Monday, May 21, 2012

დაუმორჩილებელი გენერლის აღსასრული


მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალ-მაიორი, ბათუმის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე ჩაცხრილეს. 


რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი კი ადგილზევე გარდაიცვალა. 

მოტოციკლი, რომლითაც თავდამსხმელი გაიქცა, ერთ-ერთ ეზოში მიტოვებული იპოვეს, თუმცა მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს, რომელსაც ამ დროისთვის სამართალდამცავები კითხავენ. 

რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით 2004 წელს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წელს კი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დუმბაძე ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაიცვალა, რის შემდეგაც მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.  დუმბაძის გათავისუფლებაზე პირადად ზრუნავდა გორში შემოსული რუსეთის 51-ე არმიის გენერალი ვიაჩესლავ ბორისოვი. დუმბაძის გამოსვლის შემდეგ ბორისოვმა ეს ამბავი დაუყოვნებლივ აცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს და რომან დუმბაძე მასთან ტელეფონით ალაპარაკა. 



ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ ციხიდან გამოსვლის შემდეგ დუმბაძემ ტელეკომოპანია მაესტროს მისცა. ინტერვიუს დროს დუმბაძე აცხადებს, რომ საქართველოს არცერთ პრეზიდენტს არ დამორჩილებია, რაც მისი აზრით სწორი გადაწყვეტილება იყო. ყოფილი გენერალ-მაიორი ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ ის პოლიტიკურ არენაზე გამოსვლას გეგმავდა, თანაც მარტო. მის კითხვაზე შეუძლია თუარა მოქმედ ხელისუფლებას მისთვის პრობლემების შექმნა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსასვლელად დუმბაძემ ჟურნალისტს რუსული ანდაზით გასცა პასუხი - поживем увидим