Thursday, October 18, 2012

Rogue Corps - თავგადასავლების თერაპია ვეტერანებისთვის

რამდენიმე თვის წინ, სამხრეთ კალიფორნიაში სამი ამერიკელი ვეტერანის საველე შეკრების დროს გაჩნდა იდეა, იდეა რომელიც ვეტარანთა და სხვადასხვა ბრძოლების დროს დაინვალიდებულ მებრძოლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და მათ "მშობლიურ" გარემოში დაბრუნებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით საველე პირობებში ყოფნა, ნადირობა, თევზაობა, კემპინგი, დეპრესიაში მყოფ ჯარისკაცებს რწმენის და იმედის დაბრუნებაში დაეხმარებოდა. იდეა მარკ ჰეპმა, დეივიდ ლაიონმა და ელ კლარკმა მალევე აქციეს რეალობად. მათ დააარსეს არაკომერციულო  კომპანია  “Rogue Corps.” – ი. კომპანია ყოფილ სამხედროებს ე.წ. "თავგადასავლების თერაპიით ეხმარება". დაინვალიდებულ, კიდურებდაკარგულ მებრძოლებს საშუალება აქვთ  თვეში რამდემდენიმე დღე თანამებრძოლებთან, მათთვის სასურველ გარემოში გაატარონ, გავიდნენ პოლიგონზე, ისროლონ მიზანში და უბრალოდ გაერთონ.
 "ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას დაიბრუნონ საკუთარი თავის რწმენა. ჩვენთან მოქმედებს უმკაცრესი კანონი, მოვეპყროთ უნარშეზღუდულ ჯარისკაცებს ისე, როგორც ჩვეულებრივ, სრულფასოვან მებრძოლებს. სწორედ ამითაა გამორჩეული ჩვენი კლუბი და ვფიქრობ ეს მათ ფსიქოლოგიაზეც კარგად აისახება. ჩვენ ვაძლევთ მათ შანსს კიდევ ერთხელ ჩაიცვან სამხედრო ფეხსაცმელი, თუნდაც პროტეზზე. მერწმუნეთ, აქ ზუსტად ისეთივე ატმოსფეროა, როგორიც ნებისმიერ სხვა სამხედრო კლუბში"- აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი დეივიდ ლაიონი. ფაქტი, რომ თუნდაც ვეტერანები ზრუნავენ იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ინტერესთა დასაცავად საკუთარი სისხლი გაიღეს მხოლოდდამხოლოდ მისასალმებელია. მეტიც, ვისურვებდით რომ მსგავსი პრაქტიკა ჩვენთან, საქართველოშიც დაინერგოს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ბრძოლებში ბევრმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანება რის გამოც მათ დღემდე არ შეუძლიათ აქტიურად ცხოვრება, ან უფრო ცუდი, ინვალიდის ეტლს არიან მიჯაჭვულნი. ამიტომ თუნდაც მსგავსი კლუბის არსებობა, თუნდაც ერთი გასეირნება მათთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება. მარტივი ლოგიკაა, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ადამიანები, რომლებიც თქვენთვის, თქვენს მაგიერ, თქვენივე ოჯახების და სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის აკეთებენ მაქსიმუმს. აჩუქეთ მეტი სითბო ვეტერანებს... 









No comments:

Post a Comment