რამდენიმე დღის წინ, მაშინ, როცა ლამის მთელი საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯარს და სპეცდანიშნულების რაზმებს ლანძღავდა და თან არც იცოდნენ რატომ, მე და ჩემი მეგობარი, ჟურნალისტი ლევან ბიბილაშვილი ჩვენთვის დღემდე აქტუალურ 2008 წლის აგვისტოს ომს განვიხილავდით. ოლი (ასე ვეძახით ლევანს მეგობრები) გულნატკენი იყო, გულნატკენი იყო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის გაუნათლებლობით, გულნატკენი იმ შედეგებით რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარმა ფაქტმა მოუტანა ზოგადად შეიარაღებულ ძალებს. რატომ დაატყდა სადისტი "მეცოცხეების"რისხვა პოლიციას და ჯარს არავინ იცის, ამ ქვეყანაში ასე ფიქრობენ, სპეცრაზმელია? რა აზრი აქვს რომელი უწყების?! ზონდერია და მორჩა! მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა უწყებებს ერთმანეთისგან არჩევენ და შესაბამის პატივს სცემენ ხალხს, რომელთა საქმეზეც პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობა და ჩვენი მოქალაქეების (მათ შორის იმ ნაწილის ვინ ამ ხალხს ლანძღავს!) მშვიდი ძილი.

მარტო ჩემზე ნუ ილოცებ, ღმერთმა შეიძლება გისმინოს და ჩემი მოსახვედრი ტყვია სხვას მოხვდეს
"ჟურნალისტისთვის ბლოგზე წერა ბევრად უფრო იოლია. შეგიძლია ემოციები მიუშვა, მაგრამ ცარიელი ემოციებიც არ ვარგა. მოსაყოლი რამე უნდა გქონდეს. ჰოდა დაგროვდა მოსაყოლი და მონიტორს მივუჯექი...
ისეთი კაცები, ვიზეც მოყოლა გვინდა საქართველოში ბევრნი არ არან. პაატა სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერია. მისთვის და მისი მეგობრებისთვის ომზე ლაპარაკი იოლი არ არის, რადგან შეეჩვივნენ უთქმელად საქმის კეთებას. რაც უნდა მიჩვეული იყო ამ სიჩუმეს, არსებობს სიტუაცია, როცა ადამიანი გაუცნობიერებლად იხსნება. სწორედ ერთ–ერთი ასეთი უძილო ღამე იყო, როცა ის ალაპარაკდა. ჯერ ჩვეული, დინჯი ტონით, მოკლედ მოჰყვა ოთხი წლის წინანდელი ამბები. შეგრძნებებზე ჩავეკითხე, პაატა, ხომ იცოდი, სადაც მიდიოდი–თქო. მხოლოდ ერთ გზაზე ვფიქრობდი, ომში მიმავალზეო. იქ ბიჭების სიცოცხლე მებარა და სხვა რამე თავში არ ეტეოდაო. ისიც კი, სახლში მის დაბრუნებას დედ–მამა, და–ძმა და საცოლე რომ ელოდნენ. ბიჭები... აი, ყველაფერი რაც გონებაში ირეოდა. ერთადერთი რამე დაუბარა დედას, მარტო ჩემზე ნუ ილოცებ, ღმერთმა შეიძლება გისმინოს და ჩემი მოსახვედრი ტყვია სხვას მოხვდესო.
ომში მომავალი გზა შიშით გაიარა. უკან უდანაკარგოდ დააბრუნა ყველა, მაგრამ ზუსტად ამის მერე ვერ მოერია ემოციებს, რადგან უფრო მეტზე ოცნებობდა, ვიდრე მიაღწია. მისი და მისი თანამებრძოლების თავგანწირვა წაგებულმა ომმა თითქოს დიდ ჩრდილში მოაქცია.
ეს ისტორია შეიძლება ბევრმა მიიჩნიოს თავისად, რადგან მსგავს ფიქრებს ალბათ ბევრი ვერ გადაურჩა ჯერ ომამდე და დასრულების მერეც. მე, ქართველი, არაჯარისკაცი გეუბნებით, თქვენ აღარასოდეს დარჩებით მარტოები საქართველოსთვის მომავალ ომებში.
ბიჭებო, მადლობა ყველაფრისთვის, მარტო თავგანწირვისთვის არა, ფიქრებისთვისაც. "
პ.ს. და კიდევ, ჩემო ღრმადპატივცემულო საზოგადოებავ, ტალახი იმან ისროლოს ვინც სუფთაა! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენსავე გულებში ჩაიხედეთ და გახსოვდეთ, რომ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და თქვენი შვილების მშვიდი ძილისთვის, ქვეყნის საზღვარს ამ წუთებშიც იცავენ ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლი და ხორცი!
გიორგი წეროძე
No comments:
Post a Comment