Tuesday, June 7, 2011

SEAGULL BOO...


ემოციური, თბილი და სრულიად თავისუფალი იყო. ზუსტად ხუთი წუთის წინ დავაჭირე ბოლოჯერ Enter-ის ღილაკს და უკანასკნელი სიმბოლო (მეტი კონკრეტიკისთვის - :* ) გავიგზავნე. თავიდან მთვრალი იყო, მთვრალი და ლურჯი. ზუსტად ისეთივე ლურჯი იყო როგორი მაისურიც ეცვა რობერტო ბაჯოს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, როცა ჩილეს კარში პენალტს ურტყამდა. ბაჯომ 1994 წლის მუნდიალის ფინალში დაშვებული შეცდომა გამოასწორა და ჩილეს შეუგდო... ამის შემდეგ ლურჯი ფერისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. ზუსტად 12 წლის შემდეგ ვნახე. ლურჯი იყო... და მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ფერი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც იტალიელი ტიფოზისთვის თავისი ეროვნული ნაკრების მაისური. მცირე ჩავარდნა, მერე ისევ დაიწყო. დაიწყო ნელა, საათში 20 მილის სიჩქარით. უბრალო. მსუბუქი გამოხედვით და თითქმის არაბუნებრივი ღიმილით. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ფრინველი, რომელიც არასდროს არ მიყვარდა მისი (უკაცრავად ბარბარიზმისთვის ) ავატარი იქნებოდა. დღეს ისიც გავიგე რომ ეს ფრინველი განგებამ მხოლოდ იმისთვის არ შექმნა, თევზსაჭერ გემზე მოპარული თევზით რომ არ ამოიყოროს სტომაქი და მერე თავისი თეთრი სკინტლით კლდეებს ზღვისგან ამოჭმული უბეები ამოუვსოს. ფრინველებს ფიქრი შეუძლიათ. ფიქრი და ფრენა. 
მერე იყო გასეირნება ჩემს კოორდინატზე. 41-ე ნაბიჯზე მივხვდი რომ მალე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. სულ მალე. ისიც იქ იყო. წვრილი კენჭები მტკივნეულად მერჭობოდა გვერდებში და ჩემს ცისფერ სისხლს გულისკენ გზას უღობავდა. თავი გამისწორა, მკლავებში მოიქცია და ლოყაზე ხელი გადამისვა. დიდი, წყლიანი თვალებით ჰორიზონტს მიაშტერდა და ღრმად ამოისუნთქა, ჩემს მაგივრადაც ამოისუნთქა. უკვე ჩემზე ზრუნავდა. ამ დღიდან ყველაფერი შეიცვალა, ორი ფრინველის გაერთიანება ერთი დიდი ეპოქის დასაწყისი იყო, ეპოქის რომელის მხოლოდ სისწრაფეზე, სისწარაფესა და სითბოზეა გათვლილი... 
მერე იყო ომი. ეს ისე, პირობითი, მოჩვენებითი ომი. სამყაროს ომის გარეშე არ შეუძლია, ეს მას ასაზრდოებს. ხოდა დაიწყო. ვიბრძოდით! უხეში, მცირე პიქსელებით დაქსელილი კამუფლირებული ფორმა ოფლმა, სისხლმა, ემოციებმა და სიცხემ გაჟღენთა. მე ვკლავდი, ის კი მელოდებოდა. მელოდებოდა დილიდან საღამომდე, საღამოდან დილამდე, დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე... მელოდებოდა და ჩემი ემოციებით საზრდოობდა, ისევე როგორც მე მისი ორგანიზმიდან წამოსული თბილი და უხილავი მასით. სიჩქარეს ვუმატებდით. უკვე 270 მილი საათში სიჩქარით დავფრინავდით არარსებულ გალაქტიკაში. ომი დამთავრდა და ემოციები უფრო გამძაფრდა. თოლიების უმეტესობა წყნარად დაფრინავდა როცა ჩვენ ჩუმად ვიჯექით სანაპიროზე და ფილტვებს ნიკოტინით ვამდიდრებდით. ვერცერთი ვერ დაფრინავდა სწრაფად, ვერცერთი ვერ ახერხებდა სიჩქარის მაქსიმალურ ზღვართან მისვლას. ვერ მივიდოდნენ, ის ვინც უკვე მიაღწია ამას ჩემს გვერდით იჯდა და ხარბად ისუნთქავდა Lucky Strikes -ს ასწლოვან კვამლს... მერე უცებ ავფრინდით, მოთეთრო-ცისფერ მასას შევერიეთ და კიდევ უფრო მივეწებეთ ერთმანეთს. სიგიჟე იყო, უკვე აზრის სისწრაფით ვახერხებდით ფრენას. გავხდით სრულყოფილები - მივაღწიეთ თავისუფლებას! ჩვენ ფრენა ვისწავლეთ! ერთად, სინქრონულად ფრენა!
დაფრინავ, თუმცა ხშირად უკან დაბრუნებაც გიწევს. დაბრუნება იმისთვის რომ სხვებს ასწავლო, ან შენ თვითონ ისწავლო, წინ გამოცდებია... შუალედური ფრენები...  და სანამ ფრენა დაიწყება, მანამ მთავარი ემოციების უფრო გაღვივებაა... ეს არ არის ჩვეულებრივი სიყვარული, ეს ყველაზე სწრაფი სიყვარულია მთელს გალაქტიკაში... მოვინდომე და ვისწავლე, მან მასწავლა მე ფრენა... ფრენამდე კი ემოციები გამიღვივა... და საერთოდ, 1998 წელს, საფრანგეთში მიმდინარე მუნდიალის ჯგუფური ეტაპის თამაშზე ჩილესთან, რობერტო ბაჯოს თეთრი ფერის მაისური ეცვა. ზუსტად 39:57 წუთზე დაარტყა და... შეაგდო... 2:2 ... 12 წელი გავიდა და მივხვდი რატომ იყო ყველაფერი მაშინ ლურჯი, ახლადშემოსული Vestel-ის ტელევიზორს სქემა დაუზიანდა და ფერების აღქმა უჭირდა. სამაგიეროდ 12 წლის შემდეგ მე უკვე დავფრინავ ჩემს თეთრ-მოლურჯო სამყაროში რომელიც ჩემმა თოლია ბოო-მ მაჩუქა... 


HAPPY END 

2 comments: