Monday, July 18, 2011

სამშობლო

გამოგივლია მრავალგზის სევდა და ტანჯვა მკვდრიანი,
ღალატი, გაუტანლობა, ბედის უკუღმად ტრიალი.
ბევრი გიკვებავს ძუძუთი - ვაჟკაცი ჭკუაფხიანი
ხვადის სწორი ძუ უბიწო, კბილებ-წარბ-თვალბროლიანი.
დრო-ჟამის უთავბოლობამ ვაი რომ ხელი დაგრია,
შენს ირგვლივ შემოიკრიბა მტერი უგულო, ავყია.
ერთურთის კბენა-ღრენაი, ვაი რომ მათთვის კარგია
ტყუილუბრალოდ ყვირილმა გულ-მკერდში გადაგვანგრია.
გონს მაშინ მოდის ქართველი როს ძაან გაუჭირდება,
ხვდება, რომ მაშინ იმარჯვებს როცა გულს გული სჭირდება.
მაშინ გუგუნებს მის სულში ძველი მხედრული დიდება
როცა ფიქრობს რომ მამული, არს მისი ავლადიდება.
ჩემი სამშობლოს მიწაო, შენთვის გავწირავ თავსაო
შენთვის შავებრძვი შავ ურჩხულს, არ მავიხმარებ სხვასაო,
მუხლებზე დავცემ შენს მტარვალს, გულზედ დავადებ ქვასაო
ქრისტე ღმერთისა შეწევნით მკერდით გავაპობ ზღვასაო!
სანამ ერთიც კი ფეხზეა, შენ არ დარჩები ობლადა,
ჩვენ კიდევ უთვალავნი ვართ, გავიხვათქებით ოფლადა.
გულს გჩუქნი ჩემო დედაო, მე შენ გიდგები მონადა
ვინც გიღალატოს სამშობლოვ, დედამც შაერთოს ცოლადა!



დღე წითელი პარასკევისა. ქრისტეს შობიდან ორიათას რვა წელი

გ.წეროძე



Tuesday, July 5, 2011

ჩემი ნენეი საქართველოა - დიალოგი ჩემს მუჰაჯირ ძმასთან



შავშეთი, ისტორიული საქართველო... გზისგან დაღლილი მანქანას ვაჩერებ, მწყურია. გადმოვდივარ და ქუჩაში ვჩერდები. მაღაზიებს ვათვალიერებ. სად შევიდეთ, ვკითხე ჩემს მეგობარს. "გურჯები ხართ? აქეთ მოით" - მესმის მშობლიურ, ქართულ ენაზე. მაღაზიის გამყიდველი გვიღიმის - "მე გიძახით ჭოვ, ქართველი ვართ, რამ შეგაშინათ" - მივხვდით რომ მუჰაჯირი იყო, ქართველი. მაღაზიაში შევედით, გავიცანით.  იქაური ქართველების ამბავი გამოვკითხეთ.

"აქით 21 სოფელია ქართული, ჩვენ გურჯები ერთმანეთში ვმეგობრობთ, ერთმანეთის ქალები მოგვყავს ცოლად, ჩვენ ერთი ვართ. დღეს საქართველოიდან იყნენ მოსულები, ჩვენს მანასტერში ვიყავთ ასული, მეც წავყევი. მოვლა გვინდა მანასტრის თლათ რომ არ დეინგრეს. ბოლო ხანობას ჩვენებურები ხშირად დადიან აქეთ და მაი კაია, ჩვენც გვიხარია ჩვენიანების დანახვა" -  გვეუბნება ახლადგაცნობილი მეგობარი.

ვეღარ გავძელი, ცოტაც და ცრემლს ვეღარ შევიკავებდი. ბიჭები დავტოვე, გარეთ გამოვედი და სიგარეტს მოვუკიდე. კიბეზე ჩამოვჯექი და ხელი ჩამოვდე... მერქანი მეუხეშა, შევხედე და ვაზი იყო, ჩვენებური ვენახი. იქაც გაახარეს ამ მადლიანებმა. ვაზი სახლს მიუყვებოდა და ფანჯრებს გარს ეხვეოდა. "მაქაც გურჯები ცხოვრობენ ძმავ" -მითხრა და გამიღიმა. ავდექი, ალბათ ასეთი ამაყი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ! არასდროს!!!

წყალი ავიღეთ მაგრამ ფული არ გამოგვართვა - "მე რამდენიმე წელი საქართველოში ვიცხოვრე, იქაურს ვჭამდი და იქაურს ვსვამდი, რომ გეიგებდენ ჰაიდან ვიყავ და ვინ ვიყავ ძმას მიძახდენ, თავზე მეფერებოდნენ და გულში მიხუტებდენ. ფულს არ მართმევდენ რამეში, მე ძმაი ასე მექცეოდა და მე ახლა რომ ფული აგართვათ არ ვიქნები კაი გურჯი, ძმაი ყოველთვინ ძმაია, გინდა გურჯისტანში და გინდა სხვაგან. აიღეთ წყალი და ფული აღარ მომცეთ თვარამ მეწყინება."

წამოსვლის დრო იყო, ვაგვიანებდით. წამოსვლამდე კიდევ გამოვკითხეთ რაღაცაები, კითხვაზე როგორ ცხოვრობენ თურქეთში ქართველები ასე მიპასუხა. " ძმა, ახლა ქვია ამას თურქეთი, თორემ გურჯისტანი იყო, ჩვენი საქართველო, მე არ ვარ თურქი, მე გურჯი ვარ, მოჰაჯირი, რუსების გადასახლებული ვარ აქ, ათაიდან ბაბაიდან მძულს რუსი, რაცხა მაგენმა ჩვენ გვიქნენ მაგის დავიწყება არ იქნება! კი მაქ ამგენის პასპორტი მარა არ ვარ თურქი, მე გურჯად მოვკდები! ჩემი ნენეი საქართველოა! "

შემრცხვა, ძალიან შემრცხვა. შემრცხვა და მეტკინა მთელი ორგანიზმი. ჩავეხუტე, მადლობა გადავუხადე წყლისთვის, ძმობისთვის და ქართველობისთვის. ჩავჯექით მანქანაში და წამოვედით. საზღვრამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია. საბაჟოზე გამოსულმა უკან მივიხედე და მივხვდი რომ ეს არ არის საზღვარი, საზღვარი იქაა, ტაოში, შავშეთში, იქ სადაც ჩემი ძმები, ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი გამუჰაჯირებული ქართველები ცხოვრობენ! ცხოვრობენ და არ კარგავენ ქართველობას, ენას და ჩვენი სიძლიერის, უკვდავების სიმბოლოს ვაზს! ხმლით დაცულ და სისხლით მორწყულ  ვაზს!