ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტიდან ორი დღის ჩემდეგ რეგიონში დისლოცირებულმა ქართულმა ქვედანაყოფმა მორიგი დანაკარგი განიცადა. სამშვიდობო მისიის შესრულებისას მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამი ჯარისკაცი, კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა დაიღუპნენ. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცები საბრძოლო ამოცანის შესარულებისას, ჯავშანმანქანის აფეთქების შედეგად, თალიბებთან შეტაკების დროს დაიღუპნენ.
დღესვე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. - „ავღანეთიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა ჩვენი ბიჭების დაღუპვის შესახებ. ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინათ ვიყავი მათთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს. ჩვენი ბიჭები ავღანეთში რისკის სრული გაცნობიერებით მიდიან და თავი ამაყად და ღირსეულად უჭირავთ, რადგან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უწევთ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.
სწორედ მათთან შეხვედრისას ვამბობდი, რომ მათ თავგანწირვას აფასებს ქართველთა დღევანდელი თაობა და განსაკუთრებულად დააფასებს მომავალი თაობები, რადგან ისინი იცხოვრებენ გაერთიანებულ, ბევრად უფრო ძლიერ, ბევრად უფრო წელში გამართულ, წარმატებულ ქვეყანაში. ეს თქვენი - ჩვენი მებრძოლების, იმ ბიჭების დამსახურება იქნება, რომლებმაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის დაღვარეს სისხლი. თითოეული იქ მყოფი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იღებს იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია.
კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ბიჭები ჰყავდა, დღესაც ჰყავს და ყოველთვის ეყოლება“. - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებოდა, სადაც ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე 31-ე ბატალიონის წევრებს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა ბაზა "შუკვანი" დაათვალიერა და ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა ჯარისკაცები; ვიცე-პოლკოვნიკი ფრიდონ ელბაქიძე, კაპიტანი პაატა ნაკანი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი ფილია, უფროსი ლეიტენანტი ბექა კელენჯერიძე და კაპრალი გიორგი ლომიძე განსაკუთრებული მამაცობისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით "სამშობლოსთვის თავდადებული" -პირადად დააჯილდოვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ქვეითი ბატალიონი ISAF-ის სამშვიდობო მისიაში 2009 წლიდანაა ჩართული. მშვიდობისა და უსაფრთხოების ოპერაციაში ამ დრომდე ყველაზე მეტი ჯარისკაცი სწორედ 31-ე ბატალიონმა დაკარგა.
შიმშილი და წყურვილი - ჯარისკაცის მთავარი მოწინააღმდეგე ბრძოლის ველზე. სტატისტიკის თანახმად სხვადასხვა ბუნებრივ და კლიმატურ პირობებში ქვეით მებრძოლს დღე-ღამეში 1500-დან 3500-მდე კილოკალორია ესაჭიროება ძალის სრული მობილიზაციისთვის. თუმცა ხდება ისეც, რომ ჯარისკაცები საკვების მიღებას სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებენ. მიზეზი შეიძლება საკვების არქონა, დაკარგვა ან გაფუჭება აღმოჩნდეს, თუმცა თითოეულ მებრძოლს ექსტრემალურ პირობებში საკვების მოპოვება თავადვე უნდა შეეძლოს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სპეცდანიშნულების რაზმებისთვის რეგულარულად ტარდება ე.წ "SURVIVOR"-ის კურსი, სადაც მებრძოლებს ფიზიკურთან ერთად მორალური სირთულეების დაძლევაც უწევთ. ქვეითებმა ამ დროს ნებისმიერი სახის საკვები, მცენარეული იქნება ეს თუ ცხოველური ნებისმიერი მეთოდით უნდა მოიპოვონ.
ექსტრემალურ პირობებში საკვების მოპოვება იყო საერთაშორისო სამხედრო სწავლების Cobra Gold 2012-ის მთავარი მიზანი. თვითგადარჩენის და ბუნებაში საკვების მოპოვების კურსის ინსტრუქტორები მალაიზიელი სპეცრაზმელები იყვნენ. სწავლებაში სულშვიდი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ. ტაქტიკური სწავლებების პარალელურად გაიმართა თვითგადარჩენის კურსიც. სამხრეთ კორეელი, იაპონელი, ინდონეზიელი, ტაილანდელი, მალაიზიელი, სინგაპურელი ქვეითები და ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ჯარისკაცები რამდენიმე დღის განმავლობაში "ეგზოტიკურ" საკვებთან შეგუებას სწავლობდნენ. წყურვილის მოსაკლავად ინსტრუქტორებმა მათ კობრას სისხლი შესთავაზეს.
შიმშილის მოსაკლავად ტყეში თუ უდაბნოში ყველაფერი გამოგადგებათ რაც მოძრაობს ან დაფრინავს. მთავარია შიმშილის მოკვლა მოახერხოთ და ბრძოლის გაგრძელება შეძლოთ. ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი მცენარეული საკვები, მაგალითად კენკროვანი ნაყოფი, ნორჩი ყლორტები, ბოლქვები, თუ გაგიმართლად შეიძლება ხილსაც გადააწყდეთ.
(ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჭამს ბოლქვებს)
თუმცა მცენარეულ საკვებს ცხოველური გაცილებით სჯობს, გამომდინარე იქედან, რომ ხორცს და ცხიმს შედარებით მეტი კალორიულობა ახასიათებს. ამ დროს მებრძოლი გამოიმუშავებს ნადირობის პრაქტიკულ უნარ ჩვევებს. თუ მას არ უნდა რომ ნანადირევი ცეცხლსასროლი იარაღით მოინადიროს და ამით თავი არ გასცეს, მებრძოლს აქვს შესაძლებლობა საკვები სხვადასხვა მეთოდით მოიპოვოს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მდინარეების პირას მცირე საცავების მოღობვა, წყლის დაგუბება და თევზის მოპოვება, ფრინველების დაჭერა მცირე მარყუჟების საშუალებით ან შურდულით. დიდი ნადირის მოსაპოვებლად კი შესაძლოა უხმო იარაღის გამოყენება, (მაგალითად მშვილდისარი, ან არბალეტი) თუმცა მისი არქონის შემთხვევაში ჯარისკაცს სხვადასხვა სახის ხაფანგებისა და ორმოების გაკეთება შეუძლია, ხაფანგში გაბმულ თუ ორმოში ჩავარდნილ მხეცს ის გაცილებით მარტივად მოკლავს. ხდება ისეც რომ სხვადასხვა მიზეზის გამო მებრძოლი ცეცხლის დანთებას ვერ ახერხებს, ამიტომაც ის უნდა შეეგუოს აზრს, რომ მოვოვებული ცხოველი თუ ფრინველი უმად მიირთვას. Cobra Gold 2012-ის ფარგლებში ინსტრუქტორებმა ჯარისკაცებს საშუალება მისცეს უმი ხორცი ყოველგვარი დამხმარე საგნების (დანა ჩანგალი) გარეშე დაეგემოვნებინათ.
უმი ხორცის შემდეგ კი საზღვაო ქვეითებმა მათთვის საკმაოდ ეგზოტიკური საჭმელი, მოზრდილი ტარაკანები მიირთვეს, რომელიც საკმაო რაოდენობით ცილებს შეიცავს.
ალბათ ბევრისთვის არცთუ ისე სასიამოვნო იქნება ზემოდნაჩვენები საკვების ჭამა, ისიც უმად. არც ისაა გამორიცხული რომ კონკრეტული ოცეულის რიგებში ვეგეტარიანელებიც ირიცხებოდნენ თუმცა ფაქტია, რომ ბრძოლის ველზე, ან თუნდაც უბრალოდ მოგზაურობისას შიმშილითა და წყურვილით ტანჯვასა და სიკვდილს, ჯობია ეგზოტიკური საჭმელი მიირთვა და ამით ძალა მოიკრიბო, ძალის შენარჩუნება კი თავისთავად სიცოცხლის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესია.
დაახლოებით ერთი წლის წინ მეგობრებთან ერთად თვითგადარჩენის მოკლე კურსის ჩატარება გადავწყვიტეთ და შევეცადეთ საკვები მხოლოდ დანის საშუალებით მოგვეპოვებინა. რამდენიმესაათიანი ძებნის მიუხედავად მხოლოდ მცირედი კენკროვანი ნაყოფი და საჭმელად ვარგისი რამდენიმე ბოლქვი მოვიპოვეთ. ცხოველური საკვების მოპოვებაში კი ჩვენი ოთხფეხა მეგობარი დაგვეხმარა, დღის ბოლოს მან მწყრის დაჭერა მოახერხა, რომლის ენერგეტიკული ღირებულებაც 12 კკ-ა.
ზუსტად 15 წუთში ცოცხალი არსება ჩვენს ორგანიზმში მოხვდა და მაყვლის, ნორჩი ყლორტებისა და ბოლქვების გვერდით დაიკავა ადგილი, რითაც ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ფაქტია რომ საკვები, მითუმეტეს ბრძოლის დროს დროულად მნიშვნელოვნად გეხმარებათ რეაბილიტაციაში. ასერომ თუ თქვენ გაგითავდათ ის, ეცადეთ მოიპოვოთ ნებისმიერი მეთოდით. აქვე ვიტყვით, რომ საკვების გარეშე ადამიანს დაახლოებით 40 დღე-ღამე შუძლია ყოფნა, თუმცა მან ამ დროს რეგულარულად უნდა მიიღოს წყალი, ან სხვა სახის სითხე.
ჩვენი სტატიის ბოლოს გთავაზობთ კონკრეტული პროდუქტების ენერგეტიკულ ღირებულებებს, რომლის მოპოვებასაც თქვენ სხვადასხვა პირობებში მოახერხებთ.
"თუ ოდესმე რამე მოხდება მზად ვარ მეც აწიო ხელი მაღლა თავისუფალი საქართველოსთვის" - ეს სიტყვები აფხაზეთის ომის ვეტერანს ალექსეი ზინავიოვს ეკუთვნის.
მისი ისტორია ალბათ არავის არ ეცოდინებოდა რიგი ადამიანების გარდა, რომ არა ჩემი კოლეგები ინტერნეტ-ტელევიზია www.itv.ge-დან. სწორედ მათი დამსახურებით "აღმოვაჩინეთ" დამსახურებული ვეტერანი, რომელიც ახლა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
მეტსახელად "რუსი ლიოხა" 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 6-ე სატანკო ბატალიონის დაზვერვის ათეულში მსახურობდა, რომელიც ძირითადად ადგილობრივი კადრებით იყო დაკომპლექტებული. 6-ე სატანკო ბატალიონის მოქმედების ზონა აფხაზეთის ომის დროს გულრიფში-სოხუმის მონაკვეთი იყო რაც თავისთავად გულისხმობს ამ ქვედანაყოფის სასიცოცხლო მნიშვნელობას, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით დავწერთ, მანამდე კი "ლიოხას" დავუბრუნდეთ.
ეროვნებით ებრაელი, ალექსეი ზინავიოვი როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანები იხსენებენ საკმაოდ კარგი ალღოს მქონე, პროფესიონალი მზვერავი იყო, თუმცა ომის შემდგომ მშობლიური აფხაზეთიდან დევნილი "ლიოხას" ცხოვრება, ისევე როგორც ბევრი სხვა დევნილის ვერ აეწყო. 1993 წელს ოჯახის წევრები ოკუპირებულ რეგიონში დატოვა, მათ შესახებ ახლაც არაფერი იცის. თბილისში საცხოვრებლად გადასული "ლიოხა" ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ ცოლი გაუუპატიურეს და მოუკლეს. 15 წელია ალექსანდრე ზინავიოვი გლდანში, გაუსაძლის პირობებში, ხის პატარა ქოხში ცხოვრობს, თავს კი ხან ნაგვის დასუფთავებით, ხანაც მოწყალებით ირჩენს.
რეპორტაჟის ნახვის შემდეგ გაუსაძლის პირობებში მყოფი ვეტერანის მონახულება და დახმარება სამხედრო-ანალიტიკური ინტერნეტპორტალის http://geo-army.ge-ს ადმინისტრაციის ინიციატივით, forum.ge-ს "არსენალის" განყოფილების წევრებმა გადაწყვიტეს.
თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საკვები და ცხოვრებისთვის საჭირო ნივთები ამ ადამიანებმა "ლიოხას" უსასყიდლოდ გადასცეს. ტავიდან ვეტერანი უარზე იყო და ბიჭებსაც ეჭვის თვალით უყურებდა თუმცა მოგვიანებით კონტქატი შედგა.
("ლიოხა" ფორუმელებთან ერთად)
ცალი თვალით დაბრმავებული ალექსეი ზინავიოვი ამ ეტაპზე არანაირ შემწეობას არ იღებს, იმედია სახელმწიფო მის დასახმარებლად ყველაფერს იღონებს და ვეტერანს ცხოვრებისთვის უკეთეს პირობებს შეუქმნის.
"ლიოხას" ისტორია ალბათ ყველა ჩვენთაგანისთვის მტკივნეულია, თუმცა არავინ ვიცით კიდევ რამდენი ვეტერანი, რამდენი დამსახურებული ადამიანი ცხოვრობს მსგავს პირობებში. ადამიანები რომლებმაც თავის დროზე საქართველოსთვის ყველაფერი გააკეთეს და საკუთარი სისხლით იცავდნენ მომხვდურისგან მიწის თოთოეულ გოჯს. ჩვენ კი უბრალოდ ვალდებული ვართ დავიცვათ მათი უფლებები და შევუქმნათ მათ უკეთესი მომავალი თუ გვინდა უკეთ მოტივირებული და ძლიერი შეიარაღებული ძალები გვყავდეს სამომავლოდ!
ისრაელის თავდაცვის არმია ("ცაჰალი") დღემდე სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე სამხედრო მანქანად. მის ერთ-ერთ დამფუძნებლად კი ქვეყნის პირველი პრემიერ მინისტრი, დავიდ ბენ-გურიონი ითვლება. ბენ-გურიონი სამხედრო საქმით ახალგაზრდობიდანვე იყო დაინტერესებული. 1906 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის პალესტინაში ჩავიდა და ებრაელთა თავდაცვის ორგანიზაცია "ჰაშომერის" დაარსებაში მონაწილეობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს კი ებრაული ლეგიონის ფორმირება და პალესტინის გათავისუფლებისთვის ბრძოლა ითავა. ამიტომაც ლოგიკური იყო, რომ როდესაც 1948 წელს ისრაელი როგორც სახელმწიფო შედგა, მისმა პრემიერმა მთავარი აქცენტი ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებაზე გააკეთა.
ამის შემდეგ კი "ცაჰალის" აღზევება დაიწყო. ისრაელმა 1948 წლიდან დღემდე არაერთი ომი გამოიარა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი სწორედ ებრაელთა სახელმწიფოს გამარჯვებით და ისრაელის ტერიტორიის გაფართოვებით დასრულდა. ისრაელის თავდაცვის არმიაში დღემდე სამწლიანი სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოქმედებს. ქვეყნის რეგულარული არმიის რიგებში სავალდებულო სამსახურის გავლა თითოეული ებრაელის ვალია, რომელიც სამხედრო საქმისთვის ვარგისია.
"ცაჰალში" ე.წ. "ალიას" შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ებრაელებიცმოქალაქეები მსახურობენ, მათ შორის არიან ქართველი ებრაელებიც. დღეს სწორედ ერთ-ერთ მათგანზე უნდა მოგითხროთ. ჩვენი სტატიის მთავარი გმირი 21 წლის დავით ბააზოვია, რომელიც საქართველოში, ბათუმში დაიბადა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური სულ რაღაც 2 თვის წინ დაასრულა და საქართველოში მეგობრებისა და ახლობლების სანახავად დაბრუნება გადაწყვიტა. რიგი მიზეზების გამო ჩვენმა რესპოდენტმა არც თავისი ქვედანაყოფის ზუსტი სახელწოდება დაასახელა და არც კონკრეტული სპეცოპერაციების დეტალები გაგვიმხილა, თუმცა ინტერვიუზე უარი მაინც არ გვითხრა;
დავით ბააზოვი - "დავიბადე ბათუმში 1990 წელს, 2 წლის ასაკში ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. პრაქტიკულად ისრაელში გავიზარდე, მე8-ე კლასამდე იქ ვცხოვრობდით. ამის შემდეგ კვლავ უკან, საქართველოში დავბრუნდით. მოვინათლე მართლმადიდებლურად, ვსწავლობდი ბათუმის სასულიერო გიმნაზიაში."
17 წლის ასაკში მას ისრაელში მოუწია დაბრუნება, მიზეზი კი სამხედრო-სავალდებულო სამსახური იყო.
-რამდენად საამაყოა შენთვის რომ ემსახურებოდი საკუთარ ქვეყანას და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს?
"ჩემთვის ძაან რთულია არჩევანი გავაკეთო საქართველოსა და ისრაელს შორის. მე აქაც გავიზარდე და იქაც, ნახევარი ცხოვრება საქართველოში მაქვს გატარებული, ნახევარი ისრაელში. ისრაელი მიყვარს იმიტომ რომ იქ უდიდესი გამოცდილება მივიღე, ვიმსახურე იქაურ ჯარში და შესაბამისად მიყვარს ეს ქვეყანა, თუმცა გული საქართველოსკენ მომიწევს, ისრაელში ყოფნის დროს საქართველო ძალიან მენატრება. თუმცა მე ნამდვილად ვამაყობ იმით რომ ვმსახურობდი ისრაელის თავდაცვის არმიაში."
- რამდენად რთულია "ცაჰალში" სამხედრო სამსახური ?
"მე ვირიცხებოდი ისრაელის არმიის ერთ-ერთ ქვეით ბატალიონში, თავიდან ძალიან გამიჭირდა. საქართველოში ვარ გაზრდილი, შესაბამისად მენტალური განსხვავება იყო ჩემსა და დანარჩენ სამხედროებს შორის, თუმცა მალევე დავამყარე მათთან კარგი ურთიერთობა. ჯარში ყოფნის პირველი წელი საკმაოდ რთული იყო, თუმცა მომდევნო ორი წელი მშვენივრად ვგრძნობდი იქ თავს."
რამდენად რთულია ებრაელი ჯარისკაცის ფიზიკური დატვთვა, როგორ მოახერხე იარაღთან შეგუება და რა იარაღს იყენებდი პირადად შენ?
"ვიყენებდი ამერიკულ ავტომატურ-შაშხანას მ4-ს. შეიძლება ითქვას რომ პირველი გასროლა არის საკმაოდ რთული და საშიში. შემდეგ, როცა დღეში რამდენიმე ასეულ ტყვიას ისვრი უფრო უახლოვდები შენს იარაღს. ეს არის წვრთნა, ეს არის ვარჯიში და შენ ვალდებული ხარ კარგად იცნობდე შენს იარაღს, ის ხდება შენი ცხოვრების ნაწილი. ბაზიდან გასვლამდე, ყოველი ოპერაციის წინ, ერთი მჭიდი მაინც უნდა ისროლო. როცა ამას სამი წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებ იარაღი შენი უახლოესი მეგობარი ხდება და თავადვე ქმნი სროლის საკუთარ სტილს."
რა ტიპის ოპერაციების ჩატარება უხდებოდა შენს ქვედანაყოფს?
"ჩვენს ქვედანაყოფს ძირითადად ეჭვმიტანილების დაკავება და კონკრეტულ პუნქტებამდე გადაყვანა, ასევე საზღვრისპირა რაიონების კონტროლი ევალებოდა. სამწუხაროდ კონკრეტული ოპერაციების შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით რადგან ეს სამხედრო საიდუმლოა. დაძაბულობა ყოველთვისაა, ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. წინასწარ იცი შენი საქმე, ის რასაც აკეთებ. რაც არ უნდა გააკეთო, იცი რომ ეს მართალი საქმეა, მაშინაც კი თუ ეს არაა მართალი. როცა ჯარში სამსახურს ასრულებ მერე უფრო მეტი-დრო გრჩება მტყუანისა და მართალის გასარჩევად, მაგრამ როცა იქ ხარ ამაზე არ ფიქრობ. არმიაში ყოფნისას ერთი სული გაქვს როდის მორჩები სავალდებულო სამსახურს, თუმცა რომ ამთავრებ ამ ყველაფერს შემდეგ ხანდახან გენატრება კიდეც იქაურობა, გენატრება მეგობრები და ის მძაფრი შეგრძნებები რომელიც იქ გამოიარე. იხსენებ კონკრეტულ ოპერაციებს და რაც არუნდა საშინლად ჟღერდეს ყველაზე მეტად შენი იარაღი გენატრება... რამდენიმე თვეა მოვრჩი სავალდებულო სამსახური და ერთი სული მაქვს როდის მომიწევს რეზერვი, იმიტომ რომ უკვე მენატრება ჯარისკაცის ცხოვრება. ისრაელის თითოეულ მოქალაქეს სარეზერვო შეკრება წელიწადში 30 დღით უტარდება."
-რამდენადაც ვიცი ისრაელის მოქალაქეს იმ შემთხვევაში თუ სხვა ქვეყანაში ცხოვრობს აქვს უფლება თავი აარიდოს სარეზერვო შეკრებას. თუ უახლოეს პერიოდში იქნება ომი რომელიმე ქვეყანასთან მზად ხარ ჩაეწერო კვლავ "ცაჰალის" რიგებში და დაიცვა საკუთარი ქვეყანა?
"სიმართლე გითხრათ პატრიოტიზმზე მეტად ჯარში ჩემი მეგობრების სიყვარული დამაბრუნებს. პირველ რიგში დავბრუნდები იმიტომ რომ ომის შემთხვევაში ჩემი ბიჭების გვერდით ვიყო, დავიცვა საკუთარი ახლობლები და საკუთარი ოჯახი. ასერომ თუ საჭირო ვიქნები აუცილებლად დავბრუნდები, მე იქაურობას ვეკუთვნი."
ჰაკიმულლაჰ მეჰსუდი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაცია ამჯერად დასავლურმა სააგენტოებმა, პაკისტანურ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელეს. ბოლო მონაცემებით პაკისტანის შეიარაღებული ძალების დაზვერვის დეპარტამენტმა "თალიბების" სატელეფონო საუბრების ჩანაწერო მოიპოვა, სადაც ისინი 12 იანვარს, ლიდერის გარდაცვალების შესახებ საუბრობენ.
აღნიშნული ინფორმაცია უკვე უარყო მოძრაობა თალიბანმა. მათი განცხადებით ინფორმაცია ჰაკიმულლას გარდაცვალების შესახებ მტკნარი სიცრუე და დასავლური სპეცსამსახურების მორიგი პიარ-კამპანიაა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტერორისტის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აქამდე რამდენჯერმე არასწორი აღმოჩნდა.
ჰაკიმულლას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პირველად 2010 წლის იანვარში გავრცელდა. 14 იანვარს ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ შახტოის რაიონის ერთ-ერთი აულის დაბომბვისას 18 ტერორისტი დაიღუპა, პაკისტანური სააგენტოების ცნობით დაღუპულთა შორის ჰაკიმულლაც იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ ინფორმაციას თავად ჰაკიმულა გამოეხმაურა -"მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენი მებრძოლები ამერიკის უმსხვილეს ქალაქებს დაარტყამენ, თქვენ კი ამერიკის მოკავშირეებო, სჯობს უარი თქვათ მათთან თანამშრომლობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ალლაჰის მებრძოლები თქვენამდეც მოაღწევენ"
ჰაკიმულლა 1979 წელს, პაკისტანში დაიბადა. ის ტერორისტული მოძრაობა "თალიბანის" პაკისტანურ ფრთას 2009 წლის აგვისტოდან, ბაითულა მეჰსუდის დაღუპვის შემდეგ ხელმძღვანელობს. (პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის, რეხმან მალიკის ინფორმაციით, ბაითულა ზალპურ-რეაქტიული არტულერიის დაბომბვის შედეგად, ცოლებთან და თანამებრძოლებთან ერთად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დაიღუპა) ჰაკიმულლა ამ დრომდეოსამა ბინ ლადენის იდეების მთავარ რეალიზატორად და თალიბთა ერთ-ერთ სასტიკ ემირად არჩება. მისი მებრძოლების კისერზე არაერთი თავდასხმა თუ ტერორისტული აქტია, მათ შორის პაკისტანისა და ავღანეთის ფარგლებს გარეთ.
2010 წელს ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე პოლიციამ ტერაქტი აღკვეათა. საბრძოლო მასალის აფეთქებას, რომელიც გამნაღმველებმა დროულად გააუვნებელყვეს შესაძლოა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვრეპლი და ნგრევა გამოეწვია. მოგვიანებით ერთ-ერთმა ისლამისტურმა პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დაგეგმილი ტერაქტის უკან პაკისტანელი თალიბები იყვნენ. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით ტერაქტი სწორედ ჰაკიმულლაჰ მეჰსუდის მებრძოლებმა დაგეგმეს.
2010 წელსვე ამერიკამ ჰაკიმულლა მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტების სიაში შეიყვანა. მასზე დასავლური სპეცსამსახურები დღემდე ნადირობენ, თუმცა როგორც ჩანს არცთუ ისე წარმატებით. ამ დრომდე მისი ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული არაერთი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, პრესაში გამოქვეყნებულ თითოეულ ინფორმაციას პაკისტანელი ლიდერი თავადვე ეხმაურებაა და მსოფლიოს ახალი ტერაქტებით ემუქრება. საინტერესოა ამჯერად მაინც თუ შეესაბამება სიმართლეს მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.