Tuesday, March 24, 2015

მემარჯვენე სექტორის მებრძოლის, "კიბორგი" იაშკას კომენტარი ქართველ მებრძოლებზე და საქართველოს ეროვნულ გმირ გიორგი ანწუხელიძეზე


Saturday, March 23, 2013

აფხაზეთს...



ვიგონებ წარსულს, ის არ მინახავს...
მაგრამ ვიცი, რომ მაინც ჩემია.
კადრში დანახულ სამშობლოს ნაპირს
დარდი და სევდა შემორევია.
ტყვიით დაგლეჯილ ფერდობებს მთისას,
სისხლით ჩარეცხილ ხრამებს უძიროს,
სოხუმის დილას, მზით განათებულს
ტამიშის თავზე ღამეს უძილოს;
მე გეტყვით ყველას, რომ მენატრებით,
(თუმცა არასდროს არ მინახიხართ...)
ახსოვხართ ქართველს! უყვარხართ ქართველს!
შენ ხომ დაჭრილი ორბის ბარტყი ხარ?!
განადგურებულს, ბევრგან დაჩეხილს,
გახსოვს ბორბალის უკან ტრიალი.,
მაგრამ მოვა დრო და შენს ჭაღარას
კვლავ მოუბერავს ზღვიდან ნიავი.
შენს ტურფა მთა-ბარს, შენს ლამაზ ნაპირს,
ხითხითით ტელავს ახლა სატანა,
ისევ აღსდგები, ნუ გეშიანია
აღარ მოგიწევს ამის ატანა!
როცა ვხედავდი როგორ გტოვებდა,
შენ, მშობელ დედას ასობით შვილი,
ჩვენი სისხლია! ჩვენი მიწაა!
გულზე ხელს ვირტყამ და ჩუმად ვტირი...
გავცქერი შენს მთებს მე ჰორიზონტზე
და წარმოვიდგენბ თითეულ იმ წამს,
როცა ქართველი ღიმილით კვდება,
ბოლო წამამდე მის ჯილაგს იცავს!
სისხლის გუბეში ჩაჩოქებული
როგორ უგლეჯდნენ ტყვიები ჩოხას,
თავს არ უხრიდნენ აფთრებს ლომები
კბილით იცავდნენ სამშობლოს! ოჯახს!
ქანცგამოლეულს, გრძნობადაკარგულს,
როგორ სერავდნენ შენს გულს ცბიერნი,
უცხო ტომიდან გადმოთესლილი
გულიტ ბოროტი გადამთიელნი.
ირონიით და ნიშნის მოგებით
როგორ არტყამდნენ ჩვენს სისხლ-ხორცს ლახვარს,
ამის მომსწრე ხარ შენ, აფხაზეთო,
სხვა ვერ შეძლებდა ამდენის ნახვას.
ცრემლით გიგონებ ჩემო მიწაო,
ცრემლით ვიგონებ და-ძმათა სულებს,
"კბილი კბილის წილ!" - ეს გვიანდერძეს
მჯერა გავითბობთ გაყინულ გულებს.
ფსოუზე ისევ მოღელავს წყალი,
კოდორზე ისევ დაწვება ნისლი,
პირობას გაძლევ შენ აფხაზეთო,
მტერს არ შერჩება ჩვენს ძმათა სისხლი!
ვიკვრებით ისევ ქართველნი მუშტად
და კვლავ ვიმღერებთ ურმულს რიწაზე
მე დღეს ვპირდები დავითს, გორგასალს
რომ დავბრუნდებით ჩვენს ძველ მიწაზე!

25.01.2008


Monday, March 18, 2013

შენ, მოქალაქე!

ჩემი კბილები ყუმბარის ნამსხვრევებმა დალეწა, ძვლები შრაპნელმა... დღეს მე მტვრის გროვა ვარ, გროვა რომელმაც გუშინ შენი სიცოცხლე შეინარჩუნა... არაფერიც არაა ფარდობითი, სამყარო გაცილებით ადეკვატურია ვიდრე ამას ბატონი ალბერტი წარმოიდგენდა. უცნაური ხალხია მეცნიერები.
 ჩვენზეც ასე ამბობენ, მაგრამ მეცნიერებისგან განსხვავებით ჩვენი სახელები ლითონის მოკრძალებულ დაფაზეც ეტევა. აქ ყველაფერი ერთნაირია, კამუფლირებული, რკინის, ზეთის და დენთის სუნით გაჟღენთილი. გლამურული სუნამოების გრილ სუნს, რომელიც შენ ასე გიყვარს, მე ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების სუნი მირჩევნია, იმიტომ რომ ისაა ჩემი სამყაროს ნაწილი. თუმცა შენ არავინ გაკრიტიკებს, უნდა გიყვარდეს ის რაც გიყვარს, უნდა იყო გლამურული და მქადაგებელი თუ ამას საჭიროდ ჩათვლი. ჩემნაირები კი... ჩემნაირები იმიტომ არსებობენ, რომ თქვენ დაგიცვათ, მიუხედავად თქვენი დამოკიდებულებისა ჩვენდამი. მოკლედ, მიუხედავად კრიტიკისა ესაა ჩვენი პროფესია. სიკვდილი მარტივია, მითუმეტეს უფრო მარტივდება თუ ეს ღირებულებების გამო ხდება. ღირებულებები კი სამწუხაროდ ჩვენგან დამოუკიდებლად განისაზღვრება. დღეს ჩემი ქვეყნის ათი მოქალაქიდან ცხრა პრიორიტეტს სექსუალური უმცირესობებს უფლებებს უფრო მიანიჭებს ვიდრე ჩვენსას. არ ვამბობ რომ უნდა მოხდეს მათი უფლებების უგულებელყოფა, თუმცა ერთის კეთება არ ნიშნავს იმას, რომ მეორე დაივიწყო. ერთი ღირებულებისთვის ბრძოლა არ უნდა ხდებოდეს მეორეს ხარჯზე. და მაშინ, როცა ჩემს ძვლებს შრაპნელი დალეწავს გახსოვდეს, რომ ეს ძვლები შენივე ღირებულებებისთვის დაილეწა. ამას არავინ გამადლით, პირიქით, ეს ჩვენ გვსიამოვნებს, ვინმემ უნდა გააკეთოს ეს. ყველაზე ძნელი მაინც მარტოობაა. ესაა ერთადერთი რისიც გვეშინია. მაშინ, როცა შენ ამ პოსტს საკუთარი კომპიუტერის მონიტორზე დაინახავ ზუსტად 30 წამი იფიქრე იმაზე თუ რა გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის, რომ შენ მშვიდად იჯდე მანდ. განიხილო საყვარელი მომღერლის ახალი ალბომი, უყურო პორნოგრაფიას, დაურეკო და შეხვდე საკუთარ შეყვარებულს, დალიო ყავა, მოეფერო საყვარელ ცხოველს, დაიცვა უფლებები, საკუთარი უფლებები, გეი საზოგადოების უფლებები, ლესბოსელტა უფლებები, ბი სექსუალთა უფლებები... ნებისმიერი ადამიანის უფლება... მე არ გთხოვ ჩემი უფლებებისთვის ბრძოლას, მე არ გთხოვ იმას, რომ დიდ მეცნიერებთან, მოაზროვნეებთან, ან თუნდაც შენს კუმირებთან გამაიგივო... როგორც გითხარი ყველაზე ძნელი მარტოობაა, უკვე ისიც იცი რომ ჩვენი სახელები ლითონის პატარა ნაჭერზეც ეტევა. ნაჭერზე, რომელიც ჩვენი, ძვალდალეწილების საერთო საფლავის მცირე კვარცხლბეკზეა მიკრული... ნუ დამივიწყებ, გახსოვდეს, მე შენი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ....


პ.ს. 2012 წლის ივლისი. აშშ. ნიუ იორკი. სემინარის შემდეგ მეექვსე ავენიუზე მდებარე პატარა მაღაზიაში შევედი სადაც სამხედრო ინვენტარი იყიდებოდა. ცოტახანში შენობაში დედა და ორი შვილი შემოვიდა. ბავშვი რამდენიმე წუთი გაღიმებული სახით მიყურებდა. მერე მივხვდი რომ მისი ყურადღება ჩემმა მაისურმა მიიპყრო, რომელზეც აშშ საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების რაზმის NAVY SEALS-ის ლოგო იყო გამოსახული. დედას მკლავზე მოქაჩა და უთხრა. look, real soldier... შემდეგ ჩემთან მოვიდა, ღიმილიანი სახით ხელი გამომიწოდა და მითხრა: Syr, Than you for Iraq, Thank you for Afganistan, Thank you for Peace... ვერ ავუხსენი რომ არ ვიყავი ამერიკელი, მითუმეტეს სამხედრო. გავუღიმე, თავზე ხელი გადავუსვი და შენობა დავტოვე... ამ დღეს ყველაზე მეტად შემშურდა ამერიკელი ხალხის... 

Wednesday, January 23, 2013

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სროლის ხმა ისმის

22 იანვარს დღის 14-დან 15 საათამდე, სროლის ხმა ისმოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ამ დროს ჩვენი გადამღები ჯგუფი გორის რაიონის სოფელ შინდისში იმყოფებოდა, რომელიც ცხინვალიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ სროლის ხმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან თითქმის ყოველდღე ისმის. სავარაუდოდ გასროლა 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან ხორციელდებოდა, რომელსაც მოქვიანებით მსხილკალიბრიანი ავტომატური ქვემეხების ხმაც დაერთო. სავარაუდოდ სროლის ხმა სოფელი ხეთაგუროვოდან ან სოფელი ხეითიდან მოდიოდა. ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის, რომ სწორედ ამ ტერიტორიებზე აქვთ მოწყობილი პოლიგონები რუს ოკუპანტებს და ოს სეპარატისტებს. ადგილობრივებისვე თქმით დეფაქტო "საზღვრის" პერიმეტრზე ხშირად პატრულირებენ საფრენი აპარატები. შვეულმფრენები აქ ყოველ დილას და საღამოს დაფრინავენ, კვირაში რამდენჯერმე ისმის არტილერიის ხმაც, ალბათ ჰაუბიცების დახმარებით იმ ადგილებში, სადაც ზვავსაშიშროებაა თოვლის საფარს "ფერთხავენ". ამას წინათ რუსების ასეული ზვავში მოყოლილა, ზუსტად ა. ვიცით, მგონი მსხვერპლიც იყო - სოფელი შინდისის მცხოვრებლები. 

Saturday, January 19, 2013

ცხელი აფრიკა - ოპერაცია "საჰარა"

რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ მალის სამთავრობო ძალებმა, ფრანგი სამხედროების დახმარებით, სტრატეგიული ქალაქი კონა დაიკავეს. სამხედრო ოპერაციას მხარს ბრიტანეთი და კანადა უჭერდნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ოფიციალური პარიზი ვერ იქნება ტოლერანტული ტერორიზმის მიმართ. ამიტომ მალიში ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები კვლავ გაგრძელდება.
 ამასთან გაეროს დევნილთა სააგენტო იტყობინება, რომ კონფლიქტის ზონა, მომდევნო თვეებში, შესაძლოა 700 ათასამდე ადგილობრივმა დატოვოს. ამ დროისთვის, დევნილთა რაოდენობა 229 ათასს შეადგენს. ეგვიპტეში კი ისლამისტების ანტი-ფრანგული აქცია გაიმართა. ასობით მომიტინგე კაიროში საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბა. ისინი მალის კონფლიქტში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგებიან. დემონსტრაციას ალ-ქაიდას ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის ძმა მოჰამედ ალ-ზავაჰირიც შეუერთდა და მუსულმანებს მსოფლიოს მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა. არეულობის თავიდან აცილების მიზნით საელჩოს შენობას პოლიცია და სპეც-დანიშნულების ძალები  იცავს.
ალჟირში კი სამხედროებმა ალ-ქაიდას ექსტრემისტული დაჯგუფების სამი ლიდერი გაანადგურეს. მოკლულთა შორის ერთ-ერთი მავრიტანული წარმოშობის, მეორე კი ალჟირელი იყო. მესამე ტერორისტის ვინაუბა უცნობია.
 დაჯგუფება ,,სისხლით ხელმოწერილი”-ს წევრები ნავთობკომპანია ,,ბრითიშ პეტროლიუმის” ტერმინალს ორშაბათს დაესხნენ თავს და მძევლად უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები აიყვანეს. ისინი მალიდან უცხოელი ჯარისკაცების გაყვანას მოითხოვდნენ. გუშინ ტყვეობიდან 650 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა. თუმცა ათობით ადამიანი დაიღუპა. ტელეარხი ,,ალ-ჯაზირას” ინფორმაციით, ტერორისტებს მძევლად არა უმცირეს 30 ადამიანი ჰყავთ დატოვებული. ალჟირში ტერორიზმის გამოვლინება დაგმეს შეერთებლი შტატების სახელმწიფო მდივანმა და მისმა იაპონელმა კოლეგამ. ჰილარი კლინტონის თქმით, მძევლების დასაცავად საერთაშორისო საზოგადოება ყველანაირ ზომებს მიმართავს.

Tuesday, January 15, 2013

საფრანგეთი მალიში სამხედრო ოპერაციას იწყებს

გაერო მხარს უჭერს მალიში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციას. მალის ჩრდილოეთ ნაწილზე ისლამისტურმა დაჯგუფებებმა კონტროლი გასული წლის მარტში მოიპოვეს.
 შედეგად სახელმწიფო ორ ნაწილად გაიყო. ოფიციალურმა პარიზმა, მალის ხელისუფლების თხოვნით, გუშინ ავია იერიში მიიტანა ალ-ქაიდას მოკავშირე აფრიკული ტერორისტული დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე
მანამდე კი ფრანგულმა არმიამ დედაქალაქ ბამაკოში სპეციალური დანიშნულების ძალები და და უცხოური ლეგიონის ქვედანაყოფები გადასხა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორან ფაბიუსის განცხადებით, მალიში სამხედრო ოპერაცია მანამ გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, თუმცა კონფლიქტის ზონაში მშვიდობის ერთადერთი გარანტის როლს საკუთარ თავზე არ აიღებს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მალის თანამშრომლობის ხელი გაუწოდა ალჟირმაც. ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლი ფრანგი ჯარისკაცების სამხედრო თვითმფრინავით ტრანსპორტირებას დროებით კანადა უზრუნველყოფს.



Monday, January 7, 2013

როდესაც უკან საქართველოა


კავკასიონის ცის კაბადონი
ეს შენი სახლი, შენი მდელოა
ლაღად ჩახედე სიკვდილს თვალებში
როდესაც უკან საქართველოა!

უთანასწორო ბრძოლისა შვილებს
სიმღერა გვესმის - ჩვენი რეროა
გასატანია ბურთი სხვა მხარეს,
როდესაც უკან საქართველოა!

როცა ამაყად გადაკვეთ მტრის ხაზს
ჩათვლას დაუდებ, იტყვით ლელოა!
არ დაუღუნო   არავის თავი
როდესაც უკან საქართველოა!

ნუ შეეჩვევი მონობის უღელს
ირბინე ლაღად, შენი მდელოა! 
იყავი შენივე ქვეყნისა ფარი
როდესაც უკან საქართველოა!