Monday, July 18, 2011

სამშობლო

გამოგივლია მრავალგზის სევდა და ტანჯვა მკვდრიანი,
ღალატი, გაუტანლობა, ბედის უკუღმად ტრიალი.
ბევრი გიკვებავს ძუძუთი - ვაჟკაცი ჭკუაფხიანი
ხვადის სწორი ძუ უბიწო, კბილებ-წარბ-თვალბროლიანი.
დრო-ჟამის უთავბოლობამ ვაი რომ ხელი დაგრია,
შენს ირგვლივ შემოიკრიბა მტერი უგულო, ავყია.
ერთურთის კბენა-ღრენაი, ვაი რომ მათთვის კარგია
ტყუილუბრალოდ ყვირილმა გულ-მკერდში გადაგვანგრია.
გონს მაშინ მოდის ქართველი როს ძაან გაუჭირდება,
ხვდება, რომ მაშინ იმარჯვებს როცა გულს გული სჭირდება.
მაშინ გუგუნებს მის სულში ძველი მხედრული დიდება
როცა ფიქრობს რომ მამული, არს მისი ავლადიდება.
ჩემი სამშობლოს მიწაო, შენთვის გავწირავ თავსაო
შენთვის შავებრძვი შავ ურჩხულს, არ მავიხმარებ სხვასაო,
მუხლებზე დავცემ შენს მტარვალს, გულზედ დავადებ ქვასაო
ქრისტე ღმერთისა შეწევნით მკერდით გავაპობ ზღვასაო!
სანამ ერთიც კი ფეხზეა, შენ არ დარჩები ობლადა,
ჩვენ კიდევ უთვალავნი ვართ, გავიხვათქებით ოფლადა.
გულს გჩუქნი ჩემო დედაო, მე შენ გიდგები მონადა
ვინც გიღალატოს სამშობლოვ, დედამც შაერთოს ცოლადა!



დღე წითელი პარასკევისა. ქრისტეს შობიდან ორიათას რვა წელი

გ.წეროძე



Tuesday, July 5, 2011

ჩემი ნენეი საქართველოა - დიალოგი ჩემს მუჰაჯირ ძმასთან



შავშეთი, ისტორიული საქართველო... გზისგან დაღლილი მანქანას ვაჩერებ, მწყურია. გადმოვდივარ და ქუჩაში ვჩერდები. მაღაზიებს ვათვალიერებ. სად შევიდეთ, ვკითხე ჩემს მეგობარს. "გურჯები ხართ? აქეთ მოით" - მესმის მშობლიურ, ქართულ ენაზე. მაღაზიის გამყიდველი გვიღიმის - "მე გიძახით ჭოვ, ქართველი ვართ, რამ შეგაშინათ" - მივხვდით რომ მუჰაჯირი იყო, ქართველი. მაღაზიაში შევედით, გავიცანით.  იქაური ქართველების ამბავი გამოვკითხეთ.

"აქით 21 სოფელია ქართული, ჩვენ გურჯები ერთმანეთში ვმეგობრობთ, ერთმანეთის ქალები მოგვყავს ცოლად, ჩვენ ერთი ვართ. დღეს საქართველოიდან იყნენ მოსულები, ჩვენს მანასტერში ვიყავთ ასული, მეც წავყევი. მოვლა გვინდა მანასტრის თლათ რომ არ დეინგრეს. ბოლო ხანობას ჩვენებურები ხშირად დადიან აქეთ და მაი კაია, ჩვენც გვიხარია ჩვენიანების დანახვა" -  გვეუბნება ახლადგაცნობილი მეგობარი.

ვეღარ გავძელი, ცოტაც და ცრემლს ვეღარ შევიკავებდი. ბიჭები დავტოვე, გარეთ გამოვედი და სიგარეტს მოვუკიდე. კიბეზე ჩამოვჯექი და ხელი ჩამოვდე... მერქანი მეუხეშა, შევხედე და ვაზი იყო, ჩვენებური ვენახი. იქაც გაახარეს ამ მადლიანებმა. ვაზი სახლს მიუყვებოდა და ფანჯრებს გარს ეხვეოდა. "მაქაც გურჯები ცხოვრობენ ძმავ" -მითხრა და გამიღიმა. ავდექი, ალბათ ასეთი ამაყი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ! არასდროს!!!

წყალი ავიღეთ მაგრამ ფული არ გამოგვართვა - "მე რამდენიმე წელი საქართველოში ვიცხოვრე, იქაურს ვჭამდი და იქაურს ვსვამდი, რომ გეიგებდენ ჰაიდან ვიყავ და ვინ ვიყავ ძმას მიძახდენ, თავზე მეფერებოდნენ და გულში მიხუტებდენ. ფულს არ მართმევდენ რამეში, მე ძმაი ასე მექცეოდა და მე ახლა რომ ფული აგართვათ არ ვიქნები კაი გურჯი, ძმაი ყოველთვინ ძმაია, გინდა გურჯისტანში და გინდა სხვაგან. აიღეთ წყალი და ფული აღარ მომცეთ თვარამ მეწყინება."

წამოსვლის დრო იყო, ვაგვიანებდით. წამოსვლამდე კიდევ გამოვკითხეთ რაღაცაები, კითხვაზე როგორ ცხოვრობენ თურქეთში ქართველები ასე მიპასუხა. " ძმა, ახლა ქვია ამას თურქეთი, თორემ გურჯისტანი იყო, ჩვენი საქართველო, მე არ ვარ თურქი, მე გურჯი ვარ, მოჰაჯირი, რუსების გადასახლებული ვარ აქ, ათაიდან ბაბაიდან მძულს რუსი, რაცხა მაგენმა ჩვენ გვიქნენ მაგის დავიწყება არ იქნება! კი მაქ ამგენის პასპორტი მარა არ ვარ თურქი, მე გურჯად მოვკდები! ჩემი ნენეი საქართველოა! "

შემრცხვა, ძალიან შემრცხვა. შემრცხვა და მეტკინა მთელი ორგანიზმი. ჩავეხუტე, მადლობა გადავუხადე წყლისთვის, ძმობისთვის და ქართველობისთვის. ჩავჯექით მანქანაში და წამოვედით. საზღვრამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია. საბაჟოზე გამოსულმა უკან მივიხედე და მივხვდი რომ ეს არ არის საზღვარი, საზღვარი იქაა, ტაოში, შავშეთში, იქ სადაც ჩემი ძმები, ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი გამუჰაჯირებული ქართველები ცხოვრობენ! ცხოვრობენ და არ კარგავენ ქართველობას, ენას და ჩვენი სიძლიერის, უკვდავების სიმბოლოს ვაზს! ხმლით დაცულ და სისხლით მორწყულ  ვაზს!



Friday, June 17, 2011

ზვიადაური, ანწუხელიძე და უმოქმედო ჰააგა


აქცევენ ზვიადაურსა,
ყელში აბჯენენ ხმალსაო:
“დარლასამც შაეწირები”,
ყველა დასძახის მასაო.
“ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!”
უპასუხებდა ხალხსაო.
არ იდრიკება ვაჟკაცი,
არ შეიხრიდა წარბსაო.
გაოცდენ ქისტის შვილები,
ხალხი დგებოდა ყალხსაო.
“ლამის რომ არ შაეწიროს,
ერთი უყურეთ ძაღლსაო!”
ჰყვირიან, თანაც ნელ-ნელა
ყელში ურჭობენ ხმალსაო.
“ძაღლ იყოს”, ყელში ამბობდა,
მანამ მოსჭრიდენ თავსაო!
“უცქირეთ, ერთი უცქირეთ,
არ ახამხამებს თვალსაო!”
სიცოცხლე ჰქრება, სისხლი დის, -
ზვიადაური კვდებოდა,
გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
გული გულადვე რჩებოდა.


პარალელი პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გავავლე. თითქმის მთელი საქართველო ზვიადაურს ადარებდა მაშინ. www.youtube.com-ზე აღმოჩენილმა წამების უსასტიკესმა სცენამ არამარტო ქართველები, მთელი მსოფლიოს საღად მოაზროვნე ნაწილი შეძრა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის  23 წლის ქართველ სერჟანტს ოსურ-რუსული შეიარაღებული დაჯგუფების წევრები (სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ ხროვას! მითუმეტეს ჯარისკაცებს!) ოსეთის მიწის კოცნას, "გმირულად" დაღუპული თავიანთი წინაპრებისთვის ბოდიშის მოხდას და ქართველთა შეგინებას თხოვენ. ბრძანების შესრულების შემთხვევაში ეს ურდო ალბათ ვიდეოს თავიანთი "საგმირო მატიანეს" ოქროს ფონდში შეიტანდა და კიდევ ერთხელ დაანახებდა მსოფლიოს თავის "ძლევამოსილებას". არ გაუმართლათ! ქართველმა ჯარისკაცმა სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდას სიკვდილი არჩია. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსმა და ოსმა მკვლელებმა (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ ხროვას! ) წიხლებით გათელეს! მიწაზე ორად მოკეცილ ჯარისკაცს თითქმის მთელი ასეული ფეხებით შედგა და ხერხემალში გადატეხეს. მსოფლიოს საღად მოაზროვნე ნაწილი ვახსენე და გამახსენდა, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებობს უმაღლესი ტრიბუნალი, რომელიც სამხედრო დანაშაულებებს იძიებს. თუმცა ამ ფაქტით აქამდე რატომღაც არავინ დაინტერესებულა... (?!) სამაგიეროდ 16 წლის წინ ჩადენილი ქმედებების გამო რატკო მლადიჩს აგებინებენ პასუხს. ეტყობა ყველაფერს თავისი დრო აქვს... იმედია რომ ჰააგის უმაღლესი ტრიბუნალი მალე აგვისტოს ომის სამხედრო დამნაშავეების საქმის გადახედვასაც ისურვებს და გიორგი ანწუხელიძის მკვლელებიც შესაბამისად დაისჯებიან.  უმცროს სერჟანტს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. უმცროსი სამყაროს ომის შემდეგ მოევლინა. გავა დრო და ვიღაცის დახმარებით, ან სრულიად შემთხვევითეს ბავშვები გაიგებენ მამის გმირულად დაღუპვის ამბავს. რას იფიქრებს მოზარდი იმ ქვეყანაზე, ან სეპარატისტულ რეგიონზე, რომლის წარმომადგენლებმაც ასეთი სისასტიკით მოუკლეს მამა?! - ალბათ თავადაც ხვდებით... თუმცა შემდგომ გამოჩნდებიან ლიბერალიზმ-ჰუმანიზმის გრძნობით გაჟღენთილი ადამიანები, ვინც სახალხოდ გაკიცხავს მათ და ბრძენის გამოხედვით ურჩევს რომ შოვინისტური გამონათქვამებისგან თავი შეიკავონ. ეს ალბათ წლების შემდეგ მოხდება (იმედია არ მოხდება!) და სანამ მოხდებოდეს, მე ვურჩევ ადამიანებს რომელთაც ჰუმანიზმის პრინციპები აღელვებთ და მაღალი მატერიებისკენ მიისწრაფვიან; დროზე ამოიღეთ ხმა იმაზე რაც ხდება! დროზე დასვით იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი ვისი მეშვეობითაც ამ ქვეყანაში ათასობით ობოლი დარჩა! ვისი მეშვეობითაც დაინგრა ქალაქები! ვისი მეშვეობითაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი საკუთარ სამშობლოშივე იქცა დევნილად!
 სოციალურ ქსელებში მოეწყო აქცია სახელწოდებით - "მიენიჭოს გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება". ის რომ უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე მართლაც სიმბოლოა ქართული სახელმწიფოებრიობის უტეხი სულის და ჭეშმარიტი ქართველი ჯარისკაცის ამაზე არავინ დავობს. მეტიც, ამ ადამიანისგან მაგალითი არამარტო ქართველებმა, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აიღოს!
ოფიციალურად უნდა მიენიჭოს გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება!  მიენიჭოს მას მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდის წოდება!

რაც შეეხება ომის კანონების და საერთაშორისო  კონვენციის  დარღვევას - ის რაც ოსმა და რუსმა ე.წ. მებრძოლებმა გააკეთეს, სხვა არაფერია თუარა საერთაშორისო კვალიფიკაციის სამხედრო დანაშაული! არ გაუმართლათ და ვერ დაწერეს საკუთარი ყალბი მატიანე, ისტორია ძირმომპალი "ძლევამისილების" შესახებ. ისტორიას გამარჯვებულები წერენ... ომი არ დამთავრებულა, გამარჯვება კი ყოველთვის სიმართლის მხარესაა. ასერომ მოემზადეთ, მოემზადეთ დიდი გამარჯვებისთვის ჩემო მკითხველებო! თავდადების მაგალითად თუნდაც უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძეც კმარა. ადამიანი რომელმაც სიცოცხის ხარჯზე არ გატეხა ქართველი ჯარისკაცის ფიცი და მისი თითოეული პუნქტი ზუსტად ისე შეასრულა, როგორც ამ ფიცში წერია. ეჰ, მართლაც რამდენი ჩე გევარა ცხოვრობს ხეორხიაში...



გიორგი ანწუხელიძის სადისტური მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა. რეპორტაჟში შეცდომაა. გიორგი ანწუხელიძე უმცროსი სერჟანტი იყო და არა ლეიტენანტი


Thursday, June 16, 2011

ქართული არტილერიის ისტორია!


დაგპირდით რომ ეს ბლოგი ძირითადად სამხედრო საქმეს შეეხებოდა. ჰოდა ვასრულებ დანაპირებს. ამჟამად გთავაზობთ სამხედრო-საინფორმაციო პორტალის geo-army.ge-ს ერთ-ერთ სტატიას ქართული არტილერიის ისტორიაზე, მის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე. ვფიქრობ სტატია მოგეწონებათ და ვისაც სამხედრო საქმე გაინტერესებთ ამ ინტერნეტპორტალსაც ხშირად ესტუმრებით :)


’’არტილერია ომის ღმერთია’’ ამ სიტყვებს ყველა ეთანხმება, ვინც კი სამხედრო საქმეში ოდნავ მაინც ერკვევა. მართლაც მე-20 საუკუნეში თითქმის არც ერთ ომს არ ჩაუვლია საარტილერიო ბრძოლების გარეშე.  საქართველოში არტილერიის გამოყენება პირველად 1488 წელს მოხდა, თურქმენების მიერ კოჯრის ციხის აღების დროს. უკვე მე-18 საუკუნის დასაწყისიდან კი თბილისში სპილენძის ზარბაზნებსაც ასხამდნენ, ზარბაზნები როგორც თავდაცვის იარაღი თბილისის და გორის ციხეებზეც ეყენა.

     არტილერიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ერეკლე II, მისი ძალისხმევით გენერალმა ტოტლებენმა ქართულ ჯარს რამდენიმე 75 მმ იანი ზარბაზანი გადასცა, მაგრამ რუსეთში მყოფ არტილერისტებს საქართველოში ჩამოსვლა და ქართველი არტილერისტების გაწვრთნა აუკრძალა. ამიტომ პრობლემა გახდა პროფესიონალი არტილერისტები. ერეკლემ 1778 წელს არტილერიის მეთაურად პაატა ანდრონიკაშვილი დანიშნა, მისი ძალისხმევით თბილისში  ზარბაზნების ქარხანა გაიხსნა სადაც ძველებურ მსხვილკალიბრიან მორტირებს და ჭურვებსაც ამზადებდნენ, თბილისშივე მზადდებოდა დენთიც. ნელ-ნელა ქართველი არტილერისტების რაოდენობა 480 კაცამდე ავიდა, მათი დიდი ნაწილი რუსული არმიიდან გამოქცეული და ტყვეობიდან გამოსყიდული არტილერისტები იყვნენ. 1784 წელს ეკატერინე მეორემ ერეკლეს კიდევ 12 ზარბაზანი აჩუქა. იმდროინდელი ქართული ზარბაზნების ექსპლუატაციის სირთულიდან და მცირე რაოდენობიდან გამომდინარე არტილერია სერიოზულ ძალად არ ითვლებოდა.

 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლის დროს არტილერიამ თავისი მოვალეობა შეასრულა, იმ დროისათვის  ქართველებს 35 ზარბაზანი ქონდათ. თბილისის აღების შემდეგ ზარბაზნებიც და მეზარბაზნეებიც  სპარსეთში წაიყვანეს.
 1918 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართულ არმიაში შეიქმნა საარტილერიო ქვედანაყოფებიც, თბილისში მდებარე იუნკერთა სასწავლებელში კი ხდებოდა საარტილერიო საქმის შესწავლაც, აქ უნდა მომზადებულიყო არმიისთვის პროფესიონალი არტილერისტები. მაშინდელ ქვეით ბრიგადაში შედიოდა 1 საარტილერიო ბატარეა და გააჩნდა 6 ერთეული 1909 წლის მოდელის 122 მილიმეტრიანი საველე ჰაუბიცა. ამის გარდა არმიას ჰქონდა 104 ერთეული 76 მმ იანი საველე და სამთო მსუბუქი ქვემეხიც.



 ქართველმა არტილერისტებმა ყველაზე მეტად თავი აფხაზეთის ომში გამოიჩინეს,   ქართული შეიარაღებული ფორმირებებიდან ყველაზე ორგანიზებულად და პროფესიონალურად ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკი მოქმედებდა, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძის მეთაურობით.  სწორედ მათი ძალისხმევით იქნა მოგერიებული აფხაზთა შემოტევები სოხუმზე, 1993 წლის იანვარსა და მარტში.  15-16 მარტი ჩვენი არტილერიის ტრიუმფის დღეებად ითვლება როცა არტილერისტებმა თავგანწირული ბრძოლის შედეგად შეტევაზე გადმოსულ მტერს  1000 კაცამდე გაუნადგურეს,

ამ დროს ქართველი არტილერისტების შეიარაღება ძალიან მწირი იყო ისინი იყენებდნენ  Д-30 ტიპის ჰაუბიცებს, 85 მმ-იან Д-44 და 100 მმ-იან T-12 და КС-19 ტიპის ქვემეხებს, 122 მმ-იან ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა  БМ-21 ГРАД-ებს, ასევე 120 და 82 მმ-იან ნაღმსატყორცნებს.  ომის ერთ ეპიზოდში გვარდიის საარტილერიო პოლკის  შეიარაღებაში გამოჩნდა  პირველი თვითმავალი ჰაუბიცა 2С3 АКАЦИЯ რომელიც რამდენიმე გასროლის მერე გაფუჭდა და ბრძოლას გამოეთიშა.

 საარტილერიო ცეცხლის ეფექტურობის გასაზრდელად არტილერისტები მიმართავდნენ სხვადასხვა ხერხს მაგალითად სახმელეთო მიზნების წინააღმდეგ ხშირად გამოიყენებოდა საზენიტო ქვემეხი С-60, სარკინიგზო პლატფორმაზე კი დაყენებული იყო ქვემეხი КС-19 რომელიც გასროლის შემდეგ კელასურის გვირაბში იმალებოდა.  იყო მცდელობა რომ ქვემეხის ლაფეტზე დაყენებულიყო 220 მილიმეტრიანი  რეაქტიული სისტემა ურაგანის გამშვები მილებიც რითაც მტრის ღრმა ზურგში მოხდებოდა დარტყმის მიყენება, მაგრამ ეს იდეა ვერ განხორციელდა.

 ჩვენი არტილერისტების მაღალი ბრძოლისუნარიანობა და ხარისხი იმის დამსახურება იყო, რომ საბჭოთა პერიოდში თბილისში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა საარტილერიო სასწავლებელი რომელიც იმ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ ითვლებოდა, მისი გამოზრდილი არტილერისტები დღესაც ჩვენი არტილერიის ბირთვს წარმოადგენენ.

  დღეს-დღეობით ქართული არტილერია გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე ეს 90-იან წლებში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის დროს იყო. 2004 წლიდან მოყოლებული სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საარტილერიო დანაყოფების მოდერნიზაცია და გადაიარაღება, რადგანაც ძველი ხალისუფლების დროს არტილერიას, ისევე როგორც მთელ შეიარაღებულ ძალებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა. არ არსებობდა ერთიანი მართვის სისტემა, საკმარისი საბრძოლო მასალის უქონლობის გამო არ ტარდებოდა სწავლებები, საარტილერიო ტექნიკა მოუვლელობის გამო მწყობრიდან იყო გამოსული. შეიარაღების აბსოლუტური უმეტესობა მოძველებული საბჭოური სისტემის იყო., შეიარაღებაში არ გვყავდა თვითმავალი ლულიანი საარტილერიო დანადგარები, გარდა ორი ერთეული ჩეხური DANA სი, თითო-თითო, 2С19 Мста-С და 2С7  ПИОН-ისა. ბუსირებადი სისტემებით კი თანამედროვე მანევრული ბრძოლის წარმოება გამორიცხულია, რადგან გასროლის შემდეგ მოწინააღმდეგე სპეციალური კონტრბატარეული ბრძოლის რადარით სწრაფათ გამოითვლის მოწინააღმდეგის პოზიციას და საპასუხო ცეცხლით გაანადგურაბს მას, განსხვავებით თვითმავალი სისტემებისგან რომელიც პოზიციას სწრაფად იცვლიან და მოწინააღმდეგეს რეაგირებისთვის დროს არ უტოვებენ.
 2004 წლიდან სწრაფი ტემპებით დაიწყო ახალი ტექნიკის შეძენა სხვადასხვა ქვეყნებში, უმეტესად უკრაინაში, ჩეხეთსა და ისრაელში. თვითმავალი ლულიანი არტილერია შეივსო ჩეხური 152 მმ-იანი DANA ებით, უკრაინული 2С3 АКАЦИЯ ით.  უკრაინიდან 5 ერთეული 203 მმ-იანი 2С7  ПИОН  ის შემოტანის შემდეგ შეიქმნა პიონების ბატარეა, რეაქტიული არტილერია  საბჭოთა გრადის ჩეხური ანალოგით  RМ-70 ებითა და ებრაული წარმოების 45 კმ-ზე მსროლელი LAR-160 ებით, რამაც ქართველ არტილერისტებს ტაქტიკური უპირატესობა მისცა სეპარატისტული რეჟიმების საარტილერიო დანაყოფებთან შედარებით. ქვეითი ბრიგადების შეიარაღებაში მხოლოდ Д-30  ჰაუბიცები, 120 და 82 მმ იანი ნაღმსატყორცნები დარჩა, მთელი მძიმე საარტილერიო ტექნიკა  გადაეცა გორში განთავსებულ საარტილერიო ბრიგადას, რომელიც მთლიანად კონტრაქტით აყვანილი სამხედროებით დაკომპლექტდა.  ამას გარდა, რაც ყველაზე მთავარია ყოველ წელს ინტენსიურად ტარდება რეალურ ბრძოლებთან მაქსიმალურად მიახლოებული საარტილერიო სწავლებები, დაინერგა კავშირისა და ცეცხლის მართვის ახალი სისტემა სადაც მონაცემთა გადაცემა შტაბიდან საარტილერიო ბატარეამდე,  დროის რეალურ რეჟიმში ციფრული სისტემით ხდება., იხვეწება ასევე საარტილერიო ბატარეების გადაადგილებისა და ცეცხლის წარმოების ტექნიკა, სხვადასხვა საარტილერიო ქვედანაყოფების ურთიერთშეთანხმებული მოქმედება. შედარებით ძველ ტექნიკას სპეციალური პროგრამებით უტარდება მოდერნიზაცია, რითაც უმჯობესდება მათი ცეცხლის მართვის, ნავიგაციისა და კავშირის სისტემები.
  ქართული საარტილერიო დანაყოფებისთვის უდიდესი გამოცდა იყო  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, საარტილერიო ბრიგადისა და ქვეითი ბრიგადების საარტილერიო დივიზიონები პირველები ჩაერთვნენ ბრძოლაში. ოსი სეპარატისტების მხრიდან, ქართული სოფლების რამდენიმე დღიანი დაბომბვების შემდეგ, 7 აგვისტოს საღამოდან საარტილერიო ბრიგადის არტილერიამ დაიწყო სეპარატისტების საცეცხლე პოზიციების ჩახშობა და როკის გვირაბიდან შემოსული რუსული სამხედრო კოლონების დამუშავება, მტერმა საკმაო ზარალი განიცადა, განსაკუთრებით კი 58-ე არმიის ჯავშანკოლონებმა. ყველაზე  ეფექტურად იმუშავეს LAR-160,  RМ-70 და გორთან ახლოს განლაგებულმა 203 მმ იანმა პიონებმა, სწორედ პიონებმა გაანადგურეს პირველივე საათებში სეპარატისტების სამხედრო საწყობები და ბაზები ცხინვალთან და სოფელ ხეთაგუროვოში, მათივე ანგარიშზეა ცნობლი გენერალ ხრულოვის საშტაბო კოლონის დამუშავებაც.  LAR-160 ების ბატარეა კი ჯავა-ცხინვალის გზაზე მომავალ რუსულ ჯავშანკოლონებს კასეტური MK-4 რაკეტებით ამუშავებდა.  ეს კასეტური რაკეტები განსაკუთრებით ეფექტური მსუბუქი ჯავშატექნიკის წინააღმდეგ გამოდგა.

თვითმავალი სისტემები DANA  და 2С3 АКАЦИЯ ის ბატარეები ძირითადად ცხინვალისა და ზნაურის გარშემო არსებულ სამიზნეებზე მუშაობდნენ, ჩრდილო კავკასიიდან შემოსულმა რუსების საარტილერიო დანაყოფებმა რომლებსაც რეაქტიული სისტემა ურაგანის ერთი ბატარეა და თვითმავალი სისტემა აკაციების მინიმუმ ორი ბატარეა ყავდათ,  ვერცერთხელ ვერ მოახერხეს ქართული საარტილერიო სისტემების დაფიქსირება და კონტრბატარეული ცეცხლით მათი განადგურება, ეს პირველ რიგში ჩვენი არტილერისტების ჭკვიანური ტაქტიკისა და პროფესიონალიზმის დამსახურება იყო.  საარტილერიო ტექნიკაში დანაკარგი ბრძოლის დროს უმნიშვნელო იყო, მხოლოდ საავიაციო დაბომბვებისას განადგურდა რამდენიმე ბუქსირებადი  ჰაუბიცა Д-30 და  ერთი 152 მმ იანი ჰაუბიცა Мста-Б. სამაგიეროდ საკმაო დანაკარგები იყო ქართული ჯარის უკან დახევისას, რუსებმა გორის ბაზიდან წაიღეს 20 მდე  Д-30, რამდენიმე Д-44 და MT-12 ქვემეხი,  მწყობრიდან გამოსული ორი ერთეული DANA, ტყეში დაწვეს  ოთხი 2С7  ПИОН, ერთი კი წაიყვანეს. გორის საარტილერიო ბაზაზე დაწვეს ერთი DANA.  დანაკარგი იყო არტილერისტებშიც, ქვეითი ბრიგადების საარტილერიო დივიზიონების რამდენიმე არტილერისტი საავიაციო დაბომბვებისას გმირულად დაიღუპა.

 ომის შემდეგ სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო მეორე საარტილერიო ბრიგადის შექმნის გადაწყვეტილება , რომელიც დასავლეთ საქართველოში ხონში განთავსდა და დაევალა დასავლეთის მიმართულების გაძლიერება, ამ ბრიგადამ 2010 წელს ფართომაშტაბიანი წვრთნები ჩაატარა ორფოლოს პოლიგონზე.  2010 წლის 15 მარტს კი ქართულმა არტილერიამ 17 წლის იუბილე იზეიმა, დღეისათვის საარტილერიო დანაყოფები წარმოადგენენ ჩვენი არმიის ძირითად შემტევ ძალას, სამომავლოდ ისინი უდიდეს და შესაძლოა გადამწყვეტ როლსაც ითამაშებენ საქართველოს დეოკუპაციისა და  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

ქართული არტილერიის მუშაობის ამსახველი ვიდეომასალა -  2008 წლის აგვისტოს რუსულ ქართული ომი.



Tuesday, June 14, 2011

WAR-ოლოგია!


ირგვლივ სიჩუმე
თითქოს ხმაური ჩაყლაპა მიწამ...
ვიღაც ლოცულობს,
ვიღაცა კი მზის სხივებს იცავს.
იცავს სისხლისგან, სიკვდილისგან, შფოთისგან იცავს,
ზეცა ხარხარებს,
სისხლის ცრემლებით გაჰკივის მიწა!
დრო, წამი, წუთი,
წლები გადის, მიჰქრის ისარი,
ვინაც დღეს იბრძვის
ხვალ სიკვდილის ღირსიც ის არის!
ქვების ღიმილში ჩამალული თამაშობს დრონი,
მე დღეს ჩემმა "მე"-მ უკანასკნელი მომიგო ომი.
ხარხარებს ზეცა,
ამ ხარხარში სულს ღაფავს მიწა,
ვიღაც ლოცულობს,
ვიღაც ისევ მზის სხივებს იცავს.
დავბოდიალობ ამ უდაბნოში მე მარტო, ერთი
ღრუბლიდან მიმზერს, კვლავ დამცინის მოხუცი ღმერთი.
ბოღმა, ნაღველი, გამოხედვა ველური, უტყვი
ვიღაც გვერდიდან მეუბნება:
"შენს საფლავს ნუ თხრი!"
დრო, წამი, წუთი,
წლები გადის ჩქარადა ნელა
ამ უდაბნოში გალობა ისმის
დღე! აღარ ბნელა...
მიმოვიხედე
კვლავ არავინ, აქ მე ვარ მხოლოდ
არა, გამოჩდნენ!
დამარცხებულთა მომესმა ქორო!
აღარ ლოცულობს,
წამომდგარა, იფერთხავს კალთას
ბრძოლის წინ მიდის საკოცნელად საყვარელ ქალთან.
ომის ყიჟინა შემომესმა,
აღსდგა სულები!
სისხლმა და სევდამ გაუცოცხლა მკვდარი გულები
კვლავ ომს უცდიან უკვე მკვდრები, გარიყულები,
ჩრდილის ჩრდილებში ჩამუხლულან გარინდულები.
აღარ იცინის
თვითონაა აქ უკვე ერთი,
ღრუბლის კუთხეში მიიყუჟა მოხუცი ღმერთი,
ალბათ ხვდებოდა ამ ომის დროს ვინ რას იზამდა,
პირველი იგი დაარტყამდა ვინც მზეს იცავდა.
მზე, დღე, სისხლიანი კლდე...
კლდის ნაპრალებში დამემალა მე ჩემი "მე".
დრო, წამი, წუთი...
დამთავრდა მგონი,
მკვდრებმა მოიგეს ბევრჯერ მოკლული შავ-თეთრი ომი.
გამარჯვებულებს ქედს უხდიან მკვდრები გოდებით,
იქ სადღაც ისევ იცინიან ძველი ლოდები...
ჩემი "მე" ტირის,
ემზადება,
ისევ ღამდება...
არა, ეს ბრძოლა არასოდეს არ დამთავრდება!


ანდერძი


დღეს თუ დავეცი, მე ხვალ აღვსდგები,
შენ არ მიგლოვო ძვირფასო, არა.
ამდენი სისხლი, ამდენი ცრემლი,
საქართველოსთვის სულაც არ კმარა!
იყო სამასი და იყვნენ ცხრანნი,
სიკვდილის წინაც მღეროდნენ რეროს,
ცად აზიდულნი ხუთჯავარას ჰფენდნენ
მტრის სისხლით რწყავდნენ მშობლიურ მდელოს!
აჰა, მეც ვკვდები ამ შენს მკლავებში,
უკვე ამ გმირთა აჩრდილებს ვგავვარ
დღეს შევუერთდი რჩეულთა რიგებს
შენ არ მიგლოვო ძვირფასო არა!

"სუფთა ველი" - 07.08.08


სიცხე,
ყიჟინა,
ტყვიები ცხელი.
წინ არის ბრძოლა,
წინ არის ველი!
აგვისტო ცხელი
სხივები მწველი,
ბევრია ხვრელი,
ხვრელში ზის გველი!
გველია მკვლელი და სისხლის მსმელი,
შენა ხარ მხსნელი,
შენ გიცდის ერი!
ერია ძველი
ხმალი აქვს მკვრელი,
ციხის სიმტკიცის, საძირკვლის მცველი!
დაძლე შიში!
დაძლე ცრემლი!
დადექი იქვე სადაც დგას შენი!
მოძებნე ხვრელი
შეყავი ხელი,
გამოიღე და მოკალი გველი!
არ აგიტოკდეს მარჯვენა ხელი
ამ გველმა, ბევრი მოძმე კლა შენი.
იქვე სადაც შენ იხილე ბერი,
ბერი ჯვრისა და სიმართლის მცველი,
მოგიკლეს შვილი,
მოგგლიჯეს ძირი,
შავი ტყვიებით გიკერეს პირი!
სიცხე, სიკვდილი,
ფერია მუქი.
არ შეგეშინდეს,
აანთე შუქი!
ლოდები ცხელი და სისხლით სველი,
უზარმაზარი, ხასხასა ველი...
აქ ბატონობდნენ პაპანი შენი,
აქ ჩაგისაფრდა მაქცია, გველი!
ჟღარუნი ზარის,
მიდიხარ ნელა,
კაშკაშებს მზე
თუმც მაინც ბნელა.
შეძახილებით წინ დადგი ფეხი,
მაგრამ თეთრ ცაზე გამოჩნდა მეხი!
სიცხე,
ყიჟინა,
ტყვიები ცხელი...
ცოტაც დარჩა და მთავრდება ველი!
სისხლისგან ლოდთან იცლება მზირი,
ჩვენი სიწმინდის, ბორჯღალის გმირი!
სულით რაინდი, მღერი რეროსი,
შვილი და ცრემლი საქართველოსი!
აღსდექით ისევ!
აიდგით ფეხი!
მტერს დაატეხეთ თავზედა მეხი!
აგვისტო ცხელი,
ტყვიები მწველი,
მიდით გმირებო
გაწმინდეთ ველი!
ჩვენი დიდების წამს მე  კვლავ ველი
გავწმინდოთ ველი!
გავწმინდოთ ველი!