Thursday, March 1, 2012

იცოდა თუარა რუსეთმა ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მართვის კოდები?!

ინფორმაცია რომელიც სკანდალური ინტერნეტპორტალის, "ვიკილიქსის" საშუალებით გავრცელდა შესაძლოა მორიგი დიპლომატიური სკანდალის საფუძველი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის ომის დაწყებამდე რუსულმა მხარემ ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მართვის კოდები იცოდა. საიტისვე ცნობით ინფორმაცია რუსეთის გენშტაბმა არათუ სადაზვერვო მონაცემებით, არამედ არც მეტი არც ნაკლები თავად უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანიის, "Elbit Systems"-ისგან მიიღო. თუმცა აქ საქმე ცალმხრივ თანამშრომლობასთან არ გვქონია, ჩვენი უპილოტოების მართვის კოდების სანაცვლოდ, რუსეთმა ისრაელს ტაქტიკური ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის Тор-М1 მართვის სისტემის გატეხვის კოდები გადასცა. "ვიკილიქსის" ინფორმაციით ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მხარემ მექსიკელი აგენტის, ყოფილი პოლიციელისა და სამხედრო ანალიტიკოსის "Latam"-ისგან გაიგო. ინფორმაციის სანდობაა 1 დონით ფასდება და მასში ნათქვამია, რომ  "ქართველები გამალებით ინტენსიურად ეძებენ  ებრაული უპილოტო თვითმფრინავების შემცველებს".


საიდუმლო შეთანხმების სავარაუდო თარიღი 2008 წლის გაზაფხულია, სწორედ ამ პერიოდში იქნა ჩამოგდებული ოკუპირებული აფხაზეთის თავზე, საქართველოს საჰაერო სივრცეში ზედიზედ სამი უპილოტო საფრენი აპარატი. ერთ-ერთი მათგანი, "ჰერმეს 450"    გუდაუთაში ბაზირებულმა რუსულმა გამანადგურებელმა Mig-29-მ  "ჰაერი-ჰაერი" კლასის
სითბური დამიზნების რაკეთით ამავე წლის აპრილში ჩამოაგდო. აპარატის განადგურების შემდეგ რუსული თვითმფრინავი ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით გაფრინდა. 


         ("მიგ-29"-ის მიერ ქართული უპილოტოს ჩამოგდების ამსახველი ვიდეომასალა)



დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო თავადვე იწყებს უპილოტო თვითმფრინავების წარმოებას, რომლებიც სავარაუდოდ კომპანია Elbit Systems"-ის წარმოების Hermes და  Skylark ებრაულ უპილოტოებს ჩაანაცვლებს. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი თარგამაძის ცნობით, (რომელიც ამავე დროს საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური პროგრამების განხორციელებისა და საიდუმლო პროექტებზე საბიუჯეტო თანხების კონტროლის განმხორციელებელ "ნდობის ჯგუფს" ხელმძღვანელობს) 35 მილიონი დოლარის ღირებულების აღნიშნული ტექნიკა ისრაელს უბრუნდება. „35 მილიონი დოლარის მოწოდებული პროდუქციის უკან დაბრუნებაზეა საუბარი და ეს არის უპილოტი თვითმფრინავები. საქმე აქ არა თუ ტრაგიკულად, პირიქით სასიხარულოდაც არის. საქმე ის გახლავთ, რომ ქართულმა მხარემ თავად დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების წარმოება. აქედან გამომდინარე, შეძენილი უპილოტოების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს და ჩვენ მშვიდად შეგვიძლია ეს ტექნიკა უკან დავაბრუნოთ და ჩავაქროთ ეს კონფლიქტი“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

"ვიკილიქსის" მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას უტყუარს ნამდვილავ ვერ ვუწოდებთ, თუმცა თუ პარტნიორი ისრაელის მიერ რუსულ მხარეზე უპილოტო საფრენი აპარატების მართვის კოდიების გადაცემის ფაქტი დადასტურდება, ეს ნამდვილად უარყოფითად აისახება ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, რაც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს ცნობილ ფრაზას - "არ არსებობს მეგობრობა სახელმწიფოებს შორის, არსებობს უბრალოდ საერთო ინტერესები" 


No comments:

Post a Comment