Thursday, October 18, 2012

Rogue Corps - თავგადასავლების თერაპია ვეტერანებისთვის

რამდენიმე თვის წინ, სამხრეთ კალიფორნიაში სამი ამერიკელი ვეტერანის საველე შეკრების დროს გაჩნდა იდეა, იდეა რომელიც ვეტარანთა და სხვადასხვა ბრძოლების დროს დაინვალიდებულ მებრძოლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და მათ "მშობლიურ" გარემოში დაბრუნებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით საველე პირობებში ყოფნა, ნადირობა, თევზაობა, კემპინგი, დეპრესიაში მყოფ ჯარისკაცებს რწმენის და იმედის დაბრუნებაში დაეხმარებოდა. იდეა მარკ ჰეპმა, დეივიდ ლაიონმა და ელ კლარკმა მალევე აქციეს რეალობად. მათ დააარსეს არაკომერციულო  კომპანია  “Rogue Corps.” – ი. კომპანია ყოფილ სამხედროებს ე.წ. "თავგადასავლების თერაპიით ეხმარება". დაინვალიდებულ, კიდურებდაკარგულ მებრძოლებს საშუალება აქვთ  თვეში რამდემდენიმე დღე თანამებრძოლებთან, მათთვის სასურველ გარემოში გაატარონ, გავიდნენ პოლიგონზე, ისროლონ მიზანში და უბრალოდ გაერთონ.
 "ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას დაიბრუნონ საკუთარი თავის რწმენა. ჩვენთან მოქმედებს უმკაცრესი კანონი, მოვეპყროთ უნარშეზღუდულ ჯარისკაცებს ისე, როგორც ჩვეულებრივ, სრულფასოვან მებრძოლებს. სწორედ ამითაა გამორჩეული ჩვენი კლუბი და ვფიქრობ ეს მათ ფსიქოლოგიაზეც კარგად აისახება. ჩვენ ვაძლევთ მათ შანსს კიდევ ერთხელ ჩაიცვან სამხედრო ფეხსაცმელი, თუნდაც პროტეზზე. მერწმუნეთ, აქ ზუსტად ისეთივე ატმოსფეროა, როგორიც ნებისმიერ სხვა სამხედრო კლუბში"- აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი დეივიდ ლაიონი. ფაქტი, რომ თუნდაც ვეტერანები ზრუნავენ იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ინტერესთა დასაცავად საკუთარი სისხლი გაიღეს მხოლოდდამხოლოდ მისასალმებელია. მეტიც, ვისურვებდით რომ მსგავსი პრაქტიკა ჩვენთან, საქართველოშიც დაინერგოს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ბრძოლებში ბევრმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანება რის გამოც მათ დღემდე არ შეუძლიათ აქტიურად ცხოვრება, ან უფრო ცუდი, ინვალიდის ეტლს არიან მიჯაჭვულნი. ამიტომ თუნდაც მსგავსი კლუბის არსებობა, თუნდაც ერთი გასეირნება მათთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება. მარტივი ლოგიკაა, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ადამიანები, რომლებიც თქვენთვის, თქვენს მაგიერ, თქვენივე ოჯახების და სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის აკეთებენ მაქსიმუმს. აჩუქეთ მეტი სითბო ვეტერანებს... 









უიღბლო ტერორისტი


ნიუ-იორკში ფედერალურ სარეზერვო ბანკთან ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილი, 21 წლის ბანგლედეშის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს ინფორმაციას, რომ კვაზი მოჰამედ რეზვანულ აჰსან ნაფისი ამერიკაში ტერორისტული აქტის მოსაწყობად ჩავიდა. ნაფისი სატვირთო ავტომობილის აფეთქების მცდელობისას აიყვანეს. ფედერალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ დაკავებული არ წარმოადგენდა საფრთხეს, რადაგანაც ის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ნაფისს, "ალ ქაიდას" მატერიალური დახმარებით, ტერაქტის მცდელობაში ედება ბრალი. ოფიციალური მონაცემებით, ეჭვმიტანილი შეერთებულ შტატებში 2012 წლის იანვარში ჩავიდა და აფეთქების ორგანიოზებისთვის შესაბამისი კონტაქტების ძიებით იყო დაკავებული. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ის დაუკავშირდა, ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმატორი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მასზე მეთვალყურეობა დაწესდა. 
ავტომობილში, რომლის აფეთქებასაც ნაფისი ნიუ-იორკის ცენტრში გეგმავდა მისი ცნობით ათასი ფუნტი (დაახლოებით 450კგ) თვითნაკეთი ფეთქებადი ნივთიერება  ე.წ.  IED-ი იყო. თუმცა რეალურად იქ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ყოფილა. ქიმიური საშუალებები, რომელიც ბანგლადეშელმა იყიდა ყალბი აღმოჩნდა. რადგანაც გამყიდველი, რომელიც მან სოციალური ქსელი ფეისბუქის საშუალებით "აღმოაჩინა"  რეალურად გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი აღმოჩნდა. ტერორისტმა უკვე აღიარა, რომ მას აქტიური კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ტერორიტულ ორგანიზაცია "ალ-ქაედასთან" და დირექტივებს სწორედ მათგან იღებდა. ამერიკული მართლმსაჯულება ტერაქტის მცდელობისთვიოს სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. სავარაუდოდ სწორდ ეს სასჯელი ემუქრება კვაზი მოჰამედ რეზვანულ აჰსან ნაფისს. 

Wednesday, October 10, 2012

მარტო ჩემზე ნუ ილოცებ -ანუ Heroland -ია


რამდენიმე დღის წინ, მაშინ, როცა ლამის მთელი საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯარს და სპეცდანიშნულების რაზმებს ლანძღავდა და თან არც იცოდნენ რატომ,  მე და ჩემი მეგობარი, ჟურნალისტი ლევან ბიბილაშვილი ჩვენთვის დღემდე აქტუალურ 2008 წლის აგვისტოს ომს განვიხილავდით. ოლი (ასე ვეძახით ლევანს მეგობრები) გულნატკენი იყო, გულნატკენი იყო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის გაუნათლებლობით, გულნატკენი იმ შედეგებით რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარმა ფაქტმა მოუტანა ზოგადად შეიარაღებულ ძალებს. რატომ დაატყდა  სადისტი "მეცოცხეების"რისხვა პოლიციას და ჯარს არავინ იცის, ამ ქვეყანაში ასე ფიქრობენ, სპეცრაზმელია? რა აზრი აქვს რომელი უწყების?! ზონდერია და მორჩა! მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა უწყებებს ერთმანეთისგან არჩევენ და შესაბამის პატივს სცემენ  ხალხს, რომელთა საქმეზეც პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობა და ჩვენი მოქალაქეების (მათ შორის იმ ნაწილის ვინ ამ ხალხს ლანძღავს!) მშვიდი ძილი.
 ოლიმ ადრე ოპერაცია გაიკეთა, პალატაში მასთან ერთად იწვა სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი, რომელმაც მოუყვა თავისი ისტორია, ისტორია რომლის მოსმენის შემდეგაც მე თვალზე ცრემლები მომადგა, ჩუმად მოვუკიდე სიგარეტს და ჩუმადვე ჩამოვიწმინდე ცრემლები. ამის მერე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში რომ მიუხედავად შიდა და გარე მტრისა ამ ქვეყანას სიკვდილი არ უწერია. ჩვენ ვიცოცხლებთ და ვიარსებებთ მანამ, სანამ იარსებებს თუნდაც ერთი ქართველი ჯარისკაცი ვინც ისე ფიქრობს, როგორც ის ვაჟკაცი, რომელმათ თითქმის ნარკოზიდან გამოუსვლელად მოუყვა ლევანს ეს ისტორია.  რამდენიმე დღე ვფიქრობდი რომ ეს ისტორია ბლოგზე დამეწერა, ბოლოს ოლის დავუკავშირდი და ვთხოვე, იქნებ შენ დაწერო თქო. ოლიმაც დაწერა და გთავაზობთ უცვლელად ამ ტექსტს. ჩვენ არ დავასახელებთ ამ სპეცრაზმელის გვარს, მაგრამ გეტყვით რომ ის მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში და ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას - ჩემის მხრიდან კი მას ვეტყვი- იქნებ ოდესმე შენ ეს პოსტი წაიკითხო ჩემო პაატა, უბრალოდ მინდა გითხრა მადლობა, მადლობა იმისთვის რომ ფიქრობ ასე 

მარტო ჩემზე ნუ ილოცებ, ღმერთმა შეიძლება გისმინოს და ჩემი მოსახვედრი ტყვია სხვას მოხვდეს

"ჟურნალისტისთვის ბლოგზე წერა ბევრად უფრო იოლია. შეგიძლია ემოციები მიუშვა, მაგრამ ცარიელი ემოციებიც არ ვარგა. მოსაყოლი რამე უნდა გქონდეს. ჰოდა დაგროვდა მოსაყოლი და მონიტორს მივუჯექი...
ისეთი კაცები, ვიზეც მოყოლა გვინდა საქართველოში ბევრნი არ არან. პაატა სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერია. მისთვის და მისი მეგობრებისთვის ომზე ლაპარაკი იოლი არ არის, რადგან შეეჩვივნენ უთქმელად საქმის კეთებას. რაც უნდა მიჩვეული იყო ამ სიჩუმეს, არსებობს სიტუაცია, როცა ადამიანი გაუცნობიერებლად იხსნება. სწორედ ერთ–ერთი ასეთი უძილო ღამე იყო, როცა ის ალაპარაკდა. ჯერ ჩვეული, დინჯი ტონით, მოკლედ მოჰყვა ოთხი წლის წინანდელი ამბები. შეგრძნებებზე ჩავეკითხე, პაატა, ხომ იცოდი, სადაც მიდიოდი–თქო. მხოლოდ ერთ გზაზე ვფიქრობდი, ომში მიმავალზეო. იქ ბიჭების სიცოცხლე მებარა და სხვა რამე თავში არ ეტეოდაო. ისიც კი, სახლში მის დაბრუნებას დედ–მამა, და–ძმა და საცოლე რომ ელოდნენ. ბიჭები... აი, ყველაფერი რაც გონებაში ირეოდა. ერთადერთი რამე დაუბარა დედას, მარტო ჩემზე ნუ ილოცებ, ღმერთმა შეიძლება გისმინოს და ჩემი მოსახვედრი ტყვია სხვას მოხვდესო.
ომში მომავალი გზა შიშით გაიარა. უკან უდანაკარგოდ დააბრუნა ყველა, მაგრამ ზუსტად ამის მერე ვერ მოერია ემოციებს, რადგან უფრო მეტზე ოცნებობდა, ვიდრე მიაღწია. მისი და მისი თანამებრძოლების თავგანწირვა წაგებულმა ომმა თითქოს დიდ ჩრდილში მოაქცია.
ეს ისტორია შეიძლება ბევრმა მიიჩნიოს თავისად, რადგან მსგავს ფიქრებს ალბათ ბევრი ვერ გადაურჩა ჯერ ომამდე და დასრულების მერეც. მე, ქართველი, არაჯარისკაცი გეუბნებით, თქვენ აღარასოდეს დარჩებით მარტოები საქართველოსთვის მომავალ ომებში.
ბიჭებო, მადლობა ყველაფრისთვის, მარტო თავგანწირვისთვის არა, ფიქრებისთვისაც. "

პ.ს. და კიდევ, ჩემო ღრმადპატივცემულო საზოგადოებავ, ტალახი იმან ისროლოს ვინც სუფთაა! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენსავე გულებში ჩაიხედეთ და გახსოვდეთ, რომ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და თქვენი შვილების მშვიდი ძილისთვის, ქვეყნის საზღვარს ამ წუთებშიც იცავენ  ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლი და ხორცი! 

ლევან ბიბილაშვილი
გიორგი წეროძე