Friday, January 27, 2012

ქართული სულით "ცაჰალში"

 ისრაელის თავდაცვის არმია ("ცაჰალი") დღემდე სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე სამხედრო მანქანად. მის ერთ-ერთ დამფუძნებლად  კი ქვეყნის პირველი პრემიერ მინისტრი, დავიდ ბენ-გურიონი ითვლება. ბენ-გურიონი სამხედრო საქმით ახალგაზრდობიდანვე იყო დაინტერესებული. 1906 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის  პალესტინაში ჩავიდა და ებრაელთა თავდაცვის ორგანიზაცია "ჰაშომერის" დაარსებაში მონაწილეობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს კი ებრაული ლეგიონის ფორმირება და პალესტინის გათავისუფლებისთვის ბრძოლა ითავა. ამიტომაც ლოგიკური იყო, რომ როდესაც 1948 წელს ისრაელი როგორც სახელმწიფო შედგა, მისმა პრემიერმა მთავარი აქცენტი ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებაზე გააკეთა.

ამის შემდეგ კი "ცაჰალის" აღზევება დაიწყო. ისრაელმა 1948 წლიდან დღემდე არაერთი ომი გამოიარა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა  კი სწორედ ებრაელთა სახელმწიფოს გამარჯვებით და ისრაელის ტერიტორიის გაფართოვებით დასრულდა. ისრაელის თავდაცვის არმიაში დღემდე სამწლიანი სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოქმედებს. ქვეყნის რეგულარული არმიის რიგებში სავალდებულო სამსახურის გავლა თითოეული ებრაელის ვალია, რომელიც სამხედრო საქმისთვის ვარგისია.




 "ცაჰალში" ე.წ. "ალიას" შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ებრაელებიცმოქალაქეები მსახურობენ, მათ შორის არიან  ქართველი  ებრაელებიც. დღეს სწორედ ერთ-ერთ მათგანზე უნდა მოგითხროთ. ჩვენი სტატიის მთავარი გმირი 21 წლის დავით ბააზოვია, რომელიც საქართველოში, ბათუმში დაიბადა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური სულ რაღაც 2 თვის წინ დაასრულა და საქართველოში მეგობრებისა და ახლობლების სანახავად დაბრუნება გადაწყვიტა. რიგი მიზეზების გამო ჩვენმა რესპოდენტმა არც თავისი ქვედანაყოფის ზუსტი სახელწოდება დაასახელა და არც კონკრეტული სპეცოპერაციების დეტალები გაგვიმხილა, თუმცა ინტერვიუზე უარი მაინც არ გვითხრა;
დავით ბააზოვი - "დავიბადე ბათუმში 1990 წელს, 2 წლის ასაკში ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. პრაქტიკულად  ისრაელში გავიზარდე, მე8-ე კლასამდე იქ ვცხოვრობდით. ამის შემდეგ კვლავ უკან, საქართველოში დავბრუნდით. მოვინათლე მართლმადიდებლურად, ვსწავლობდი ბათუმის სასულიერო გიმნაზიაში."


17 წლის ასაკში მას ისრაელში მოუწია დაბრუნება, მიზეზი კი სამხედრო-სავალდებულო სამსახური იყო.

-რამდენად საამაყოა შენთვის რომ ემსახურებოდი საკუთარ ქვეყანას და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს?

"ჩემთვის ძაან რთულია არჩევანი გავაკეთო საქართველოსა და ისრაელს შორის. მე აქაც გავიზარდე და იქაც, ნახევარი ცხოვრება საქართველოში მაქვს გატარებული, ნახევარი ისრაელში. ისრაელი მიყვარს იმიტომ რომ იქ უდიდესი გამოცდილება მივიღე, ვიმსახურე იქაურ ჯარში და შესაბამისად მიყვარს ეს ქვეყანა, თუმცა გული საქართველოსკენ მომიწევს, ისრაელში ყოფნის დროს საქართველო ძალიან მენატრება. თუმცა მე ნამდვილად ვამაყობ იმით რომ ვმსახურობდი ისრაელის თავდაცვის არმიაში."

- რამდენად რთულია "ცაჰალში" სამხედრო სამსახური ?

"მე ვირიცხებოდი ისრაელის არმიის ერთ-ერთ ქვეით ბატალიონში, თავიდან ძალიან გამიჭირდა. საქართველოში ვარ გაზრდილი, შესაბამისად მენტალური განსხვავება იყო ჩემსა და დანარჩენ სამხედროებს შორის, თუმცა მალევე დავამყარე მათთან კარგი ურთიერთობა. ჯარში ყოფნის პირველი წელი საკმაოდ რთული იყო, თუმცა მომდევნო ორი წელი მშვენივრად ვგრძნობდი იქ თავს."

რამდენად რთულია ებრაელი ჯარისკაცის ფიზიკური დატვთვა, როგორ მოახერხე იარაღთან შეგუება და რა იარაღს იყენებდი პირადად შენ?

"ვიყენებდი ამერიკულ ავტომატურ-შაშხანას მ4-ს. შეიძლება ითქვას რომ პირველი გასროლა არის საკმაოდ რთული და საშიში. შემდეგ, როცა დღეში რამდენიმე ასეულ ტყვიას ისვრი უფრო უახლოვდები შენს იარაღს. ეს არის წვრთნა, ეს არის ვარჯიში და შენ ვალდებული ხარ კარგად იცნობდე შენს იარაღს, ის ხდება შენი ცხოვრების  ნაწილი. ბაზიდან გასვლამდე,  ყოველი ოპერაციის წინ,  ერთი მჭიდი მაინც უნდა ისროლო. როცა ამას სამი წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებ იარაღი შენი უახლოესი მეგობარი ხდება და თავადვე ქმნი სროლის საკუთარ სტილს."

რა ტიპის ოპერაციების ჩატარება უხდებოდა შენს ქვედანაყოფს?

"ჩვენს ქვედანაყოფს ძირითადად ეჭვმიტანილების დაკავება და კონკრეტულ პუნქტებამდე გადაყვანა, ასევე საზღვრისპირა რაიონების კონტროლი ევალებოდა. სამწუხაროდ კონკრეტული ოპერაციების შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით რადგან ეს სამხედრო საიდუმლოა. დაძაბულობა ყოველთვისაა, ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. წინასწარ იცი შენი საქმე, ის რასაც აკეთებ. რაც არ უნდა გააკეთო, იცი რომ ეს მართალი საქმეა, მაშინაც კი თუ ეს არაა მართალი. როცა ჯარში სამსახურს ასრულებ მერე უფრო მეტი-დრო გრჩება მტყუანისა და მართალის გასარჩევად, მაგრამ როცა იქ ხარ ამაზე არ ფიქრობ.  არმიაში ყოფნისას ერთი სული გაქვს როდის მორჩები სავალდებულო სამსახურს, თუმცა რომ ამთავრებ ამ ყველაფერს შემდეგ ხანდახან გენატრება კიდეც იქაურობა, გენატრება მეგობრები და ის მძაფრი შეგრძნებები რომელიც იქ გამოიარე. იხსენებ კონკრეტულ ოპერაციებს და რაც არუნდა საშინლად ჟღერდეს ყველაზე მეტად შენი იარაღი გენატრება... რამდენიმე თვეა მოვრჩი სავალდებულო სამსახური და ერთი სული მაქვს როდის მომიწევს რეზერვი, იმიტომ რომ უკვე მენატრება ჯარისკაცის ცხოვრება. ისრაელის თითოეულ მოქალაქეს სარეზერვო შეკრება წელიწადში 30 დღით უტარდება."

-რამდენადაც ვიცი ისრაელის მოქალაქეს იმ შემთხვევაში თუ სხვა ქვეყანაში ცხოვრობს აქვს უფლება თავი აარიდოს სარეზერვო შეკრებას. თუ უახლოეს პერიოდში იქნება ომი რომელიმე ქვეყანასთან მზად ხარ ჩაეწერო კვლავ "ცაჰალის" რიგებში და დაიცვა საკუთარი ქვეყანა? 

"სიმართლე გითხრათ პატრიოტიზმზე მეტად ჯარში ჩემი მეგობრების სიყვარული დამაბრუნებს. პირველ რიგში დავბრუნდები იმიტომ რომ ომის შემთხვევაში ჩემი ბიჭების გვერდით ვიყო, დავიცვა საკუთარი ახლობლები და საკუთარი ოჯახი. ასერომ თუ საჭირო ვიქნები აუცილებლად დავბრუნდები, მე იქაურობას ვეკუთვნი." 

No comments:

Post a Comment