Tuesday, June 14, 2011

WAR-ოლოგია!


ირგვლივ სიჩუმე
თითქოს ხმაური ჩაყლაპა მიწამ...
ვიღაც ლოცულობს,
ვიღაცა კი მზის სხივებს იცავს.
იცავს სისხლისგან, სიკვდილისგან, შფოთისგან იცავს,
ზეცა ხარხარებს,
სისხლის ცრემლებით გაჰკივის მიწა!
დრო, წამი, წუთი,
წლები გადის, მიჰქრის ისარი,
ვინაც დღეს იბრძვის
ხვალ სიკვდილის ღირსიც ის არის!
ქვების ღიმილში ჩამალული თამაშობს დრონი,
მე დღეს ჩემმა "მე"-მ უკანასკნელი მომიგო ომი.
ხარხარებს ზეცა,
ამ ხარხარში სულს ღაფავს მიწა,
ვიღაც ლოცულობს,
ვიღაც ისევ მზის სხივებს იცავს.
დავბოდიალობ ამ უდაბნოში მე მარტო, ერთი
ღრუბლიდან მიმზერს, კვლავ დამცინის მოხუცი ღმერთი.
ბოღმა, ნაღველი, გამოხედვა ველური, უტყვი
ვიღაც გვერდიდან მეუბნება:
"შენს საფლავს ნუ თხრი!"
დრო, წამი, წუთი,
წლები გადის ჩქარადა ნელა
ამ უდაბნოში გალობა ისმის
დღე! აღარ ბნელა...
მიმოვიხედე
კვლავ არავინ, აქ მე ვარ მხოლოდ
არა, გამოჩდნენ!
დამარცხებულთა მომესმა ქორო!
აღარ ლოცულობს,
წამომდგარა, იფერთხავს კალთას
ბრძოლის წინ მიდის საკოცნელად საყვარელ ქალთან.
ომის ყიჟინა შემომესმა,
აღსდგა სულები!
სისხლმა და სევდამ გაუცოცხლა მკვდარი გულები
კვლავ ომს უცდიან უკვე მკვდრები, გარიყულები,
ჩრდილის ჩრდილებში ჩამუხლულან გარინდულები.
აღარ იცინის
თვითონაა აქ უკვე ერთი,
ღრუბლის კუთხეში მიიყუჟა მოხუცი ღმერთი,
ალბათ ხვდებოდა ამ ომის დროს ვინ რას იზამდა,
პირველი იგი დაარტყამდა ვინც მზეს იცავდა.
მზე, დღე, სისხლიანი კლდე...
კლდის ნაპრალებში დამემალა მე ჩემი "მე".
დრო, წამი, წუთი...
დამთავრდა მგონი,
მკვდრებმა მოიგეს ბევრჯერ მოკლული შავ-თეთრი ომი.
გამარჯვებულებს ქედს უხდიან მკვდრები გოდებით,
იქ სადღაც ისევ იცინიან ძველი ლოდები...
ჩემი "მე" ტირის,
ემზადება,
ისევ ღამდება...
არა, ეს ბრძოლა არასოდეს არ დამთავრდება!


No comments:

Post a Comment