Thursday, November 22, 2012

ნაგორავები - ბრძოლა ხევის გადასარჩენად


ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ყველაფერი მართლა უჩვეულოა. ჯერ აღმართია. ასვლა რთულია, თუმცა სასიამოვნო. მთელი 7 კმ ფეხით, არაჩვეულებრივ ბუნებაში სადაც ერთმანეთს წიწვოვანი ტყის და ალპური ზონის სურნელი ერთვის. მოკლედ გერგეტი მოვილოცეთ, მყინვარწვერიდან მონაბერი ქარიც ჩავყლაპეთ და თავქვე დავეშვით. თავი ჩემი სამოგზაურო ისტორიებით რომ არ შეგაწყინოთ პირდაპირ ჩვენი სტატიის ძირითად თემაზე გადავალ.
რატომღაც ჩვენს დროში ყველა ნაკლებ ყურადღებას აქცევს პუნიკურ ომებს და ლოკალურ შეტაკებებს. არადა ჩვენში მართლა ბევრი ადგილია ისეთი, სადაც თუნდაც საბრძოლო თემასთან დაკავშირებული ისტორიული ექსკურსიების ჩატარებაა შესაძლებელი. მეტიც, თავისუფლად შეიძლება წარსულში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების იმიტირებული გაცოცხლება და ამ ყველაფრის სახალხო დღესასწაულად ქცევა.

 სოფელი გერგეტიდან სამხრეთ-დასავლეთით ერთი პატარა ხეობა შედის, სადაც გორაკზე აღმართული ციხე ჩანს. იქ ჩასული ტურისტებისთვის მთავარი ღირსშესანიშნაობა გერგეტის სამებაა, ამიტომაც ციხეს რატომღაც ყველა ნაკლებ ყურადღებას აქცევს. მთელი დღე მინდოდა ვინმესთვის მეკითხა რა ფუნქცია ჰქონდა ამ კოშკს და ბოლოს გამიმართლა. სამებიდან დაშვებულებს სოფლის ნაპირთან მოხუცი შეგხვდა. მივესალმეთ გამოვეცნაურეთ. ქისტაური იყო, სახელად ჯუმბერი. ჰოდა ვინ სხვა, თუარა 75  წელს გადაშორებული მახევე მეტყოდა კოშკის ამბავს. ამბავი კი ნამდვილად ღირდა იქ მოცდათ და მოსმენად. მეტიც, ჩვენ შეიძლება ამ კოშკის ამბავს თამამად ვუწოდოთ ამ ხეობაში ჩატარებული ჩვენივე ენაზე რომ ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეცოპერაცია.
ამ ადგილებში ოდესღაც თურმე თათრები სახლობდნენ (საუბარია მუსლიმურ ეთნიკურ ჯგუფზე, თუმცა ბატონმა ჯუმბერ ქისტაურმა ვერ გვითხრა თუ საიდან იყვნენ წარმოშობით ეს ხალხი, ჩრდილოკავკასიიდან თუ სხვა კუთხიდან) წლების განმავლობაში ისინი ლაღად და თავისუფლად თანაცხოვრებდნენ მოხევეებთან ერთად. თუმცა როცა მათი რაოდენობა გაიზარდა ამ ჯგუფის ბელადებმა უფლებების გაზრდაზეც იზრუნეს. მათ ჰქონდათ საუკეთესო საძოვარი და სათიბი ადგილები ამ კუთხეში, ჰყავდათ ბევრი საქონელი და ფლობდნენ საუკეთესო სახნავ მიწებს. თათრებმა წლების შემდეგ პრაქტიკულად გერგეტელების შევიწროვება დაიწყეს. მათი საქციელი ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. შეურაცყოფდნენ ქალებს, იპარავდნენ საქონელს და ცდილობდნენ დაეჩაგრათ მოხევეები.
მათი უზნეობით შეწუხებულმა გერგეტელებმა ხევის თემი შეკრიბეს. ხევისბერის და უხუცესების გადაწყვეტილება შეუვალი და ურყევი იყო, მათ ნებისმიერ ფასად უნდა მოეშორებინათ თავიდან მტრად ქცეული მეზობლები,  თუმცა დასაფიქრებელი იყო ერთი ფაქტორი, თათრები გერგეტელებს რიცხობრივად ბევრად აღემატებოდნენ და არც იარაღის ნაკლებობას უჩიოდნენ. სწორედ აქ იჩინა თავი ხევისბერების სიბრძნემ. უხუცესებს არ უნდოდათ კონფლიქტის უმიზეზოდ დაწყება, ამიტომაც უნდა დაეცადათ, სანამ საბაბი იქნებოდა.
გერგეტელები მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. მოხევეები დიდიან-პატარიანად გერგეტის სამებაზე მოილოცავდნენ, სადაც წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ დოღი იმართებოდა. სწორედ აქ უნდა დაწყებულიყო შეტევის ერთი ნაწილი. მანამდე კი მოხევეები ორ ჯგუფად გაიყვნენ. პირველი ჯგუფი სხვებისგან მალულად სოფელში დარჩა. ამ ჯგუფის ფუნქცია გორაკზე მდებარე თათრების ციხის აღება იყო, მეორე ჯგუფი კი შეტევას მთაზე იწყებდა. სოფელში დარჩენილი მოხევეების  ძირითადადი იარაღი ხმლები და მშვილ-ისარი იყო. შეტევას სწორედ ისინი იწყებდნენ. მთაზე ბრძოლა ციხის აღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო, რათა თათრებს უკან დახევის დროს გამაგრება ვერ მოეხერხებინათ. ციხის აღების ამბავს კი ტაძართან ასულებს მსტოვრები შეატყობინებდნენ.
პირველმა ჯგუფმა ციხეზე შეტევა მაშინ დაიწყო, როდესაც მთაზე თათრებმა და გერგეტელებმა დოღი გააჩაღეს. მახევეებმა თითქმის დაუცველი ციხე რამდენიმე წუთში აიღეს და ციხის თავზე ხევის დროშა გადმოკიდეს. რამდენიმე მოხევე ციხეშივე გამაგრდა. ციხის გარეთ დარჩენილ თათარს ეს ყოველივე ხუმრობა ეგონა, ჯერ შეეხვეწა მოხევეებს გაეღოთ მისთვის კარები, შემდეგ კი გაბრაზებულმა ნაჯახი შესტყორცნა ციხის თავზე გადმომდგარ გერგეტელებს. გერგეტელებმა კი საპასუხოდ მშვილდ-ისარი სტყორცნეს მომხვდურს და ადგილზე დააკლეს.
ამასობაში მსტოვრებმა ტაძართან შკრების სოფლელებს და ხევისბერს ციხის აღების შესახებ მოახსენეს. დოღში გამარჯვებულმა  თათარმა ერთ-ერთი მოხევის ცოლზე მიაგდო ცხენი, ქალს ხელი მოხვია და აკოცა. ამ ფაქტის შემდეგ მოხევეებმა ხმლები დააძრეს და თათრებს დაერივნენ. შეტევის დაწყება იმდენად მოულოდნელად მოხდა ზოგმა თათარმა ხმლის ამოღებაც ვერ მოასწრო. მათი მხრიდან დანაკარგი დიდი იყო. თათრებმა უკან, ციხისკენ დახევა დაიწყეს.

მოხევეებმა თათრების დიდი ნაწილი სწორედ უკან დახევისას ამოჟლიტეს. მთის ფერდობზე დაშვებულებს მოხევეები ზემოდან ადვილად უსწორდებოდნენ. გადარჩენილები სოფელში შევარდნენ და ციხისკენ გაიქცნენ, თუმცა იქ მისულებს ციხის კარი დაკეტილი დახვდათ. ციხესთან შეგროვილ თათრებს ადგილზე დარჩენილმა მოხევეებმა მეორე მხრიდან შეუტიეს, კოშკში გამაგრებულებმა კი ზემოდან ისრების წვიმა დაატეხა თავზე მტერს. ალყაში მოყოლილი დემორალიზებული და გულგახეთქილი თათრები კოშკის სამხრეთით გაიქცნენ. ერთადერთი გზა ციცაბო მთაზე გადიოდა, რომლის ავლა არათუ ფეხით, ცხენითაც კი ძნელია. ფერდობზე გაქცეულ თათრებს გერგეტელები ისრებით ცელავდნენ. გაქცეული ორმოცდაათამდე კაციდან მთაზე ასვლა რამდენიმემ შეძლო. დანარჩენები კი ისრით დაკოდილები მთიდან ხეობისკენ მოგორავდნენ.  ბრძოლის შემდეგ მახევეები ამ მთას ნაგორავებს უწოდებენ,  ასე ქვია მას დღემდე. როგორც ბატონმა ჯუმბერ ქისტაურმა გვითხრა მოხევეების მახვილს მხოლოდ ექვსი თათარი გადაურჩა. გადარჩენილებს მთის წვერზე, სათიბში ქვაზე ამოუკაწრავთ - „ბედად თქვენად გერგეტელნო მხოლოდ ექვსიღა დავრჩით“... ეს ქვა ბატონ ჯუმბერს თავად უნახავს ბავშვობაში, როცა მამას სათიბში დაყვებოდა, თუმცა როგორც თვითონ გვითხრა წლების შემდეგ ქვა უკვე მიწის ქვეშ მოექცა.
ნაგორავების ციხის ისტორია ნათლად მიუთითებს ქართველთა ნიჭიერებაზე სამხედრო საქმეში. მცირე ძალებით მტრის დიდი რაოდენობის განადგურება კი მაგალითია ქართველთა გამჭრიახობისა. მოხევეებმა ერთხელ და საბოლოოდ შეძლეს ხევიდან მტრის განდევნა პრაქტიკულად უდანაკარგოდ. მათ შეძლეს ოპერაციის უზუსტესი გათვლა. ბლიცკრიგული სისტემით იმოქმედა პირველმა ჯგუფმა ისე, რომ მტერს შეტევა ბოლო წუთამდე ხუმრობა ეგონა. ოპერატიულად იმოქმედა მსტოვართა ჯგუფმა, რომლებმას საჭირო დროს, საჭირო მომენტში შეატყობინა ციხის აღება მეორე შემტევ ჯგუფს, რომელიც სალოცავზე იყო და ბოლოს ალყა-გათვლა აქაც ზუსტი იყო, მოხევეებმა მტერს ერთადერთი გზა დაუტოვეს, გზა, სადაც თათრებს უფრო მარტივად გაანადგურებდნენ მშვილდ-ისრით და ხელჩართულ ბრძოლაში ნაკლებ დანაკარგს მიიღებდნენ თვითონ. ოპერაციის ასე დაგეგმარებას ჩვენს დროში ლამის რამდენიმე ჯგუფი სჭირდება მისი გეოლოგიური სამსახურით, საჰაერო დავერვით და საცეცხლე მხარდაჭერით, მოხევეებმა კი მსგავს გამარჯვებას მხოლოდ მშვილდ-ისრებით და მახვილებით მიაღწიეს, თან ისე, რომ სამჯერ უფრო მრავალრიცხოვანი მტრისგან მხოლოდ ექვსი კაცი გადარჩა.
და ბოლოს, თუ ვინმე ოდესმე მოხვდებით სტეფანწმინდაში და მოილოცავთ გერგეტის სამებას, უკან დაშვებისას სოფლის კიდესთან მდგარი ძველი ციხე აუცილებლად ნახეთ. სხვათაშორის ამ ციხეს დღემდე ატყვია ნაჯახის კვალი, რომელიც თათარმა ციხის თავზე გამაგრებულ მახევეებს სტყორცნა, რამდენიმე წუთში კი სულმოუთქმელად დავარდა იქვე, ქვის ღობესთან, ღობესთან სადაც სათავე დაედო ხევის გადარჩენის ისტორიას...  

Monday, November 19, 2012

ისრაელი "მტვრის სვეტი"-ს მოლოდინში

ისრაელის არმიის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ებრაულმა მხარემ სამხედრო დაჯგუფება ”ჰამასს” 36-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ღაზადან ისრაელის მისამართით ბალისტიკური რაკეტების სროლა არ შეწყდება, ისრაელი ოპერაცია ”მტვრის სვეტის” შემდგომ ეტაპზე გადავა, რაც სახმელეთო შეტევას გულისხმობს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისრაელმა ღაზაში არსებულ დაახლოებით 80 სამხედრო პუნქტი დაბომბა, ებრაული მხარის მიერ განხორციელებულ მასშტაბური საჰაერო იერიშების შედეგად 88 ადამიანი დაიღუპა, ასეულობით კი დაიჭრა. გუშინს მერე ღაზას სექტორიდან ისრაელის მისამართით რაკეტების სროლის სიხშირე მნიშვნელოვნად დაეცა, ხოლო ნასროლ რაკეტათა უმრავლესობა კი ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ - რკინის გუმბათმა ჰაერშივე გაანადგურა. რაც შეეხება ებრაული მხარის დანაკარგებს, ოპერაციის დაწყების დღიდან, ”ჰამასის” რაკეტებს ისრაელის 3 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

Thursday, October 18, 2012

Rogue Corps - თავგადასავლების თერაპია ვეტერანებისთვის

რამდენიმე თვის წინ, სამხრეთ კალიფორნიაში სამი ამერიკელი ვეტერანის საველე შეკრების დროს გაჩნდა იდეა, იდეა რომელიც ვეტარანთა და სხვადასხვა ბრძოლების დროს დაინვალიდებულ მებრძოლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და მათ "მშობლიურ" გარემოში დაბრუნებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით საველე პირობებში ყოფნა, ნადირობა, თევზაობა, კემპინგი, დეპრესიაში მყოფ ჯარისკაცებს რწმენის და იმედის დაბრუნებაში დაეხმარებოდა. იდეა მარკ ჰეპმა, დეივიდ ლაიონმა და ელ კლარკმა მალევე აქციეს რეალობად. მათ დააარსეს არაკომერციულო  კომპანია  “Rogue Corps.” – ი. კომპანია ყოფილ სამხედროებს ე.წ. "თავგადასავლების თერაპიით ეხმარება". დაინვალიდებულ, კიდურებდაკარგულ მებრძოლებს საშუალება აქვთ  თვეში რამდემდენიმე დღე თანამებრძოლებთან, მათთვის სასურველ გარემოში გაატარონ, გავიდნენ პოლიგონზე, ისროლონ მიზანში და უბრალოდ გაერთონ.
 "ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას დაიბრუნონ საკუთარი თავის რწმენა. ჩვენთან მოქმედებს უმკაცრესი კანონი, მოვეპყროთ უნარშეზღუდულ ჯარისკაცებს ისე, როგორც ჩვეულებრივ, სრულფასოვან მებრძოლებს. სწორედ ამითაა გამორჩეული ჩვენი კლუბი და ვფიქრობ ეს მათ ფსიქოლოგიაზეც კარგად აისახება. ჩვენ ვაძლევთ მათ შანსს კიდევ ერთხელ ჩაიცვან სამხედრო ფეხსაცმელი, თუნდაც პროტეზზე. მერწმუნეთ, აქ ზუსტად ისეთივე ატმოსფეროა, როგორიც ნებისმიერ სხვა სამხედრო კლუბში"- აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი დეივიდ ლაიონი. ფაქტი, რომ თუნდაც ვეტერანები ზრუნავენ იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ინტერესთა დასაცავად საკუთარი სისხლი გაიღეს მხოლოდდამხოლოდ მისასალმებელია. მეტიც, ვისურვებდით რომ მსგავსი პრაქტიკა ჩვენთან, საქართველოშიც დაინერგოს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ბრძოლებში ბევრმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანება რის გამოც მათ დღემდე არ შეუძლიათ აქტიურად ცხოვრება, ან უფრო ცუდი, ინვალიდის ეტლს არიან მიჯაჭვულნი. ამიტომ თუნდაც მსგავსი კლუბის არსებობა, თუნდაც ერთი გასეირნება მათთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება. მარტივი ლოგიკაა, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ადამიანები, რომლებიც თქვენთვის, თქვენს მაგიერ, თქვენივე ოჯახების და სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის აკეთებენ მაქსიმუმს. აჩუქეთ მეტი სითბო ვეტერანებს... 









უიღბლო ტერორისტი


ნიუ-იორკში ფედერალურ სარეზერვო ბანკთან ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილი, 21 წლის ბანგლედეშის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს ინფორმაციას, რომ კვაზი მოჰამედ რეზვანულ აჰსან ნაფისი ამერიკაში ტერორისტული აქტის მოსაწყობად ჩავიდა. ნაფისი სატვირთო ავტომობილის აფეთქების მცდელობისას აიყვანეს. ფედერალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ დაკავებული არ წარმოადგენდა საფრთხეს, რადაგანაც ის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ნაფისს, "ალ ქაიდას" მატერიალური დახმარებით, ტერაქტის მცდელობაში ედება ბრალი. ოფიციალური მონაცემებით, ეჭვმიტანილი შეერთებულ შტატებში 2012 წლის იანვარში ჩავიდა და აფეთქების ორგანიოზებისთვის შესაბამისი კონტაქტების ძიებით იყო დაკავებული. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ის დაუკავშირდა, ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმატორი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მასზე მეთვალყურეობა დაწესდა. 
ავტომობილში, რომლის აფეთქებასაც ნაფისი ნიუ-იორკის ცენტრში გეგმავდა მისი ცნობით ათასი ფუნტი (დაახლოებით 450კგ) თვითნაკეთი ფეთქებადი ნივთიერება  ე.წ.  IED-ი იყო. თუმცა რეალურად იქ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ყოფილა. ქიმიური საშუალებები, რომელიც ბანგლადეშელმა იყიდა ყალბი აღმოჩნდა. რადგანაც გამყიდველი, რომელიც მან სოციალური ქსელი ფეისბუქის საშუალებით "აღმოაჩინა"  რეალურად გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი აღმოჩნდა. ტერორისტმა უკვე აღიარა, რომ მას აქტიური კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ტერორიტულ ორგანიზაცია "ალ-ქაედასთან" და დირექტივებს სწორედ მათგან იღებდა. ამერიკული მართლმსაჯულება ტერაქტის მცდელობისთვიოს სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. სავარაუდოდ სწორდ ეს სასჯელი ემუქრება კვაზი მოჰამედ რეზვანულ აჰსან ნაფისს. 

Wednesday, October 10, 2012

მარტო ჩემზე ნუ ილოცებ -ანუ Heroland -ია


რამდენიმე დღის წინ, მაშინ, როცა ლამის მთელი საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯარს და სპეცდანიშნულების რაზმებს ლანძღავდა და თან არც იცოდნენ რატომ,  მე და ჩემი მეგობარი, ჟურნალისტი ლევან ბიბილაშვილი ჩვენთვის დღემდე აქტუალურ 2008 წლის აგვისტოს ომს განვიხილავდით. ოლი (ასე ვეძახით ლევანს მეგობრები) გულნატკენი იყო, გულნატკენი იყო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის გაუნათლებლობით, გულნატკენი იმ შედეგებით რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარმა ფაქტმა მოუტანა ზოგადად შეიარაღებულ ძალებს. რატომ დაატყდა  სადისტი "მეცოცხეების"რისხვა პოლიციას და ჯარს არავინ იცის, ამ ქვეყანაში ასე ფიქრობენ, სპეცრაზმელია? რა აზრი აქვს რომელი უწყების?! ზონდერია და მორჩა! მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა უწყებებს ერთმანეთისგან არჩევენ და შესაბამის პატივს სცემენ  ხალხს, რომელთა საქმეზეც პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობა და ჩვენი მოქალაქეების (მათ შორის იმ ნაწილის ვინ ამ ხალხს ლანძღავს!) მშვიდი ძილი.
 ოლიმ ადრე ოპერაცია გაიკეთა, პალატაში მასთან ერთად იწვა სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი, რომელმაც მოუყვა თავისი ისტორია, ისტორია რომლის მოსმენის შემდეგაც მე თვალზე ცრემლები მომადგა, ჩუმად მოვუკიდე სიგარეტს და ჩუმადვე ჩამოვიწმინდე ცრემლები. ამის მერე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში რომ მიუხედავად შიდა და გარე მტრისა ამ ქვეყანას სიკვდილი არ უწერია. ჩვენ ვიცოცხლებთ და ვიარსებებთ მანამ, სანამ იარსებებს თუნდაც ერთი ქართველი ჯარისკაცი ვინც ისე ფიქრობს, როგორც ის ვაჟკაცი, რომელმათ თითქმის ნარკოზიდან გამოუსვლელად მოუყვა ლევანს ეს ისტორია.  რამდენიმე დღე ვფიქრობდი რომ ეს ისტორია ბლოგზე დამეწერა, ბოლოს ოლის დავუკავშირდი და ვთხოვე, იქნებ შენ დაწერო თქო. ოლიმაც დაწერა და გთავაზობთ უცვლელად ამ ტექსტს. ჩვენ არ დავასახელებთ ამ სპეცრაზმელის გვარს, მაგრამ გეტყვით რომ ის მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში და ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას - ჩემის მხრიდან კი მას ვეტყვი- იქნებ ოდესმე შენ ეს პოსტი წაიკითხო ჩემო პაატა, უბრალოდ მინდა გითხრა მადლობა, მადლობა იმისთვის რომ ფიქრობ ასე 

მარტო ჩემზე ნუ ილოცებ, ღმერთმა შეიძლება გისმინოს და ჩემი მოსახვედრი ტყვია სხვას მოხვდეს

"ჟურნალისტისთვის ბლოგზე წერა ბევრად უფრო იოლია. შეგიძლია ემოციები მიუშვა, მაგრამ ცარიელი ემოციებიც არ ვარგა. მოსაყოლი რამე უნდა გქონდეს. ჰოდა დაგროვდა მოსაყოლი და მონიტორს მივუჯექი...
ისეთი კაცები, ვიზეც მოყოლა გვინდა საქართველოში ბევრნი არ არან. პაატა სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერია. მისთვის და მისი მეგობრებისთვის ომზე ლაპარაკი იოლი არ არის, რადგან შეეჩვივნენ უთქმელად საქმის კეთებას. რაც უნდა მიჩვეული იყო ამ სიჩუმეს, არსებობს სიტუაცია, როცა ადამიანი გაუცნობიერებლად იხსნება. სწორედ ერთ–ერთი ასეთი უძილო ღამე იყო, როცა ის ალაპარაკდა. ჯერ ჩვეული, დინჯი ტონით, მოკლედ მოჰყვა ოთხი წლის წინანდელი ამბები. შეგრძნებებზე ჩავეკითხე, პაატა, ხომ იცოდი, სადაც მიდიოდი–თქო. მხოლოდ ერთ გზაზე ვფიქრობდი, ომში მიმავალზეო. იქ ბიჭების სიცოცხლე მებარა და სხვა რამე თავში არ ეტეოდაო. ისიც კი, სახლში მის დაბრუნებას დედ–მამა, და–ძმა და საცოლე რომ ელოდნენ. ბიჭები... აი, ყველაფერი რაც გონებაში ირეოდა. ერთადერთი რამე დაუბარა დედას, მარტო ჩემზე ნუ ილოცებ, ღმერთმა შეიძლება გისმინოს და ჩემი მოსახვედრი ტყვია სხვას მოხვდესო.
ომში მომავალი გზა შიშით გაიარა. უკან უდანაკარგოდ დააბრუნა ყველა, მაგრამ ზუსტად ამის მერე ვერ მოერია ემოციებს, რადგან უფრო მეტზე ოცნებობდა, ვიდრე მიაღწია. მისი და მისი თანამებრძოლების თავგანწირვა წაგებულმა ომმა თითქოს დიდ ჩრდილში მოაქცია.
ეს ისტორია შეიძლება ბევრმა მიიჩნიოს თავისად, რადგან მსგავს ფიქრებს ალბათ ბევრი ვერ გადაურჩა ჯერ ომამდე და დასრულების მერეც. მე, ქართველი, არაჯარისკაცი გეუბნებით, თქვენ აღარასოდეს დარჩებით მარტოები საქართველოსთვის მომავალ ომებში.
ბიჭებო, მადლობა ყველაფრისთვის, მარტო თავგანწირვისთვის არა, ფიქრებისთვისაც. "

პ.ს. და კიდევ, ჩემო ღრმადპატივცემულო საზოგადოებავ, ტალახი იმან ისროლოს ვინც სუფთაა! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენსავე გულებში ჩაიხედეთ და გახსოვდეთ, რომ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და თქვენი შვილების მშვიდი ძილისთვის, ქვეყნის საზღვარს ამ წუთებშიც იცავენ  ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლი და ხორცი! 

ლევან ბიბილაშვილი
გიორგი წეროძე

Tuesday, September 4, 2012

შსს-მ ლოპოტას ხეობაში ორი დივერსანტი დააკავა


სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებზე და სოციალურ ქსელებზე გავრცელებული ინფორმაციით შსს-მ ლოპოტას ხეობაში ორი დივერსანტი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ  პირველად  სააგენტო "ექსპრესნიუსმა" გაახმაურა
"ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ წყარომ აცნობა, რომელიც შსს–ს კონტრტერორისტული ცენტრში მუშოაბს.
მისივე ინფორმაციით, ორი დივერსანტი შსს–ს სპეცდანიშნულების ერთ–ერთმა დანაყოფმა 2 სექტემბერს დააკავა. ისინი ამჟამად ორთაჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. წყაროს ინფორმაციითვე, გამოძიება დაკავებულებისგან ცდილობს ჩვენების მიღებას, თუმცა დივერსანტები დუმილის უფლებით საგრებლობენ.
შეგასხენებთ, სპეცოპერაცია 26 აგვისტოს გაუჩინარებული 5 ლაფანყურელი ახალგაზრდა მამაკაცის გათავისუფლებას მოჰყვა, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციით, მძევლებად ჰყავდათ აყვანილი შეიარაღებული ჯგუფის წევრებს.ახალგაზრდები გათავისუფლებისთანავე შსს-ს თანამშრომლებმა თელავის პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც ისინი მოგვიანებით ახლობლებმა მოინახულეს.ოფიციალური ინფორმაციით, დივერსანტების ჯგუფი ლოპოტას ხეობაში დაღესტნიდან შემოვიდა, რასაც უარყოფენ და პროვოკაციას უწოდებენ რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში.სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია 3 სპეცრაზმელი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი.

წყარო: www.epn.ge

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ავღანეთში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, ავღანეთში იმყოფებოდა. მინისტრმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ ჰელმანდის პროვინციაში ბაზა "შუკვანზე" ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური სარდლობის მეთაურს, გენერალ-მაიორ გურგანუსს და ოპერატიული შენაერთის მეთაურს, გენერალ-მაიორ ბერგერს შეხვდნენ და მისიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ISAF-ის ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ისინი 6 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ.


http://mod.gov.ge/ge/news/1513

Thursday, August 16, 2012

ქალაქის ბრძოლა-ფოტორეპორტაჟი ალეპოდან


ალეპო - ქალაქი რომლზეც სრული კონტროლი სირიის განმათავისუფლებელი არმიისთვის უდიდეს პოზიციურ გამარჯვებას, ხოლო ბაშარ ალ ასადისთვის რეჟიმის ხერხემლის გადამტვრევას აღნიშნავს. 8 აგვისტოს მონაცემებით სირიის რეგულარულმა არმიამ, რომელიც დღემდე ბაშარ ასადის ბრძანებებს ასრულებს,  ქალაქზე კონტროლი საკუთარ ხელში აიღეს, ამბოხებულებს კი, უკან დახევა მოუწიათ. მჭიდროდ დასახლებული რაიონებში გამოყენებული იქნა მძიმე არტილერია, რამაც მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც გამოიწვია. ალეპოს უტევს ავიაცია. მოიერიშეები ქალაქის სხვადასხვა კვარტლებში პრევენციულ დაბომბვებს ახორციელებენ, სამხედრო შვეულმფრენები  უშუალოდ ქალაქის ქუჩებში გამაგრებულ მეამბოხეებზე "ნადირობენ". თუმცა ოპოზიცია დათმობას არ აპირებს,  აღსანიაშნავია, რომ განმათავისუფლებელ არმიას შეიარაღებაში უკვე აქვს მობილური საზენიტო საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც დაბალ სიმაღლეზე მფრენი აპარატების განადგურებას შეძლებენ. 13 აგვისტოს ამბოხებულებმა სწორედ ასეთი მობილური-საზენიტო დანადგარით მოახერხეს სამთავრობო ძალების კუთვნილი  "მიგ-23"-ის ჩამოგდება. ცოტა ხნის წინ, ალეპოში ბრძოლები განახლდა, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ალეპოდან, რომელიც boston.com-მა გაავრცელა. ფოტოები შეიცავს ძალადობის ფაქტებ, რეკომენდირებულია არ არის 18 წლამდე პირებისთვის