას გეგმავდნენ რამდენიმე წუთში პოლიციას გადაეცა, იმედია მაშინ სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ ადამიანთა დაკავება. თუმცა ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა...
დღეს, როცა საქართველოში გახურებული წინასაარჩევნო კამპანიაა, კონკრეტული ძალები ისევ ცდილობენ მოსახლეობის დაპანიკებას. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა იერუსალიმში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი ბერის ხილვის შესახებ სენსაციური ინფორმაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოში სისხლიან ომს წინასწარმეტყველებს. გთავაზობთ ციტატას სტატიიდან: 
"იბომბებოდა გარეუბნები, თბილისელებს მეტის ატანა აღარ შეეძლოთ მანქანების კილომეტრიანი რიგები გარბოდნენ აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით, იყო გაქცეულთა დევნა და რბევა და დაყაჩაღება და ამ სისაძაგლესაც ადგილობრივი ქართველები სჩადიოდნენ.რიკოთის გადასვლა ისევე გაუსაძლისი იყო როგორც ადრე კოდორის. "
 თუმცა ბერი არსენი თავის ხილვას პოზიტიურად ასრულებს, რუსებს კი სისხლისმსმელ დამპყრობლებს უწოდებს და მრევლს დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. რამდენად შესაძლებელია ახდეს წმინდა მამის წინასწარმეტყველება თავად განსაჯეთ, ფაქტი კი ერთია, მტერი თბილისიდან 40 კილომეტრში დგას, რუსეთის ლიდერი კი არც მალავს, რომ 2008 წელს მისი მიზანი სწორედ საქართველოს დედაქალაქის აღება იყო. 
 ახლა, როდესაც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები არჩევნებისთვის ემზადებიან, ქვეყანაში ისევ გამოჩნდნენ ინდივიდები, რომლებიც მოსახლეობას ახსენებენ, რომ სწორედ რუსული არმიის, იმ ქვეითების დახმარებით აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, რომლებიც 2008 წელს ქართული არმიის წინააღმდეგ ყველა მეთოდით იბრძოდნენ... გემახსოვრებათ არცთუ ისე დიდი ხნის წინ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ნინო ბურჯანაძე და მისი შვილი ქართული არმიის უუნარობაზე საუბრობდნენ, მეტიც, ანზორ ბურჯანაძე ქართულ ჯარს "მთხლეს" უწოდებს...(!) დედაშვილის ვარაუდით იმ შემთხვევაში კი თუ არმია მათ წინააღმდეგობას გაუწევდა, მათ გრუს (რუსეთის სამხედრო დაზვერვა) სპეცდანიშნულების ასეულის დახმარების იმედი ჰქონდათ....
ახლა, როცა ომის დაწყების რეალური საშიშროებაა, მტერი კი ყველა საუკეთესო იარაღს, საჰაერო აპარატს და მძიმე ტექნიკას სამხრეთის სამხედრო ოლქში აგზავნის, ოკუპირებულ ტერიტორიას კი მოდერნიზებული ნაწილებით და ტექნიკით ავსებს, თუნდაც მცირეოდენი მცდელობა მოსახლეობაში პანიკის დათესვისა უნდა იქნეს აღქმული როგორც სახელმწიფო დანაშაული... იმედს ვიტოვებ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს მოქალაქეებს შიშისკენ მიაქანებს შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად მიხედავენ, მე კი ჩემი მხრივ მოგიწოდებთ მეგობრებო, ნუ გეშინიათ შიშის! 

Saturday, August 4, 2012

თეირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა შეამოწმა

ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია საშუალებები ავრცელებენ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სარდარ აჰმად ვაჰიდის განცხადებით, ბალისტიკური რაკეტის მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრამდე გაიზარდა. 
,,Fateh 110-” ირანელი სპეციალისტების მიერ არის შექმნილი.  "Fateh 110"-ს ძველი მოდელებისგან განსხვავებით უახლესი დამიზნების სისტემა გააჩნია,რომელიც მაღალ სიზუსტეს უზრუნველყოფს.ოფიციალურმა თეირანმა მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტა სამხედრო არსენალში 2002 წლიდან შეიტანა. მაშინ რაკეტის მოქმედების რადიუსი 200 კილომეტრს შეადგენდა. ამ ტიპის რაკეტის გამოყენება რადარების ,სამხედრო ბაზების,აეროდრომების წინააღმეგაა შესაძლებელი. 

მშვიდობით კაპრალო...

 26 ივლისს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ჯარისკაცი, გივი მამუკას ძე ფანცულაია ხანგრძლივი კომატოზური პერიოდის შემდეგ დაიღუპა... ის იყო მეჩვიდმეტე სამხედრო მოსამსახურე, რომელიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის 
 სამშვიდობო ოპერაციაში დაკარგა.

 კაპრალი ფანცულაია 1984 წლის 29 აგვისტოს, სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში დაიბადა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, მან საქმის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გადაწყვიტა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ  მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში ჩაირიცხა.

 28 წლის კაპრალი სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში ორჯერ იმყოფებოდა. პირველი მისიიდან ჩამოსვლის შემდეგ თანამებრძოლებთან ერთად უკან დაბრუნება გადაწყვიტა და დაბრუნდა კიდეც. ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შუკვანზეა" დისლოცირებული. ბაზას სახელი ამავე ბატალიონის "ბრავო" ასეულის მეთაურის, მუხრან შუკვანის პატივსაცემად ქვია, რომელიც 2010 წლის 5 სექტემბერს, თალიბი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელიც ავღანეთის მიწაზე გმირულად დაეცა. 
 2012 წლის ექვს იანვარს, 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცები საკუთარ კვადრატში პატრულირებდნენ როდესაც თალიბებმა ცეცხლი გახსნეს. მოწინააღმდეგე ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით 82 მმ-იანი ნაღმტყორცნიდან ისროდა. ჭურვის აფეთქების შედეგად ადგილზევე დაიღუპა საბრძოლო დავალებაზე მყოფი 23 წლის კაპრალი შალვა ფაილოძე, რომელიც 8 იანვარს სამშობლოში გადმოასვენეს და მშობლიურ მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში დაკრძალეს. აფეთქების შედეგად კაპრალმა ფანცულაიამ მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ჭურვის ნამსხვრევებმა მას ხელ-ფეხი მოგლიჯა და თვალი დაუზიანა... დაჭრილ ჯარისკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა გაუწიეს. შემდეგ კი ის ავიაციის დახმარებით გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს სადაც რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი ფანცულაია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა... 
 მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო დაჭრილი  საქართველოში გადმოეყვანათ. გივი ფანცულაია სპეციალური რეისით სამ მარტს საქართველოში ჩამოიყვანეს. მას კვალიფიციური ექიმები რამდენიმე თვის განმავლობაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ. მედიკოსებმა ყველა ღონე იხმარეს იმისთვის რომ დაჭრილი კაპრალისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ, თუმცა მათი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი კაპრალი ფანცულაია, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 26 ივლისს გარდაიცვალა... 
 მოგვიანებით დაღუპულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. განცხადება მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა. სპეციალური განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც განმარტებული იყო, რომ დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს. 
 კაპრალი ფანცულაია რიგით მეჩვიდმეტე სამხედროა, რომელიც ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალების დროს დაიღუპა. ქუთაისში დისლოცირებული III ქვეითი ბრიგადისთვის ეს პირველი დანაკარგი არ არის. ამავე ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ავღანეთში ყველაზე მეტი მებრძოლი დაკარგა.
 ვუსამძიმრებთ დაღუპული კაპრალის ოჯახის წევრებსა, ახლობლებს და თანამებრძოლებს. იმედს ვიტოვებთ, რომ კაპრალი გივი ფანცულაია უკანასკნელი ჯარისკაცი იქნება, რომელიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში დაკარგა...