Monday, March 18, 2013

შენ, მოქალაქე!

ჩემი კბილები ყუმბარის ნამსხვრევებმა დალეწა, ძვლები შრაპნელმა... დღეს მე მტვრის გროვა ვარ, გროვა რომელმაც გუშინ შენი სიცოცხლე შეინარჩუნა... არაფერიც არაა ფარდობითი, სამყარო გაცილებით ადეკვატურია ვიდრე ამას ბატონი ალბერტი წარმოიდგენდა. უცნაური ხალხია მეცნიერები.
 ჩვენზეც ასე ამბობენ, მაგრამ მეცნიერებისგან განსხვავებით ჩვენი სახელები ლითონის მოკრძალებულ დაფაზეც ეტევა. აქ ყველაფერი ერთნაირია, კამუფლირებული, რკინის, ზეთის და დენთის სუნით გაჟღენთილი. გლამურული სუნამოების გრილ სუნს, რომელიც შენ ასე გიყვარს, მე ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების სუნი მირჩევნია, იმიტომ რომ ისაა ჩემი სამყაროს ნაწილი. თუმცა შენ არავინ გაკრიტიკებს, უნდა გიყვარდეს ის რაც გიყვარს, უნდა იყო გლამურული და მქადაგებელი თუ ამას საჭიროდ ჩათვლი. ჩემნაირები კი... ჩემნაირები იმიტომ არსებობენ, რომ თქვენ დაგიცვათ, მიუხედავად თქვენი დამოკიდებულებისა ჩვენდამი. მოკლედ, მიუხედავად კრიტიკისა ესაა ჩვენი პროფესია. სიკვდილი მარტივია, მითუმეტეს უფრო მარტივდება თუ ეს ღირებულებების გამო ხდება. ღირებულებები კი სამწუხაროდ ჩვენგან დამოუკიდებლად განისაზღვრება. დღეს ჩემი ქვეყნის ათი მოქალაქიდან ცხრა პრიორიტეტს სექსუალური უმცირესობებს უფლებებს უფრო მიანიჭებს ვიდრე ჩვენსას. არ ვამბობ რომ უნდა მოხდეს მათი უფლებების უგულებელყოფა, თუმცა ერთის კეთება არ ნიშნავს იმას, რომ მეორე დაივიწყო. ერთი ღირებულებისთვის ბრძოლა არ უნდა ხდებოდეს მეორეს ხარჯზე. და მაშინ, როცა ჩემს ძვლებს შრაპნელი დალეწავს გახსოვდეს, რომ ეს ძვლები შენივე ღირებულებებისთვის დაილეწა. ამას არავინ გამადლით, პირიქით, ეს ჩვენ გვსიამოვნებს, ვინმემ უნდა გააკეთოს ეს. ყველაზე ძნელი მაინც მარტოობაა. ესაა ერთადერთი რისიც გვეშინია. მაშინ, როცა შენ ამ პოსტს საკუთარი კომპიუტერის მონიტორზე დაინახავ ზუსტად 30 წამი იფიქრე იმაზე თუ რა გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის, რომ შენ მშვიდად იჯდე მანდ. განიხილო საყვარელი მომღერლის ახალი ალბომი, უყურო პორნოგრაფიას, დაურეკო და შეხვდე საკუთარ შეყვარებულს, დალიო ყავა, მოეფერო საყვარელ ცხოველს, დაიცვა უფლებები, საკუთარი უფლებები, გეი საზოგადოების უფლებები, ლესბოსელტა უფლებები, ბი სექსუალთა უფლებები... ნებისმიერი ადამიანის უფლება... მე არ გთხოვ ჩემი უფლებებისთვის ბრძოლას, მე არ გთხოვ იმას, რომ დიდ მეცნიერებთან, მოაზროვნეებთან, ან თუნდაც შენს კუმირებთან გამაიგივო... როგორც გითხარი ყველაზე ძნელი მარტოობაა, უკვე ისიც იცი რომ ჩვენი სახელები ლითონის პატარა ნაჭერზეც ეტევა. ნაჭერზე, რომელიც ჩვენი, ძვალდალეწილების საერთო საფლავის მცირე კვარცხლბეკზეა მიკრული... ნუ დამივიწყებ, გახსოვდეს, მე შენი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ....


პ.ს. 2012 წლის ივლისი. აშშ. ნიუ იორკი. სემინარის შემდეგ მეექვსე ავენიუზე მდებარე პატარა მაღაზიაში შევედი სადაც სამხედრო ინვენტარი იყიდებოდა. ცოტახანში შენობაში დედა და ორი შვილი შემოვიდა. ბავშვი რამდენიმე წუთი გაღიმებული სახით მიყურებდა. მერე მივხვდი რომ მისი ყურადღება ჩემმა მაისურმა მიიპყრო, რომელზეც აშშ საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების რაზმის NAVY SEALS-ის ლოგო იყო გამოსახული. დედას მკლავზე მოქაჩა და უთხრა. look, real soldier... შემდეგ ჩემთან მოვიდა, ღიმილიანი სახით ხელი გამომიწოდა და მითხრა: Syr, Than you for Iraq, Thank you for Afganistan, Thank you for Peace... ვერ ავუხსენი რომ არ ვიყავი ამერიკელი, მითუმეტეს სამხედრო. გავუღიმე, თავზე ხელი გადავუსვი და შენობა დავტოვე... ამ დღეს ყველაზე მეტად შემშურდა ამერიკელი ხალხის... 

No comments:

Post a Comment