რუსეთმა სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსში დესანტი გადასხა. გავრცელებული ცნობით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითთა 431-ე ბატალიონის წევრები ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.
ცნობას ფაქტის შესახებ, ტელეკომპანია ალ-არაბია სირიის ოპოზიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, მეტიც თავდაცვის უწყების განცხადებით სირიის ტერიტორიულ წყლებში ამ დროისთვის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი არცერთი ხომალდი არ იმყოფება. თუმცა სირიის ოპოზიციის განცხადებით საპორტო ქალაქში რუსეთის საზღვაო ქვეითთა კონტრტერორისტული ქვედანაყოფი მოქმედებს. არაბული მედიის ცნობით რუსი სამხედროები ქვეყანაში სამხედრო ბაზის და დიპლომატიური კორპუსის დაცვის მიზნით შევიდნენ. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით საზღვაო ქვეითთა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი სირიის ტერიტორიაზე არა სამხედრო ხომალდიდან, არამედ შავი ზღვის ფლოტის კუთვნილი ტანკერი "იმანიდან" გადასხეს. თუმცა რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ეს სიმართლეს არ შეესაბამება. - "ტანკერი "იმანი" მხოლოდდამხოლოდ სამოქალაქო პერსონალითაა დაკომპლექტებული, ის უზრუნველყოფს ჩრდილოეთისა და შავი ზღვის ფლოტების კუთვნილი ხომალდების საწვავით უზრუნველყოფას, რომლებიც 2008 წლის შემდეგ მონაწილეობენ მეკობრეთა საწინააღმდეგო საპატრულო ღონისძიებებში" - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის, ბაშალ ალ ასადის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. გაეროს მონაცემებით მასობრივი არეულობების დროს 8 000-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.