Tuesday, February 21, 2012

მორიგი დანაკარგი ჰელმანდში

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტიდან ორი დღის ჩემდეგ რეგიონში დისლოცირებულმა ქართულმა ქვედანაყოფმა მორიგი დანაკარგი განიცადა.  სამშვიდობო მისიის შესრულებისას მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამი ჯარისკაცი, კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა დაიღუპნენ. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცები საბრძოლო ამოცანის შესარულებისას, ჯავშანმანქანის აფეთქების შედეგად, თალიბებთან შეტაკების დროს დაიღუპნენ. 
დღესვე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. - „ავღანეთიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა ჩვენი ბიჭების დაღუპვის შესახებ. ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინათ ვიყავი მათთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს. ჩვენი ბიჭები ავღანეთში რისკის სრული გაცნობიერებით მიდიან და თავი ამაყად და ღირსეულად უჭირავთ, რადგან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უწევთ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.
სწორედ მათთან შეხვედრისას ვამბობდი, რომ მათ თავგანწირვას აფასებს ქართველთა დღევანდელი თაობა და განსაკუთრებულად დააფასებს მომავალი თაობები, რადგან ისინი იცხოვრებენ გაერთიანებულ, ბევრად უფრო ძლიერ, ბევრად უფრო წელში გამართულ, წარმატებულ ქვეყანაში. ეს თქვენი - ჩვენი მებრძოლების, იმ ბიჭების დამსახურება იქნება, რომლებმაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის დაღვარეს სისხლი. თითოეული იქ მყოფი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იღებს იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია.   
კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ბიჭები ჰყავდა, დღესაც ჰყავს და ყოველთვის ეყოლება“.  - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 
შეგახსენებთ რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებოდა, სადაც  ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე 31-ე ბატალიონის წევრებს შეხვდა. 
მიხეილ სააკაშვილმა ბაზა "შუკვანი" დაათვალიერა და ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა ჯარისკაცები; ვიცე-პოლკოვნიკი ფრიდონ ელბაქიძე, კაპიტანი პაატა ნაკანი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი ფილია, უფროსი ლეიტენანტი ბექა კელენჯერიძე და კაპრალი გიორგი ლომიძე განსაკუთრებული მამაცობისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით "სამშობლოსთვის თავდადებული" -პირადად დააჯილდოვა.     

საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ქვეითი ბატალიონი ISAF-ის სამშვიდობო მისიაში 2009 წლიდანაა ჩართული. მშვიდობისა და უსაფრთხოების ოპერაციაში ამ დრომდე ყველაზე მეტი ჯარისკაცი სწორედ 31-ე ბატალიონმა დაკარგა. 

No comments:

Post a Comment