Tuesday, August 14, 2012

პანიკა - ნომერ პირველი მტერი!

მაშინ, როცა ქვეყანა ომის ზღვარზეა და ოკუპირებულ ტერიტორიებაზე დისლოცირებული მტერი კბილებს თბილისზე ილესავს ჩვენი პირველი მტერი არც მეტი, არც ნაკლები მისი აღმატებულება პანიკაა. 
პანიკა - panikos- ბერძნული სიტყვაა და ითარგმნება როგორც უეცარი შიში, ძრწოლა, თავზარი, რომელიც შეიპყრობს ადამიანთა ჯგუფს, ხალხს (ან ცალკეულ ადამიანს) ასეთი შიშით გამოწვეული საერთო მღელვარება და არეულობა. მსოფლიო ომების ისტორიაში სამხედრო ტრიბუნალი უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანებს, ან ადამიანთა ჯგუფს ასამართლებდა, რომლებიც საბოტაჟის საშუალებით, ნებისმიერი ხერხით საომარი მოქმედებების დროს მოსახლეობაში პანიკის დათესვას ცდილობდა. სამწუხაროდ ამ მეთოდით მოსახლეობის და შეიარაღებული ძალების დემორალიზებას ჩვენს დროშიც ცდილობენ, რის უკანაც არცთუისე ფარულად მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურები დგას... 
ის, რომ პანიკა საუკეთესო იარაღია შეტევამდე რუსეთის ფედერალური სამსახურის კაბინეტებში მოკალათებულ მაღალჩინოსნებს ალბათ კარგად აქვთ  შესისხლხორცებული. ამიტომაც ისინი ყოველთვის ეძებდნენ და ახლაც ეძებენ ჩვენს ქვეყანაში მყარ პლაცდარმას, რომლის საშუალებითაც მოსახლეობის "სულიერ დაცემაზე" იზრუნებენ. 
ჯერ კიდევ 4 წლის წინ, როცა რუსული ავიაცია ქართულ ქალაქებს ბომბავდა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კი საქართველოს სანაპიროებისკენ დაიძრა ეს მეთოდი მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა. 12 აგვისტოს, მაშინ როცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა, კონკრეტული სუბიექტები  ბათუმის ქუჩებში დადიოდა და მოსახლეობას შოკისმომგვრელ ინფრომაციას აწოდებდა. 12 აგვისტოს, საღამოს ქალაქში ხმა დაირხა, რომ რუსული სადესანტო ხომალდი ბათუმის აკვატორიას უახლოვდებოდა. ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, თუმცა ამან ხალხში საყოველთაო მღელვარება მაინც გამოიწვია. რამდენიმე წუთში კი ქალაქში ხმა დაირხა, თითქოს რუსული სპეცდანიშნულების რაზმი  პორტის ტერიტორიაზე შევიდა, მანამდე კი ტერიტორია თანამშრომლებმა დატოვეს. ინფორმაცია, რომელიც მაშინ გულგახეთქილი მოხუცისგან გავიგეთ რამდენიმე წუთში გადავამოწმეთ - სიცრუის თეორიამ კარგად იმუშავა, ხალხზე ამ ინფორმაციამ საზარლად იმოქმედა. ის რომ ვიღაც არამზადები ქალაქის დაპანიკებას გეგმავდნენ რამდენიმე წუთში პოლიციას გადაეცა, იმედია მაშინ სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ ადამიანთა დაკავება. თუმცა ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა...
დღეს, როცა საქართველოში გახურებული წინასაარჩევნო კამპანიაა, კონკრეტული ძალები ისევ ცდილობენ მოსახლეობის დაპანიკებას. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა იერუსალიმში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი ბერის ხილვის შესახებ სენსაციური ინფორმაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოში სისხლიან ომს წინასწარმეტყველებს. გთავაზობთ ციტატას სტატიიდან: 
"იბომბებოდა გარეუბნები, თბილისელებს მეტის ატანა აღარ შეეძლოთ მანქანების კილომეტრიანი რიგები გარბოდნენ აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით, იყო გაქცეულთა დევნა და რბევა და დაყაჩაღება და ამ სისაძაგლესაც ადგილობრივი ქართველები სჩადიოდნენ.რიკოთის გადასვლა ისევე გაუსაძლისი იყო როგორც ადრე კოდორის. "
 თუმცა ბერი არსენი თავის ხილვას პოზიტიურად ასრულებს, რუსებს კი სისხლისმსმელ დამპყრობლებს უწოდებს და მრევლს დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. რამდენად შესაძლებელია ახდეს წმინდა მამის წინასწარმეტყველება თავად განსაჯეთ, ფაქტი კი ერთია, მტერი თბილისიდან 40 კილომეტრში დგას, რუსეთის ლიდერი კი არც მალავს, რომ 2008 წელს მისი მიზანი სწორედ საქართველოს დედაქალაქის აღება იყო. 
 ახლა, როდესაც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები არჩევნებისთვის ემზადებიან, ქვეყანაში ისევ გამოჩნდნენ ინდივიდები, რომლებიც მოსახლეობას ახსენებენ, რომ სწორედ რუსული არმიის, იმ ქვეითების დახმარებით აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, რომლებიც 2008 წელს ქართული არმიის წინააღმდეგ ყველა მეთოდით იბრძოდნენ... გემახსოვრებათ არცთუ ისე დიდი ხნის წინ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ნინო ბურჯანაძე და მისი შვილი ქართული არმიის უუნარობაზე საუბრობდნენ, მეტიც, ანზორ ბურჯანაძე ქართულ ჯარს "მთხლეს" უწოდებს...(!) დედაშვილის ვარაუდით იმ შემთხვევაში კი თუ არმია მათ წინააღმდეგობას გაუწევდა, მათ გრუს (რუსეთის სამხედრო დაზვერვა) სპეცდანიშნულების ასეულის დახმარების იმედი ჰქონდათ....
ახლა, როცა ომის დაწყების რეალური საშიშროებაა, მტერი კი ყველა საუკეთესო იარაღს, საჰაერო აპარატს და მძიმე ტექნიკას სამხრეთის სამხედრო ოლქში აგზავნის, ოკუპირებულ ტერიტორიას კი მოდერნიზებული ნაწილებით და ტექნიკით ავსებს, თუნდაც მცირეოდენი მცდელობა მოსახლეობაში პანიკის დათესვისა უნდა იქნეს აღქმული როგორც სახელმწიფო დანაშაული... იმედს ვიტოვებ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს მოქალაქეებს შიშისკენ მიაქანებს შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად მიხედავენ, მე კი ჩემი მხრივ მოგიწოდებთ მეგობრებო, ნუ გეშინიათ შიშის! 

No comments:

Post a Comment