Tuesday, June 7, 2011

ვაქცინა № 1991


ეს იყო მაშინ... როცა ჩვენ ჯერ კიდევ ემბრიონები ვიყავით. სქელსათვალიანი არსებები მუშებს ალკოჰოლის მიღებას უკრძალავდნენ, მსოფლიოს კი ბირთვული კატასტროფის შესახებ არაფერს ეუბნებოდნენ.
ეძინა ყველას.  ღამის დარაჯი სახელმწიფო საზღვრებს ირგვლივ დააბოტებდა, ფანჯრებში ჩუმად იყურებოდა და მოქალაქეთა სიმშვიდეზე არალეგალურად ზრუნავდა. სიცივე იყო, ეს უფრო გაუსაძლისს ხდიდა სუნთქვას... ჰაერი ფილტვებში იყინებოდა, კაპილარებიდან სისხლი ჟონავდა. თხუთმეტიდან თოთხმეტს ღრმა ძილით ეძინა, ერთი მორიგე იყო, სამაგიეროდ სხვები ხედავდნენ მის მაგივრად  სიზმრებს. სიზმრები ისეთი ფერადი და ლამაზი იყო თქვენ სიზმარშიც რომ ვერ ნახავთ. არ ეძინათ მხოლოდ მიწისქვეშეთში, იქ სადაც ძილის და დამბლის საწინააღმდეგო ვაქცინებს ამზადებდნენ. ვაქცინებს ჩვეულებრივი, ზეთით და მაზუთით გაჟღენთილ ტანისამოსში ჩაცმული მუშები ამზადებდნენ, მათ მიწის ზემოთ ამოსვლა ეკრძალებოდათ. ეკრძალებოდათ თითქმის ყველაფერი, მაგალითად კარაქიანი პურის ჭამა, გვირილის დაიგულების ყიდვა და სექსი... სექსი თითქმის ყველას ეკრძალებოდა, თუმცა მაშინ ყველანი  კატებივით ჟიმაობდნენ, ერთმანეთისგან მალულად, ან საზღვარს მიღმა. მობეზრდათ აკრძალვები, აღარც მაზუთიანი ტანსაცმელი მოსწონდათ. ბოლო დროს ვაქცინაზე მოთხოვნა გაჩნდა თუმცა გაყიდვა მათ კომპეტენციაში არ შედიოდა, უფრო სწორად ისიც ეკრძალებოდათ! ნელ-ნელა გაპარვის სურვილი გაუჩნდათ. ერთმანეთს ეჭვის თვალით შეხედეს მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ გაცემით ერთმანეთს არ გაცემდნენ. ჯერ პირველი გამოიპარა მიწისქვეშეთიდან, მერე მეორე... ნელ-ნელა ამოძვრნენ. იქვე, გასტრონომში კარაქი და პური იყიდეს, ქუჩის კუთხეში ჩამოჯდნენ და ყბების ნელი მოძრაობით დაიწყეს ჭამა. გემრიელი იყო, მოეწონათ. მერე უნივერმაღში შევიდნენ, ახალი ტანსაცმელი უნდოდათ... თუმცა ფული არცერთს არ ეყო. იფიქრეს, იფიქრეს და მიხვდნენ რომ უნდა გაეყიდათ ვაქცინა, რომლის საჭიროებაც აშკარად იგრძნობოდა, თუმცა ძნელად იშოვებოდა. და რა? გაყიდეს! შავ ბაზარზე ყველა ამპულა კარგ ფასად  გაიყიდა! ერთიც არ დარჩენილა... უკვე გამდიდრებულებს უნივერმაღის კარი დაკეტილი დახვდათ და იქვე კიბესთან ჩამოჯდნენ თავიანთი გაზეთილი ტანისამოსით. ალბათ იმის განცდით, რომ მალე გააღებდნენ დაკეტილ კარს.
ღამის დარაჯმა მორიგეობა დაამთავრა, ის იყო თავის მყუდრო ოთახში შესვლას და დაძინებას აპირებდა როცა გაახსენდა, რომ დღის დოზა აკრძალული სითხე უნდა დაელია.დალია, შემდეგ პრევენციის მიზნით  ტელეფონი აიღო და მიწისქვეშეთს დაუკავშირდა, თუმცა იქ არავინ უპასუხა. არ მოეწონდა, ახლა მეორე ნომერი აკრიბა და სქელსათვალიან ბიძიკოს დაურეკა. სქელსათვალიანი თავისივე აკრძალულ სპირტიან სასმელს შეექცეოდა და ახალგაზრდა, დამჯერე ჩათლაშკებს   ეარშიყებოდა. შესაბამისად დარაჯისთვისაც არ ეცალა, ამიტომაც ლაქიას თითქმის ჩურჩულით ნათქვამ  ფრაზაზე, - " ამხანაგო სქელსათვალიანო, ტელეფონთან გთხოვენ", ასეთი პასუხი გასცა: "დამელოდონ, ცოტა ხანში მე თვითონ დავურეკავ, შესაძლებელია დღესვე".
დარაჯი ანერვიულდა, მიხვდა რომ მის მაგივრად ფერადი სიზმარიც არავის უნახავს. იმასაც მიხვდა რომ სულ ტყუილად დააბოტებდა საზღვრიდან საზღვრამდე, მისი მორიგეობაც სისულელე იყო, მითუმეტეს არალეგალური მეთოდებით. გაბოროტდა, საიდუმლო ოთახის კარი გააღო. დიდი ხანია ამ ოთახში არავინ შესულიყო... ღილაკი - რომელსაც ხელს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში აჭერდა ადგილზე იყო. დარაჯი მივიდა, ჩამრთველი გადაწია და... ღილაკს დააჭირა....!
დაიწყო! მუშები გიჟებივით ბღაოდნენ. ფანჯრები ჩატეხეს და ყველამ ის ტანსაცმელი მოირგო რომელიც მოეწონა. ყვიროდნენ. დროშებს აფრიალებდნენ და საჯაროდ ფშვნიდნენ სახელმწოფო მარაგში დარჩენილ ვაქცინის ამპულებს. ხალხი კი ამპულიდან დაღვრილ სითხეს ლამის ასფალტზე ლოკავდა!
პირველი ტყვია გავარდა... დარაჯი უკვე ცოფიან ძაღლს გავდა, რომელიც ყველას დასაგლეჯად მზადაა იმისთვის, რომ საკუთარი ცოფიანობა დაამტკიცოს! ისროდა ხუთი მიმართულებით! თუმცა ძირითადი დარტყმა მაინც სამზე მიდიოდა.  მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისროდა! სისხლი ამპულიდან გადმოღვრილ  წვეთებს ერეოდა და ისე მისრიალებდა ასფალტიან ქუჩებში, ტყეებში, ხეობებში, სადარბაზოებსა და გვირაბებში... ხალხი კიოდა... ვეღარ ხედავდნენ ფერად სიზმრებს. აღარც უნდოდათ მისი  ნახვა! დარაჯი რომელიც მათ მშვიდ ძილს იცავდა, მათვე ესროდა ტყვიის გულარიან მსუბუქ, რამდენიმეგრამიან რკინის ნაჭრებს! დაიწყეს მტვრევა! მუშები აღარ გავდნენ უბრალო მუშებს. ხალხის გვერდით იდგნენ და უკვე იმ ძეგლების დამტვრევას ითხოვდნენ, რომლის თავებზეც უფილტრო პაპიროსის ნამწვავებს აქრობდნენ მიწისქვეშეთში, ვაქცინაზე  მუშაობის დროს. ამტვრევდნენ ყველაფერს რაც წინ გადაეღობებოდათ; შუშებს, მანქანებს, ძვლებს, თიხის ნაკეთობებს თუ უბრალო ბორკილებს... ნელნელა ეკლიანი მავთულხლართით შემოღობილ მიწას სისხლი ავსებდა, სისხლი რომელიც დარაჯის ნასროლმა ტყვიამ მთელს კვადრატზე დააქცია... დნებოდა პარალელები და მერიდიანები...
და ჩვენ... ჩვენ ამ დროს ვკარით წიხლი წყალს რომელშიც დავცურავდით. საკუთარი ხელით გადავიჭერით ჭიპლარები რომელიც ფარულად გვაკავშირებდა დარაჯის საიდუმლო ოთახთან, რომლის კარიც თურმე არცთუისე იშვიათად იღებოდა. დავიბადეთ! დავიბადეთ და მივხვდით რომ ჩვენ ვაქცინა აღარ გვინდოდა. ვაქცინა უკვე იყო ჩვენს ორგანიზმებში, ჩვენი სისხლის ლეიკოციტებში... ჩვენ აღარ ვიყავით ერთ პატარა მუცელში გამომწყვრეული ემბრიონები, რომლებიც ბებიების და ბაბუების წყალობით, "დიპლომ"ატიურ-ეკონომიკური  გარიგების  საფუძველზე შემდგარი სექსუალური აქტის შედეგად ჩაისახენ... ჩვენ ვეღარ გვიკრძალავდნენ ალკოჰოლს და უკვე აღარც ბირთვული კატასტროფის შესახებ მალავდნენ ამბავს... რომც ეცადათ მაინც არ დაიმალებოდა! ჩვენთან დამარცხდნენ. რატომ? ზუსტად იმიტომ რომ საკუთარ ორგანიზმებში დავიწყეთ წარმოება... მეტიც, ის უკვე ექსპორტზეც გადის. ვაწარმოებთ ვაქცინას. ვაქცინას სახელწოდებით "თავისუფლება".

No comments:

Post a Comment