Wednesday, March 14, 2012

სლოვაკური პლაგიატი



რამდენიმე დღის წინ ჩვენი ბლოგის საშუალებით პლაგიატის ფაქტს გამოვეხმაურეთ, სადაც რიგი ინტერნეტმომხმარებლები საქართველოს შ.ს.ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს პაკისტანურ სპეცრაზმად ასაღებდნენ, თუმცა როგორც ჩანს აზიელებს ევროპელებმა დაასწრეს.  ჯერ კიდევ  2010 წლის 13 ნოემბერს, პოპულარულ ვიდეოპორტალ "იუთუბზე" მომხმარებელმა   ნიკით 2akita2 გაავრცელა ვიდეო, რომელიც ასევე პლაგიატურია. ამჯერად ვიდეოკადრებში, რომელსაც სლოვაკი ნაციონალისტების სამოტავაციო სიმღერა ადევს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) სპეცრაზმელები მძევლის გათავისუფლების იმიტაციის, ტაქტიკური გადაადგილების და საბრძოლო ხელოვნების ელემენტების დემონსტრირებას ახდენენ. 

"მე ვდარაჯობ! სლოვაკებო, მე ვამაყობ რომ ვარ ნაციონალისტი! მე ვამაყობ რომ არ ვარ მარტო!" - დაახლოებით ასე ჟღერს სლოვაკი  ნეონაცისტების სიმღერა, რომელიც ქართული სპეცდანიშნულების რაზმის კადრებს ადევს. ვიდეოს თან ერთვის სლოვაკი ნაციონალისტების კომენტარები, რომლებიც ახალგაზრდებს გაერთიანებისკენ და სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდებენ. სამშობლოს დაცვის იდეა, იდეაშივე მშვენიერია თუმცა რატომ აკეთებენ მსგავსი შინაარსის მოწოდებებს ქართული სპეცდანიშნულების რაზმის საჩვენებელი კლიპის ფონზე სლოვაკები ეს გაუგებარია, მითუმეტეს მაშინ, როცა "იუთუბი" იგივე სლოვაკური არმიისა თუ საპოლიციო დანაყოფების ვიდეოებით სავსეა. ასეა თუ ისე ფაქტია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ქვედეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის პრომოვიდეოებს რიგი მომხმარებლები ყოველგვარი ნებართვის გარეშე, პლაგიატურად მიაკუთვნებენ სხვადასხვა ქვეყანას, თანაც ისე რომ ამაზე მათ პასუხს არავინ თხოვს. 

                                      ს.ო.დ.-ის პრომოვიდეოს პლაგიატური ვერსია



                                                            ვიდეოს ორიგინალი



Tuesday, March 13, 2012

აფხაზური ფაშიზმის მორიგი "მარგალიტი"


აფხაზური “მხიარულთა  და საზრიანთა” კლუბის წევრები, (რომელთაც საზრიანობის ნამდვილად არაფერი ემჩნევათ) ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურ ქართველებს დასცინიან. კლუბის წევრები ჰიპ-ჰოპ მუსიკით საკუთარ ზიზღს ქართველების მიმართ ქსენოფობიური, შოვინისტური ფორმით, სრულიად უცენზუროდ  გამოხატავენ. 
“ბატონო წამყვანო, ჩვენი შემდეგი კომპოზიცია ეძღვნება იმ დევნილებს, რომლებიც ენგურს გაღმა არიან ახლა” – ამბობს ვიდეოს დასაწყისში ერთ-ერთი “საზრიანი”, რომლის შემდეგაც ისინი “სიმღერას” იწყებენ. 
ვიდეორგლოში აფხაზი ახალგაზრდები რეგიონიდან იძულებით განდევნილ მოსახლეობას, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, გადამდგარ გენერალ გიორგი ყარყარაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს და ყოფილ პრესიდენტ ჯორჯ ბუშს პირდაპირ აგინებენ და დასცინიან.
“საქართველოში ჰგონიათ რომ ისინი ევროპის წევრები არიან თუმცა საქართველო არის უკანალი”. ამბობენ თავიანთ “სიმღერაში” აფხაზი ახალგაზრდები.
შოუზე მიწვეული აფხაზური “ნაღები საზოგადოება” ახალგაზრდების გამოსვლას ოვაციებითა და ტაშით შეხვდა



„ალიგატორის“ დაცემა


ტვერის ოლქში კატასტროფა განიცადა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა მოიერიშე შვეულმფრენმა. კა-52-ის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი – ლეიტენანტი ფიოდოროვი და ვიცე-პოლკოვნიკი რაკუშინი დაიღუპა. რაკუშინი შვეულმფრენის დაცემის შემდეგ ცოცხალი იყო, მისი ევაკუაცია და საავადმყოფომდე  გადაყვანა სამაშველო ჯგუფმა დროულად მოახერხა თუმცა მფრინავი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ეს რუსული სამხედრო ავიაციის ისტორიაში „ალიგატორის“ ჩამოვარდნის პირველი ფაქტია. კატასტროფის ადგილას რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, გენერალი ალექსანდრე ზელინიც იმყოფებოდა.

“რადიოკავშირი ვერტმფრენთან მოსკოვის დროით ზუსტად 21:05 წუთზე შეწყდა, იმავდროულად იქნა გაგზავნილი სამძებრო ჯგუფები თუმცა ღამით ძებნა გართულდა, სამძებრო ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა. მოსკოვის დროით 08:45 წუთზე ჩვენმა ჯგუფებმა ვერტმფრენი ბაზირების ადგილიდან ათეულობით კილომეტრიც დაშორებით ჩამოვარდნილი ნახა. „აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებათან ურთიერთიერთობის სამსახურის უფროსი პოლკოვნიკი იგორ კონაშეკოვი.

მრავალფუნქციური “კა-52-ალიგატორის”  საბრძოლო მასალა ასე გამოიყურება – 12 ანტისატანკო ზებგერითი რაკეტა “ვიხრი”, 80 ერთეული 80მმ-იანი უმართავი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა, 30-მმ-იანი ავტომატური ქვემეხი. ვერმფრენს საათში 300-კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. უახლოეს პერიოდში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები კიდევ 140 „ალიგატორის“ მიღებას აპირებს თავის საბრძოლო ავიაპარკში. 

Sunday, March 4, 2012

პლაგიატი პაკისტანურად

ვიდეოპორტალ “იუთუბზე” გავრცელდა პლაგიატური ვიდეო სახელწოდებით - PAKISTAN SSG LATEST . კადრებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან. ე.წ. პრომო ვიდეო, რომელიც სპეცრაზმელთა მომზადების დონეს და სპეცოპერაციის იმიტაციას ასახავს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ გადაიღო. ვიდეოს კომენტარებში იუთუბის რამდენიმე მომხმარებელი აღნიშნავს რომ ეს არა პაკისტანური, არამედ ქართული სპეცრაზმია. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეორგოლის რამდენიმე კადრში აშკარად ფიგურირებს ქართული დროშა, ხოლო ბოლოში კ.უ.დ-ის ლოგო, ის ადამიანები ვინც აღნიშნული რგოლი პორტალზე ატვირთა ამტკიცებენ, რომ ეს სწორედ პაკისტანის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმია.
ვიდეოს ფონად “პაკისტანელ მეომართა სადიდებელი სიმღერა” ადევს, ვიდეოს დასაწყისსა და ბოლოში კი პაკისტანის დროშაა ჩამონტაჟებული. იმედია პაკისტანური მხარე გაითვალისწინებს ამ შემთხვევას და სამომავლოდ პლაგიატის დონეს მინიმუმამდე დაიყვანს. 



ეს კი ვიდეოს ორიგინალი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის რამდენიმე წლის წინა გადაიღეს. 


Friday, March 2, 2012

მილიტარისტი მილიარდერი

მსოფლიოს უმდიდრესი სპორტსმენი, გოლფის ამერიკელი სუპერვარსკვლავი, მეიჯორ ჩემპიონატის 14 გზის გამარჯვებული ტაიგერ ვუდსი სპეცრაზმელობაზე ოცნებობს. ვუდსი სან დიეგოში მდებარე სპეცდანიშნულების ქვედანაყოფთა საწვრთნელი ბაზის ხშირი სტუმარია. ის სპეცრაზმელებთან ერთად სხვადასხვა სახის წვრთნებს გადის და იმ პრაქტიკულ-უნარჩვევებს ითვისებს რაც ჯარისკაცისთვის აუცილებელია.


სპორტსმენის ფავორიტი ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების რაზმი "ზღვის ლომებია". წორედ Navy Seals-ის მეექვსზე რაზმმა, "Devgru"-მ ჩაატარა შარშან პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ოპერაცია კოდური სახელწოდებით "ჯერონიმო", რომლის დროსაც სპეცრაზმელებმა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, ოსამა ბინ ლადენი გაანეიტრალეს.
ტაიგერ ვუდსის მწვრთნელის, ჰენკ ჰეინის თქმით ის ბევრჯერ შეეცადა ამ "უცნაურ ამოჩემებაში" სპორტსმენისთვის ხელის შეშლას, თუმცა გოლფის "სუპერსტარი" თავისას მაინც არ იშლიდა და იმედი ჰქონდა რომ ასაკის მიუხედავად ის მაინც შეძლებდა "ზღვის ლომების" რიგებში მოხვედრას.


ვუდსი სპეცრაზმელებთაბთან ერთად შენიღბვის, საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს, და სნაიპერის სპეციალური მომზადების კურსებს გადიოდა. აქტიურად მონაწილეობდა ქალაქში ბრძოლის და შენობების  წმენდის სიმულაციურ სწავლებებში (ე.წ. SQB) მეტიც, სპორტსმენი მედესანტეთა სწავლებების დროს ჯარისკაცებთან ერთად პარაშუტით ორჯერ გადმოხტა (ე.წ. Hallo jump).



სპორტსმენის სამხედრო საქმით დაინტერესებას მამის დამსახურებად მიიჩნევენ. ტაიგერის მამა ერლ დენისონ ვუდსი ამერიკის არმიის პოლკოვნიკი იყო, რომელიც "მწვანე ბერეტის" სპეცდანიშნულების რაზმში ირიცხებოდა და ვიეტნამშიც იბრძოდა.


იმის დაფიქსირებას, რომ სამხედრო საქმე უყვარს სპორტსმენი არც საზოგადოებაში ერიდება. ის ხშირად გამოჩენილა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კამუფლირებული ტანსაცმლით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები სადაც ვუდსი შეჯავშნულ "HMMWV"-ზე მეტყვიამფრქვევის ადგილასაა მოკალათებული. აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე კი მან თავის გამოსვლაში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ჯარისკაცებზე და მათ მიერ, ქვეყნის წინაშე არსებულ ღვაწლზე უფრო მეტი ისაუბრა ვიდრე თავად პრეზიდენტზე.


სპეცრაზმელობის მსურველებს ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სერჟანტები, ამ მისამღერის ფონზე ავარჯიშებენ, ალბათ ვუდსსაც ხშირად უთქვამს ფრაზა- "I want to be a Navy seal"

 მიუხედავად ამისა,  სპორტსმენის ოცნება ალბათ ოცნებადვე დარჩება, რადგან ტაიგერი 1975 წლის 30 დეკემბერს არის დაბადებული. 36 წლის ასაკში კი სპეცდანიშნულების რაზმში, მითუმეტეს Navy Seals-ში მისი მიღება დიდად საეჭვოა. თუმცა ფაქტია, რომ ტაიგერ ვუდსი სპორტის ისტორიაში უდიდეს დიდოსტატად შევიდა. დიდოსტატად, რომელიც მსოფლიო რეიტინგს რეკორდული დროის, 623 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

Thursday, March 1, 2012

იცოდა თუარა რუსეთმა ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მართვის კოდები?!

ინფორმაცია რომელიც სკანდალური ინტერნეტპორტალის, "ვიკილიქსის" საშუალებით გავრცელდა შესაძლოა მორიგი დიპლომატიური სკანდალის საფუძველი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის ომის დაწყებამდე რუსულმა მხარემ ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მართვის კოდები იცოდა. საიტისვე ცნობით ინფორმაცია რუსეთის გენშტაბმა არათუ სადაზვერვო მონაცემებით, არამედ არც მეტი არც ნაკლები თავად უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანიის, "Elbit Systems"-ისგან მიიღო. თუმცა აქ საქმე ცალმხრივ თანამშრომლობასთან არ გვქონია, ჩვენი უპილოტოების მართვის კოდების სანაცვლოდ, რუსეთმა ისრაელს ტაქტიკური ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის Тор-М1 მართვის სისტემის გატეხვის კოდები გადასცა. "ვიკილიქსის" ინფორმაციით ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მხარემ მექსიკელი აგენტის, ყოფილი პოლიციელისა და სამხედრო ანალიტიკოსის "Latam"-ისგან გაიგო. ინფორმაციის სანდობაა 1 დონით ფასდება და მასში ნათქვამია, რომ  "ქართველები გამალებით ინტენსიურად ეძებენ  ებრაული უპილოტო თვითმფრინავების შემცველებს".


საიდუმლო შეთანხმების სავარაუდო თარიღი 2008 წლის გაზაფხულია, სწორედ ამ პერიოდში იქნა ჩამოგდებული ოკუპირებული აფხაზეთის თავზე, საქართველოს საჰაერო სივრცეში ზედიზედ სამი უპილოტო საფრენი აპარატი. ერთ-ერთი მათგანი, "ჰერმეს 450"    გუდაუთაში ბაზირებულმა რუსულმა გამანადგურებელმა Mig-29-მ  "ჰაერი-ჰაერი" კლასის
სითბური დამიზნების რაკეთით ამავე წლის აპრილში ჩამოაგდო. აპარატის განადგურების შემდეგ რუსული თვითმფრინავი ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით გაფრინდა. 


         ("მიგ-29"-ის მიერ ქართული უპილოტოს ჩამოგდების ამსახველი ვიდეომასალა)



დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო თავადვე იწყებს უპილოტო თვითმფრინავების წარმოებას, რომლებიც სავარაუდოდ კომპანია Elbit Systems"-ის წარმოების Hermes და  Skylark ებრაულ უპილოტოებს ჩაანაცვლებს. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი თარგამაძის ცნობით, (რომელიც ამავე დროს საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური პროგრამების განხორციელებისა და საიდუმლო პროექტებზე საბიუჯეტო თანხების კონტროლის განმხორციელებელ "ნდობის ჯგუფს" ხელმძღვანელობს) 35 მილიონი დოლარის ღირებულების აღნიშნული ტექნიკა ისრაელს უბრუნდება. „35 მილიონი დოლარის მოწოდებული პროდუქციის უკან დაბრუნებაზეა საუბარი და ეს არის უპილოტი თვითმფრინავები. საქმე აქ არა თუ ტრაგიკულად, პირიქით სასიხარულოდაც არის. საქმე ის გახლავთ, რომ ქართულმა მხარემ თავად დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების წარმოება. აქედან გამომდინარე, შეძენილი უპილოტოების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს და ჩვენ მშვიდად შეგვიძლია ეს ტექნიკა უკან დავაბრუნოთ და ჩავაქროთ ეს კონფლიქტი“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

"ვიკილიქსის" მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას უტყუარს ნამდვილავ ვერ ვუწოდებთ, თუმცა თუ პარტნიორი ისრაელის მიერ რუსულ მხარეზე უპილოტო საფრენი აპარატების მართვის კოდიების გადაცემის ფაქტი დადასტურდება, ეს ნამდვილად უარყოფითად აისახება ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, რაც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს ცნობილ ფრაზას - "არ არსებობს მეგობრობა სახელმწიფოებს შორის, არსებობს უბრალოდ საერთო ინტერესები" 


Monday, February 27, 2012

"ლაზიკას" დაბადება

სამხედრო საქმის მოყვარულები ჯავშანმანქანა "დიდგორის" გამოჩენას ჯერ კიდევ შარშან სიხარულით ეგებებოდნენ. წლების განმავლობაში "გაყინული" სამხედრო მრეწველობის აღდგენა ბევრისთვის  საამაყო იყო. ალბათ მათი უმრავლესობა ვერც კი წარმოიდგენდა თუ ერთ წელილადში ქართული წარმოების  ქვეითთა საბრძოლო მანქანას იხილავდნენ. "ლაზიკას" შესახებ ინფორმაცია პირველად ავღანეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა, ამ მოულოდნელ განცხადებას სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ბევრმა "სააკაშვილის ოცნება" უწოდა, თუმცა ოცნება მალევე ახდა. ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანის პრეზენტაცია ვაზიანის პოლიგონზე შედგა. ჯავშანტრანსპორტიორი საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრთან ერთად მოინახულა. 



"ლაზიკას" რომლის ეკიპაჟიც სამი კაცისგან შედგება, შვიდი ქვეითის ტრანსპორტირება შეუძლია. მისი კომბინირებული ჯავშანი კი  უზრუნველყოფს დესანტის დაცვას 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტარი ტყვებისგან, ეს კი უმნიშვნელოვანესია ჯარისკაცთა უსაფრთხო ტრანსორტირებისთვის. ქსმ–ს სალონი იმაზეცაა გათვლილი, რომ ოპერატიულად მოახდინოს დაჭრილების დროული ევაკუაცია საცეცხლე ზონიდან. ქვეითთა საბრძოლო მანქანას აქვს ცეცხლის მართვის დისტანციური მოდული, რომლითაც ჯავშანტრანსპორტიორზე დამონტაჟებული შეიარაღების, 23 მმ–იანი ავტომატური ქვემეხისა და 7,62 მმ ტყვიამფრქვევის მართვა შიგნიდან ხდება. 


ლაზიკას ცეცხლის მართვის სისტემას, რომელიც შიგნიდან იმართება,  გააჩნია როგორც დღის და ღამის, ასევე  თერმული ხედვის კამერა რითაც ერთიორად უადვილებს ეკიპაჟს მიზნის აღმოჩენის და მისი შემდგომში განადგურების შესაძლებლობას. 
რამდენად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სამხედრო წარმოების განვითარება - ჩვენს კითხვებს სამხედრო ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე პასუხობს.
ი.ლ. -მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული კურსისა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია განვავითაროთ საკუთარი სამხედრო მრეწველობა რათა ნაკლებდ ვიყოთ დამოკიდებული შეიარაღების თუ საბრძოლო მასალის იმპორტზე... მეტადრე რომ ჩვენ გაგვაჩნია სამაგისოდ ინტელექტუალური რესურსი და მატერიალურ ტექნიკური ბაზაც გარკვეულ დონეზე. თუმცა უკანასკნელი მოდერნიზაციასა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას მოითხოვს...ეს კი თავის მხრივ ინვესტირებას ამ დარგში. თუმცა ეს ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს შემდგომში ფულის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაზოგვის და ხელს შეუწყობს დასაქმების პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას. სამხედრო მრეწველობის გაძლიერება აძლიერებს საქართველოს ეკონომიკას. საკუთარი მძლავრი სამხედრო მრეწველობის ქონა ფსიქოლოგიურადაც დადებითად მოქმედებს ერზე და მას თვითდაჯერებულობას და წარმატებული, უსაფრთხო მომავლის იმედს მატებს. 2008 წლის 5 დღიანი ომის ანალიზმა გვიჩვენა რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მკეთრ დეფიციტს განიცდიდა...ჯარის მობილურობა შეუჯავშნავი სატრანსპორტო საშუალებებით (ტოიოტა ჰაილუქსები, კამაზები და კრაზები) იყო უზრუნველყოფილი. საპირისპიროდ, მოწინააღმდეგის ძირითად ძალას მოტომსროლელი შენაერთები წარმოადგენენ. ცხადი გახდა რომ მინიმალური თავდაცვითი შესაძლელობების უზრუნველსაყოფად საჭიროა ჩვენი შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მსუბუქი ქვეითიდან - მექანიზირებულ სტრუქტურაზე გადაყვანა, საამისოდ კი თავის მხრივ საჭიროა შესაბამისი ტექნიკა: ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. აქვე უნდა აღინიშნოს რომ 2008 წელს ცნობილი მოვლენებისას ჩვენს შეიარაღებაზე არსებული ჯავშანმნქანების, ჯავშანტრანსპორტიორების და ქვეითთა საბრძოლო მანქანების ერთეულებიდან დამაკმაყოფილებელი შედეგები მოხლოდ თანამედროვე თურქულმა ჯავშანმანქანამ "კობრამ" აჩვენა. საბჭოთა ტექნიკამ თავი ვერ გამოიჩინა და ნათელი გახდა რომ ის მორალურად და კონცეპტუალურად მოძველდა. საჭირო გახდა სხვა ტექნიკის შეძენა რომელისც თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს და რომელშიც ამ დარგის განვითარების ბოლო ტენდენციებია ასახული. ასეთ ტექნიკაზე ჩვენ ხელი ან არ მიგვიწვდება, ან იგი ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ გადაწყდა თავადვე დაგვეპროექტებინა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად ტექნიკა და თავად გვეწარმოებინა ისინი. ამ მომენტისთვის სახეზე გვაქვს ორი პროექტი რომელიც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ესენია ჯავშანტრანსპორტიორ დიდგორის ორი მოდელი და ქვეითთა საბრძოლო მანქანის ლაზიკის პროექტი. 

- რამდენად დააბალანსებს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება რეგიონში დარღვეულ დისბალანსს

ი.ლ. - ტექნიკა არ იქმნება იმისთვის რომ ვიღაცას ფორმალურად გავეჯიბროთ, მითუფრო აზებაიჯანს, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მასთან სამხედრო სამრეწველო სფეროში კოოპერაციას ვგეგმავთ. ჩვენ ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე ვქმნით იარაღსა თუ სამხედრო ტექნიკას.საჭიროებას კი ის საფრთხეები და გამოწვევები განაპირობებს რაც ჩვენს სახელმწიფოს და მის შეიარაღებულ ძალებს უდგას. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ესაჭიროებოდა დიდგორის და ლაზიკასმაგვარი ჯავშანტექნიკა.  შევქმენით მოდელები რომლებიც თავისი მოწინავე დიზაინითა და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად პასუხობენ იმ მოთხოვნებს რაც მათ დამკვეთმა წაუყენა.

- რას იტყვით "დიდგორისა" და "ლაზიკას"  ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებზე, რისი გაუმჯობესება შეიძლება ჯავშანტრანსპორტიორებთან მიმართებაში, იგულისხმება როგორც ჯავშანი, ასევე ცეცხლის მართვის სისტემები.

ი.ლ. - აღსანიშნავია რომ ორივე მოდელს აქვს მოდერნიზაციის დიდი რესურსი. შესაძლებელია ორივეს დაუყენდეს დამატებითი დაცვა ყუმბარმტყორცნების ყუმბარებისგან - გარშემო მსუბუქი მეტალის კონსტრუქციის სახით. შეიარაღება და ცეცლის მართვის სისტემები მთლიანობაში ამ ეტაპზე ორივესი დამაკმაყოფილებელია.სასურველია ლაზიკას ბაზაზე შეიქმნას 120მმ-იანი თვითმავალი ნაღმტყორცნი. 
- რამდენად პრაქტიკული იქნება "ლაზიკა" საბრძოლო მოქმედებების დროს ოკუპირებულ რეგიონებთან არსებულ რელიეფზე? 

ი.ლ. - ვინაიდან ჯერ მწირი მონაცემები გვაქვს ლაზიკის სავალ ნაწილსა და ძრავა ტრანსმიის შესახებ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ იმით რაც ვიზუალურად სჩანს - ლაზიკა შედარებით მოკლეა, რაც მას მეტ მოქნილობას მისცემს მთაგორიან რელიეფზე, მთის ვიწრო გზებსა და ურბანულ ტერიტორიებზე მათ შორის ნანგრევებში მანევრირებისას. 

ქართული ჯავშანმანქანა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრის ""დელტას" ბაზაზე შეიქმნა.დელტას ბაზაზევეა შექმნილი მობილური საპატრულო და სადაზვერვო ჯავშანმანქანა "დიდგორიც". სწორედ ამ ცენტრის მუშაობას უკავშირდება ბოლო პერიოდში სამამულო წარმოების განვითარება. ორი ჯავშანტრანსპორტიორის წარმოება ერთი წლის განმავლობაში მართლაც არ არის ურიგო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ ქვეყანა იბრუნებს სამხედრო მრეწველობის ტრადიციებს, რომელიც წლების განმავლობაში პრაქტიკულად "გაყინული" იყო.