26 ივლისს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ჯარისკაცი, გივი მამუკას ძე ფანცულაია ხანგრძლივი კომატოზური პერიოდის შემდეგ დაიღუპა... ის იყო მეჩვიდმეტე სამხედრო მოსამსახურე, რომელიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის
სამშვიდობო ოპერაციაში დაკარგა.

კაპრალი ფანცულაია 1984 წლის 29 აგვისტოს, სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში დაიბადა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, მან საქმის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გადაწყვიტა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში ჩაირიცხა.
28 წლის კაპრალი სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში ორჯერ იმყოფებოდა. პირველი მისიიდან ჩამოსვლის შემდეგ თანამებრძოლებთან ერთად უკან დაბრუნება გადაწყვიტა და დაბრუნდა კიდეც. ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შუკვანზეა" დისლოცირებული. ბაზას სახელი ამავე ბატალიონის "ბრავო" ასეულის მეთაურის, მუხრან შუკვანის პატივსაცემად ქვია, რომელიც 2010 წლის 5 სექტემბერს, თალიბი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელიც ავღანეთის მიწაზე გმირულად დაეცა.
.jpg)
მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო დაჭრილი საქართველოში გადმოეყვანათ. გივი ფანცულაია სპეციალური რეისით სამ მარტს საქართველოში ჩამოიყვანეს. მას კვალიფიციური ექიმები რამდენიმე თვის განმავლობაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ. მედიკოსებმა ყველა ღონე იხმარეს იმისთვის რომ დაჭრილი კაპრალისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ, თუმცა მათი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი კაპრალი ფანცულაია, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 26 ივლისს გარდაიცვალა...
მოგვიანებით დაღუპულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. განცხადება მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა. სპეციალური განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც განმარტებული იყო, რომ დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.
კაპრალი ფანცულაია რიგით მეჩვიდმეტე სამხედროა, რომელიც ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალების დროს დაიღუპა. ქუთაისში დისლოცირებული III ქვეითი ბრიგადისთვის ეს პირველი დანაკარგი არ არის. ამავე ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ავღანეთში ყველაზე მეტი მებრძოლი დაკარგა.
ვუსამძიმრებთ დაღუპული კაპრალის ოჯახის წევრებსა, ახლობლებს და თანამებრძოლებს. იმედს ვიტოვებთ, რომ კაპრალი გივი ფანცულაია უკანასკნელი ჯარისკაცი იქნება, რომელიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში დაკარგა...
No comments:
Post a Comment