Saturday, January 19, 2013

ცხელი აფრიკა - ოპერაცია "საჰარა"

რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ მალის სამთავრობო ძალებმა, ფრანგი სამხედროების დახმარებით, სტრატეგიული ქალაქი კონა დაიკავეს. სამხედრო ოპერაციას მხარს ბრიტანეთი და კანადა უჭერდნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ოფიციალური პარიზი ვერ იქნება ტოლერანტული ტერორიზმის მიმართ. ამიტომ მალიში ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები კვლავ გაგრძელდება.
 ამასთან გაეროს დევნილთა სააგენტო იტყობინება, რომ კონფლიქტის ზონა, მომდევნო თვეებში, შესაძლოა 700 ათასამდე ადგილობრივმა დატოვოს. ამ დროისთვის, დევნილთა რაოდენობა 229 ათასს შეადგენს. ეგვიპტეში კი ისლამისტების ანტი-ფრანგული აქცია გაიმართა. ასობით მომიტინგე კაიროში საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბა. ისინი მალის კონფლიქტში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგებიან. დემონსტრაციას ალ-ქაიდას ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის ძმა მოჰამედ ალ-ზავაჰირიც შეუერთდა და მუსულმანებს მსოფლიოს მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა. არეულობის თავიდან აცილების მიზნით საელჩოს შენობას პოლიცია და სპეც-დანიშნულების ძალები  იცავს.
ალჟირში კი სამხედროებმა ალ-ქაიდას ექსტრემისტული დაჯგუფების სამი ლიდერი გაანადგურეს. მოკლულთა შორის ერთ-ერთი მავრიტანული წარმოშობის, მეორე კი ალჟირელი იყო. მესამე ტერორისტის ვინაუბა უცნობია.
 დაჯგუფება ,,სისხლით ხელმოწერილი”-ს წევრები ნავთობკომპანია ,,ბრითიშ პეტროლიუმის” ტერმინალს ორშაბათს დაესხნენ თავს და მძევლად უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები აიყვანეს. ისინი მალიდან უცხოელი ჯარისკაცების გაყვანას მოითხოვდნენ. გუშინ ტყვეობიდან 650 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა. თუმცა ათობით ადამიანი დაიღუპა. ტელეარხი ,,ალ-ჯაზირას” ინფორმაციით, ტერორისტებს მძევლად არა უმცირეს 30 ადამიანი ჰყავთ დატოვებული. ალჟირში ტერორიზმის გამოვლინება დაგმეს შეერთებლი შტატების სახელმწიფო მდივანმა და მისმა იაპონელმა კოლეგამ. ჰილარი კლინტონის თქმით, მძევლების დასაცავად საერთაშორისო საზოგადოება ყველანაირ ზომებს მიმართავს.

No comments:

Post a Comment