Friday, June 17, 2011

ზვიადაური, ანწუხელიძე და უმოქმედო ჰააგა


აქცევენ ზვიადაურსა,
ყელში აბჯენენ ხმალსაო:
“დარლასამც შაეწირები”,
ყველა დასძახის მასაო.
“ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!”
უპასუხებდა ხალხსაო.
არ იდრიკება ვაჟკაცი,
არ შეიხრიდა წარბსაო.
გაოცდენ ქისტის შვილები,
ხალხი დგებოდა ყალხსაო.
“ლამის რომ არ შაეწიროს,
ერთი უყურეთ ძაღლსაო!”
ჰყვირიან, თანაც ნელ-ნელა
ყელში ურჭობენ ხმალსაო.
“ძაღლ იყოს”, ყელში ამბობდა,
მანამ მოსჭრიდენ თავსაო!
“უცქირეთ, ერთი უცქირეთ,
არ ახამხამებს თვალსაო!”
სიცოცხლე ჰქრება, სისხლი დის, -
ზვიადაური კვდებოდა,
გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
გული გულადვე რჩებოდა.


პარალელი პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გავავლე. თითქმის მთელი საქართველო ზვიადაურს ადარებდა მაშინ. www.youtube.com-ზე აღმოჩენილმა წამების უსასტიკესმა სცენამ არამარტო ქართველები, მთელი მსოფლიოს საღად მოაზროვნე ნაწილი შეძრა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის  23 წლის ქართველ სერჟანტს ოსურ-რუსული შეიარაღებული დაჯგუფების წევრები (სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ ხროვას! მითუმეტეს ჯარისკაცებს!) ოსეთის მიწის კოცნას, "გმირულად" დაღუპული თავიანთი წინაპრებისთვის ბოდიშის მოხდას და ქართველთა შეგინებას თხოვენ. ბრძანების შესრულების შემთხვევაში ეს ურდო ალბათ ვიდეოს თავიანთი "საგმირო მატიანეს" ოქროს ფონდში შეიტანდა და კიდევ ერთხელ დაანახებდა მსოფლიოს თავის "ძლევამოსილებას". არ გაუმართლათ! ქართველმა ჯარისკაცმა სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდას სიკვდილი არჩია. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსმა და ოსმა მკვლელებმა (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ ხროვას! ) წიხლებით გათელეს! მიწაზე ორად მოკეცილ ჯარისკაცს თითქმის მთელი ასეული ფეხებით შედგა და ხერხემალში გადატეხეს. მსოფლიოს საღად მოაზროვნე ნაწილი ვახსენე და გამახსენდა, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებობს უმაღლესი ტრიბუნალი, რომელიც სამხედრო დანაშაულებებს იძიებს. თუმცა ამ ფაქტით აქამდე რატომღაც არავინ დაინტერესებულა... (?!) სამაგიეროდ 16 წლის წინ ჩადენილი ქმედებების გამო რატკო მლადიჩს აგებინებენ პასუხს. ეტყობა ყველაფერს თავისი დრო აქვს... იმედია რომ ჰააგის უმაღლესი ტრიბუნალი მალე აგვისტოს ომის სამხედრო დამნაშავეების საქმის გადახედვასაც ისურვებს და გიორგი ანწუხელიძის მკვლელებიც შესაბამისად დაისჯებიან.  უმცროს სერჟანტს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. უმცროსი სამყაროს ომის შემდეგ მოევლინა. გავა დრო და ვიღაცის დახმარებით, ან სრულიად შემთხვევითეს ბავშვები გაიგებენ მამის გმირულად დაღუპვის ამბავს. რას იფიქრებს მოზარდი იმ ქვეყანაზე, ან სეპარატისტულ რეგიონზე, რომლის წარმომადგენლებმაც ასეთი სისასტიკით მოუკლეს მამა?! - ალბათ თავადაც ხვდებით... თუმცა შემდგომ გამოჩნდებიან ლიბერალიზმ-ჰუმანიზმის გრძნობით გაჟღენთილი ადამიანები, ვინც სახალხოდ გაკიცხავს მათ და ბრძენის გამოხედვით ურჩევს რომ შოვინისტური გამონათქვამებისგან თავი შეიკავონ. ეს ალბათ წლების შემდეგ მოხდება (იმედია არ მოხდება!) და სანამ მოხდებოდეს, მე ვურჩევ ადამიანებს რომელთაც ჰუმანიზმის პრინციპები აღელვებთ და მაღალი მატერიებისკენ მიისწრაფვიან; დროზე ამოიღეთ ხმა იმაზე რაც ხდება! დროზე დასვით იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი ვისი მეშვეობითაც ამ ქვეყანაში ათასობით ობოლი დარჩა! ვისი მეშვეობითაც დაინგრა ქალაქები! ვისი მეშვეობითაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი საკუთარ სამშობლოშივე იქცა დევნილად!
 სოციალურ ქსელებში მოეწყო აქცია სახელწოდებით - "მიენიჭოს გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება". ის რომ უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე მართლაც სიმბოლოა ქართული სახელმწიფოებრიობის უტეხი სულის და ჭეშმარიტი ქართველი ჯარისკაცის ამაზე არავინ დავობს. მეტიც, ამ ადამიანისგან მაგალითი არამარტო ქართველებმა, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აიღოს!
ოფიციალურად უნდა მიენიჭოს გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება!  მიენიჭოს მას მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდის წოდება!

რაც შეეხება ომის კანონების და საერთაშორისო  კონვენციის  დარღვევას - ის რაც ოსმა და რუსმა ე.წ. მებრძოლებმა გააკეთეს, სხვა არაფერია თუარა საერთაშორისო კვალიფიკაციის სამხედრო დანაშაული! არ გაუმართლათ და ვერ დაწერეს საკუთარი ყალბი მატიანე, ისტორია ძირმომპალი "ძლევამისილების" შესახებ. ისტორიას გამარჯვებულები წერენ... ომი არ დამთავრებულა, გამარჯვება კი ყოველთვის სიმართლის მხარესაა. ასერომ მოემზადეთ, მოემზადეთ დიდი გამარჯვებისთვის ჩემო მკითხველებო! თავდადების მაგალითად თუნდაც უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძეც კმარა. ადამიანი რომელმაც სიცოცხის ხარჯზე არ გატეხა ქართველი ჯარისკაცის ფიცი და მისი თითოეული პუნქტი ზუსტად ისე შეასრულა, როგორც ამ ფიცში წერია. ეჰ, მართლაც რამდენი ჩე გევარა ცხოვრობს ხეორხიაში...



გიორგი ანწუხელიძის სადისტური მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა. რეპორტაჟში შეცდომაა. გიორგი ანწუხელიძე უმცროსი სერჟანტი იყო და არა ლეიტენანტი


5 comments:

  1. ამ სტატიას წაიკითხავენ ზოგიერთი "ლიბერალ–ჰუმანურ" (კიარადა ერთი ჩვეულებრივი ვითომ ოპოზიციური მიმართულების) ჟურნალისტები და იტყვიან "ნუ იქნებით სამშობლოს დამცველი ჟურნალისტებიო"

    პ.ს. ზუსტად ამ ფაქტთან დაკავშრებით თქვეს ეს ფრაზა, ამ რამოდენიმე თვის წინ..

    პ.პ.ს. შოკში ვარ

    ReplyDelete
  2. ვერ დააჩოქეს მიწაზე იმიტომ ზის

    ReplyDelete
  3. ვერ დააჩოქეს იმიტომ რომ ქართველია და ნამდვილად უნდა მიეწოდოს გმირის წოდება მართლაც რომ გმირია მე ვამაყობ იმით რომ ქართველი ვარ და ესეთი მამულიშვილები იცავენ ჩვენს სამშობლოს ნამდვილად გმირია და გირსია იმის რომ ისტორიაში გმირის სახელიდ შევიდეს და ყველა ქართველი ვალდებულია იცოდეს მის შესახებ და იამაყოს იმით რომ ესეთი მამულიშვილი ყავდა საქართველოს და კიდევ ბევრი ყავს დარწმუნებული ვარ გაუმარჯოს საქართველოს...

    ReplyDelete